Accessibility links

არსებობს თუ არა შეშფოთების რეალური საფუძველი საქართველოს საბანკო სისტემასთან მიმართებით


საომარი ვითარების ფონზე, საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ბანკებიდან საკუთარი დანაზოგის გამოტანას ჩქარობს.

კომერციული ბანკები ირწმუნებიან, რომ მეანაბრეთა ფული საიმედოდ არის დაცული და კლიენტებისთვის აჩქარების აუცილებლობა არ არსებობს. დარგის ექსპერტები ცდილობენ დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ სექტორს - საბანკო სექტორს - საქართველოში არავითარი საფრთხე არ ემუქრება. პანიკის საფუძველი არ არსებობს, უსაფუძვლო პანიკას კი საკმაოდ სავალალო ჯაჭვური რეაქციის გამოწვევა შეუძლია.

დღეს, 11 აგვისტოს, ბანკებში უჩვეულო ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. როგორც ჩანს, მეანაბრეების ერთი ნაწილი თავის დაზღვევას ცდილობს და ჩქარობს დაიბრუნოს საკუთარი დანაზოგი. ბევრი მათგანი ბანკიდან ევროს გამოტანას ცდილობს. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანია ასეთ გაზრდილ მოთხოვნას ევროზე საომარი მდგომარეობის ფონით ხსნის და ამბობს იმასაც, რომ, თუკი მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა, ლართან მიმართებით გარკვეული ცვლილებები იქნება მოსალოდნელი:

(დავით ნარმანიას ხმა) ”რომ რაღაც იყოს, ადამიანების გარკვეულ ნაწილს მაინც ურჩევნია - ვთქვათ, თუ საზღვარგარეთ მოუწევს წასვლა - ჰქონდეს ევროები, რომ უფრო მარტივად მოახდინოს მისი კონვერტაცია... როცა ბანკებს დასჭირდებათ მეტი ევრო, ისინი იძულებული იქნებიან, შეიძინონ ევროები ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე, ანუ გამოიტანონ ლარები გასაყიდად და, ბუნებრივია, რომ ლარი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდება. ” (სტილი დაცულია)

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა სალამაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას საფინანსო სისტემის სტაბილურობის შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს იმისათვის, რომ საერთო ფონის გათვალისწინებით წარმოქმნილი მღელვარება საფინანსო სისტემისთვის დამღუპველ პანიკაში არ გადაიზარდოს:

(ვაჟა სალამაძის ხმა) ”საბანკო სისტემისთვის პანიკა საკმაოდ მძიმეა იმ თვალსაზრისით, რომ საბანკო სისტემა ისე არის აგებული, რომ, თუ, ვთქვათ, მას აკითხავს ძალიან ბევრი მომხმარებელი, ეს პრობლემას უქმნის ბანკს. მაგრამ, მე რამდენადაც ვიცი, ჩვენი ბანკები საკმაოდ მობილიზებულები არიან დღევანდელი მდგომარეობით, აქვთ რეზერვები... და საფუძველი იმისა, რომ რაღაც ისეთი სერიოზული პანიკა იყოს, მე ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ. ყოველ შემთხვევაში, მე პირადად არანაირი პრობლემა არ მქონია. სამი დღეა ვსარგებლობ ბანკომატით და არც ერთ ბანკომატზე პრობლემა არ მქონია.” (სტილი დაცულია)

მეანაბრეების დამშვიდებას ცდილობს საქართველოს ეროვნული ბანკიც. მისი პრეზიდენტი დავით ამაღლობელი ამბობს, რომ ვითარება სტაბილურია და შეშფოთების მიზეზი არ არსებობს: საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი სრულ მზადყოფნაშია მიმართოს დამატებით ზომებს:

(დავით ამაღლობელის ხმა) ”ეროვნულ ბანკს გააჩნია 2 მილიარდ დოლარზე მეტი სავალუტო რეზერვები, საკმარისი რეზერვები იმ შემთხვევისთვის, თუკი რეალურად რაიმე პრობლემა შეიძლება შეიქმნას... ჩვენ დავრთეთ ბანკებს ნება გამოიყენონ სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე არსებული ნაშთები, რომელმაც საკმაოდ დიდი რესურსი გამოათავისუფლა მათთვის და რომელიც საკმარისი იქნება მიმდინარე ვალდებულების მოსამსახურებლად. რაც იქნება საჭირო, ყველაფერი იქნება გაკეთებული ეროვნული ბანკის მხრიდან იმისთვის, რომ ბანკებს საკმარისი ლიკვიდური სახსრები ჰქონდეთ.” (სტილი დაცულია)

ერთადერთი შეზღუდვა, რაც კომერციულ ბანკებს დაუწესდათ, ეს არის ერთკვირიანი შეზღუდვა სასესხო ოპერაციების წარმოებაზე. საომარი ვითარების ფონზე ამგვარი შეზღუდვის დაწესება ექსპერტებს საერთოდ არ უკვირთ, მათ შორის, არც ვაჟა სალამაძეს:

(ვაჟა სალამაძის ხმა) ”ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ საფინანსო სისტემა ფრთხილობს და, გარკვეულწილად, იცავს თავს... ასეთ სიტუაციაში საკრედიტო რისკები იზრდება.” (სტილი დაცულია)

ამასთან, ქვეყანაში შექმნილი ვითარება სესხის აღების მსურველების რიცხვს ბუნებრივად ამცირებს. რაც შეეხება სხვა სახის სერიოზულ პრობლემებს, როგორც რადიო ”თავისუფლების” მიერ ჩატარებული მცირედი გამოკითხვით გავარკვიეთ, ბანკის კლიენტები პრაქტიკულად არაფერს უჩივიან. გამოკითხვა ცხადყოფს, რომ ბანკების მისამართით მეანაბრეების ნდობა არ შერყეულა:

(ხალხის ხმები) ”(ქალი) ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ბანკით... ნამდვილად ვენდობი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მოწესრიგდება. არაჩვეულებრივად მომემსახურნენ.../ (ქალი) როგორ არა, ვენდობი, რატომ არა. არ ქმნის არანაირ პრობლემას.../ (კაცი) რა თქმა უნდა, ვენდობი.../ (კაცი) ვენდობი.../ (ქალი) ვენდობი.” (სტილი დაცულია)

საბანკო სფეროს სპეციალისტები მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებას ურჩევენ, რადგანაც მიაჩნიათ, რომ საფინანსო ბაზარზე სავალალო შედეგები უსაფუძვლო პანიკამაც შეიძლება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში კი თანაბრად ზარალდება როგორც მომხმარებელი, ასევე თავად ბანკი და, შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა.
XS
SM
MD
LG