Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესის მიმოხილვა


4 აგვისტოს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ალექსანდრ სოლჟენიცინი - ერთ-ერთი უდიდესი რუსი მწერალი და საზოგადო მოღვაწე,

რომელმაც, ერთი მხრივ, ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მამაცურად ბრძოლას შეალია, მეორე მხრივ კი, თავისუფალი არ იყო რუსული იმპერიული იდეებისგან.

ამ არაერთგვაროვანი პიროვნების სიკვდილს დიდი რეზონანსი მოჰყვა მთელ მსოფლიოში. ფართოდ გამოეხმაურა მას პრესაც.


სოლჟენიცინის თემას თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი გამოცემა გამოეხმაურა. მიუხედავად ამისა სამივე სტატია, რომელსაც გაგაცნობთ ერთი გაზეთიდან, "ვაშინგტონ პოსტიდან" შევარჩიეთ, ვინაიდან ისინი სხვაზე უფრო გამორჩეული გვეჩვენება.

სამივე სტატიაში დიდი ადგილი ეთმობა სოლჟენიცინის ცხოვრების წიგნის, "არქიპელაგ გულაგის" თემას. "ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო სტატიის თანახმად, ამ წიგნმა იმდენად აშკარად ცხადყო საბჭოთა რეჟიმის კოროზია, რომ, შეიძლება ითქვას, ეს ნაწარმოები იყო პირველი დათესილი მარცვალი, რომელიც საბჭოთა კავშირის საბოლოო დაშლით დასრულდა.

"ბატონ სოლჟენიცინს ესმოდა, რომ პირდაპირი კონფრონტაცია - ქუჩის დემონსტრაციები და გაფიცლები - შეუძლებელი იყო. მაგრამ მან ასევე იცოდა, რომ საბჭოთა კოლოსი უკიდურესად მოწყვლადი იყო და მისი დამხობა შეეძლოთ შეუპოვარ ადამიანებს, რომლებსაც სიმართლის თქმა სურდათ მათი მორალურად გაკოტრებული სისტემისა და სასტიკი ისტორიის შესახებ."

ამის ნათელსაყოფად სტატიაში მოყვანილია თავად სოლჟენიცინის სიტყვები: "ჩვენი განთავისუფლების უმარტივესი და ყველაზე იოლად ხელმისაწვდომი გასაღები ეს არის - პირადი უარი ტყუილში მონაწილეობაზე."

"ის წერდა, რომ ტირანიაში ჭეშმარიტი მწერალი მეორე ხელისუფლებასავით არის. შესაბამისად პოლიტბიურო მას საჯარო შეურაცხყოფად აღიქვამდა. რადგან საბჭოთა სისტემამ ვერ მოახერხა სოლჟენიცინის გადაყლაპვა, მან ის გადმოაფურთხა," დაასკვნის "ვაშინგტონ პოსტის" სარედაქციო სტატია.

"გულაგზე უფრო ძლიერი" - ასე ეწოდება იმავე "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ ენ ეპლბაუმის სტატიას.

მასში, ისევე, როგორც ამ დღეებში სოლჟენიცინზე გამოქვეყნებულ უმეტეს პუბლიკაციაში საგანგებო ადგილი ეთმობა სოლჟენიცინის ეპოქალურ ნაშრომს - "არქიპელაგ გულაგს".

"...ეს ნაწილობრივ პოლემიკური, ნაწილობრივ ავტობიუგრაფიული, ემოციური და ამავე დროს მორალისტური წიგნი მიზნად ისახავდა იმის ჩვენებას, რომ, გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, მასობრივი დაპატიმრებები და საკონცენტრაციო ბანაკები შემთხვევითი მოვლენა კი არ იყო, არამედ საბჭოთა სისტემის ძირეული ნაწილი იყო და ასე იყო სულ დასაწყისიდანვე."

გარდაცვლილზე ან კარგს ან არაფერს ამბობენ, მაგრამ ეპლბაუმიც არ არიდებს თავს ერთი შეხედვით უხერხულ თემას - სოლჟენიცინის ველიკორუსულ მიდრეკილებებს და ლიბერალური ღირებულებების მიუღებლობას. მიუხედავად ამისა, სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ეს არ იყო მთავარი სოლჟენიცინის ფიგურაში.

"სოლჟენიცინი საბოლოოდ მაინც მწერალი იყო: ადამიანი, რომელიც აგროვებდა და არჩევდა ფაქტებს, ამოწმებდა მათ საკუთარი გამოცდილების მიხედვით, ქვეთავებად და თავებად ახარისხებდა მათ. მისი პიროვნება კი არა, არამედ მისი ენა აიძულებდა ადამიანებს, უფრო ღრმად დაფიქრებულიყვნენ მათი ღირებულებების, აზრების, საზოგადოების შესახებ. ისტორიაზე გავლენას ახდენდა არა მისი სატელევიზიო გამოსვლები, არამედ მისი სიტყვები."

"მისია რუსეთისთვის" - ასე ეწოდება კარნეგის მოსკოვის ცენტრის ანალიტიკოსის, მაშა ლიპმანის სტატას, რომელიც სამშაბათის"ვაშინგტონ პოსტშია გამოქვეყნებული.

"სოლჟენიცინის ცხოვრება და შემოქმედება იყო უკომპრომისო ომი კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ. სიმამაცე და თავგანწირვა, რომლითაც ის პირველ ქრისტიანებს მოგვაგონებს, მას მორალურ უპირატესობას ანიჭებდა თავისი კომუნისტი მოწინააღმდეგეების მიმართ. მან დაამარცხა ბრეჟნევის პოლიტბიურო და ნაცვლად იმისა, რომ მოეკლათ ან ციხეში ჩაესვათ, ის ქვეყნიდან გააძევეს."

სოლჟენიცინის წინააღმდგეობრივი საზოგადოებრივი როლის უკეთ წარმოსაჩენად ლიპმანი მას ადარებს მეორე დიდ რუს ფიგურას, ანდრეი სახაროვს, რომელიც ერთადერთი იყო, ვისაც შეეძლო დიდი მწერლისთვის ოპონენტობის გაწევა.

"ორივე კომუნიზმისგან რუსეთის განთავისუფლებისთვის იბრძოდა და ორივე ლამის არაადამიანურად მამაცი იყო რეჟიმთან დაპირისპირებაში. მაგრამ მედასავლეთე სახაროვი გამოსავალს ხედავდა დაახლოებაში დასავლეთთან, რომელიც მას თავისუფლებისა და სამართლიანობის სამყაროდ მიაჩნდა. ნაციონალისტი სოლჟენიცინი კი რუსეთის გადარჩენას მის ისტორიაში, მის კულტურულ და რელიგიურ ძირებში ეძებდა."

პრესის მიმოხილვას დავასრულებთ ენ ეპლბაუმის სიტყვებით ზემოთ ნახსენები სტატიიდან:

"მისი ნაწერები მდუმარედ იკითხებოდა და განისჯებოდა. და მათში ჩადებული აზრი მკითხველსაც უბიძგებდა ფიქრისკენ. ფაქტობრივად, მისი წიგნები მნიშვნელოვანი იყო არა იმიტომ, რომ ავტორი იყო ცნობილი და სახელმოხვეჭილი, არამედ იმიტომ, რომ მის ნაშრომებში მილიონობით საბჭოთა მოქალაქე ამოიცნობდა საკუთარ თავს: ისინი მის წიგნებს კითხულობდნენ, ვინაიდან უკვე იცოდნენ, რომ მათში სიმართლე ეწერა. "

XS
SM
MD
LG