Accessibility links

logo-print

ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობა თავშესაფრებს ითხოვს


ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლებიდან და ქალაქ გორიდან დევნილთა რეგისტრაცია თბილისის მერიაში მიმდინარეობს.

ხვალიდან რეგისტრაციის პროცესში, გაეროს დევნილთა კომისარიატთან ერთად, საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროც ჩაერთვება. თავის მხრივ, ამ საქმით დაკავებულია სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციაც. არსებული ინფორმაციით, დროებით თავშესაფრებში ამ დროისათვის დაახლოებით 1000 კაცია განთავსებული.

თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი დღეა ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობის ნაკადი არ წყდება. ასობით ადამიანი მერიის ცენტრალურ შესასვლელში განთავსებულ სარეგისტრაციო პუნქტთან მოთმინებით ელის თავის რიგს.

[მოქალაქის ხმა] ”სიები დგება. აგერაა ავტობუსები და მერე უკვე მიჰყავთ. ზოგი მიჰყავთ მარნეულში, ზოგი მიჰყავთ წალკაში, საგარეჯოში. სადაც არის თავისუფალი კორპუსები. ისედაც სტრესული მდგომარეობაა, შოკირებულები ვართ. ეხლა აქ ემოციის ფონები რომ გამოვფინოთ და ისტერიკა დავიმართოთ, არ შეიძლება. ეხლა რასაც გვეტყვიან, ჩვენც ისე მოვიმოქმედებთ. ხეობის ხალხი კიდევ ვინც არის, პირველ რიგში, ის უნდა დააკმაყოფილონ. იმიტომ რომ ისინი არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში.” (სტილი დაცულია)

გვითხრა გორიდან დევნილმა ქალბატონმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ უახლოეს ხანში დაბრუნდება შინ. რაც შეეხებათ ხეობელებს, რომელთა ბედი და უახლოესი პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანია, მათი უდიდესი ნაწილი ჯერჯერობით თავს ნათესავებს აფარებს და ქვეყნის ხელისუფლებისგან სათანადო ყურადღებასა და თანადგომას ელის.

[მოქალაქის ხმა] ”ორსართულიანი ბინა მაქვს აშენებული. ჯერ სრულად არა მაქვს, მართალია, დამთავრებული, მაგრამ თუკი რამე გამაჩნდა პატარა კაპიკები, შევინახე და ჩემს სახლს მოვახმარე, მის მშენებლობას. მაგრამ დღეს ახლა უსახლკაროდ დავრჩი. მე არ ვიცი ეხლა რა მოხდება, ეს ხალხი რას ფიქრობს ჩვენს გაჭირვებულ ხალხზე და ეს მინდა, რომ გაითვალისწინონ.” (სტილი დაცულია)

გვითხრა მოხუცმა, რომელმაც კონფლიქტის ზონიდან გამოსვლა 11 აგვისტოს შეძლო. შესაბამისად, იგი არ ირიცხება იმ არაზუსტ სტატისტიკაში, რომელზეც საქართველოს პარლამენტის წევრი, ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი საუბრობს. ექს-მინისტრის თქმით, ჯერჯერობით ოფიციალურად 2500 კაცია აღრიცხული და მათგან დაახლოებით ათასია დროებით თავშესაფრებში განთავსებული:

[კობა სუბელიანის ხმა]“რეგისტრაცია მიმდინარეობს. სადაც დევნილების მხრიდან ადგილი აქვს ჩვენთან თანამშრომლობას, იქ წესრიგი იდეალურია და ციკლიც კი ავაწყვეთ კვების, განთავსებისა და განსახლებისაც. სადაც თავკერძოობას აქვს ადგილი და ჩვენ აქ არ გვინდა და იქ გვინდა, იქ რთულდება პრობლემები, მაგრამ იქაც ვაგვარებთ, ასე ვთქვათ, ხელის რეჟიმში ვმუშაობთ, მივდივართ, ინდივიდუალურად ვესაუბრებით და ვაგვარებთ. ასეთია მდგომარეობა ამ წუთისათვის.”(სტილი დაცულია)

კობა სუბელიანის განმარტებით, ჩასახლება ხორციელდება, ძირითადად, საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებში. მისი თქმით, დევნილები დედაქალაქში დარჩენას ამჯობინებენ, თუმცა დროებითი საცხოვრებელი ფართით ყველას თბილისში დაკმაყოფილება შეუძლებელია. შეთავაზებების რეგიონალური სპექტრი კი ასე გამოიყურება: მცხეთის რაიონი, ბაზალეთი, ფასანაური, თბილისის, დიდგორის რაიონი, კახეთი და ასე შემდეგ.

[მოქალაქის ხმა] „ჯერ არ გვინახია, რომ დაგვაკმაყოფილოს, ქალბატონო. დილის მერე აქ ვდგევართ და იქამდეც ვერ მივაღწიეთ. მშიერი ბავშვები მიყენია ქუჩაში. ეს, რა ვიცი, მე მგონი, დაკმაყოფილება არ არის.“ (სტილი დაცულია)

თავისი ოჯახის ნაწილი, შვილები და შვილიშვილები, თბილისში, გლდანის ერთ–ერთ დაწესებულებაში, უკვე განათავსა სოფელ მამისაანთუბნის სკოლის დირექტორმა მედეა ტრამაკიძემ.

[მოქალაქის ხმა]“ საქმე ისაა, რომ ჩვენ კარგად დაგვაკმაყოფილა, ჩემი ოჯახის ნაწილი. ნაწილი ვერ შემოვიდა და დღეს შეიძლება რაღაცა ვქნათო, სადღაც დაგაკმაყოფილოთო. ბავშვებს კვება აქვთ მართლა ნორმალური, სისუფთავეა.”(სტილი დაცულია)

სოფელ მამისაანთუბნის დირექტორის მთავარი საზრუნავი, საბინაო მოწყობის გარდა, სკოლის შენობიდან გამოტანილი კომპიუტერული ტექნიკის გადარჩენაა. ტექნიკა გორშია ევაკუირებული, თუმცა ჯერჯერობით გორის რესურსცენტრი, ქალაქში არსებული მდგომარეობის გამო, მის კიდევ უფრო უხიფათო ადგილზე გადატანას ვერ ახერხებს.

თბილისის მერიის წინ შეკრებილ დევნილთა რაოდენობა კი არ მცირდება. მათგან ზოგი ღამეს იქვე ათევს. მათი კვების პროდუქტებით მომარაგებაში, რომელსაც, დევნილთა თქმით, არცთუ კარგად ორგანიზებული ხასიათი აქვს, უკვე მოხალისეებიც ერთვებიან. არის კონფლიქტის ზონიდან დევნილთა თანადგომისა და მხარდაჭერის ღირსეული და მკაფიო შემთხვევებიც.

[მოქალაქის ხმა]“სიღნაღის რაიონში, თუ გინდათ, მობრძანდით. ორი სახლი მაქვს დაკეტილი და გარემონტებული 2 ოთახი მაქვს, ეზოთი. თუ გინდათ, კი ბატონო, იცხოვრეთ.“
XS
SM
MD
LG