Accessibility links

ჯორჯ ბუში გმობს რუსეთის მოქმედებას


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მკაცრად მიმართა რუსეთს და მოსთხოვა, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

და სუვერენიტეტს. მისი თქმით, რუსეთმა გადალახა ზღვარი, რითაც ზიანი მიაყენა თავის რეპუტაციას მსოფლიოში.


პეკინის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებიდან ცოტა ხნის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აქამდე ყველაზე უფრო კაცრი ტონით გააფრთხილა რუსეთი, შეცვალოს საქართველოში მოქმედების კურსი და დათანხმდეს საერთაშორისო შუამავლობის გზით კონფლიქტის შეწყვეტას.

[ბუშის ხმა] "რუსეთის მთავრობამ პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტრიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რუსეთის მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი, რომელსაც ის ადგას და დათანხმდეს სამშვიდობო შეთანახმებას, როგორც ამ კონფლიქტის მოგვარების პირველ ნაბიჯს."

თბილისის დროით ორშაბათს ღამით თეთრი სახლის ვარდების ბაღში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, ეროვნული უშიშროების საბჭოში გამართული შეხვედრის შემდეგ, ბუშმა თქვა, რომ მოეპოვება ობიექტური ინფორმაცია იმაზე, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები შესაძლოა თბილისის სამოქალაქო აეროპორტის დაბომბვას გეგმავენ.

ამგვარი ნაბიჯი, თქვა მან, კონფლიქტის დრამატულ და სასტიკ ესკალაციას გამოიწვევდა. ამით რუსეთი უღალატებდა შეერთებული შტატებისთვის მიცემულ დაპირებას, რომ დაინტერესებულია მხოლოდ სამხრეთ ოსეთში 6 აგვისტომდე ვითარების აღდგენით.

ბუშის თქმით, რუსეთმა უკვე გადააბიჯა ზღვარს, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით:

[ბუშის ხმა] "რუსეთი შეიჭრა სუვერენულ მეზობელ ქვეყანაში და ემუქრება ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს. ასეთი მოქმედება დაუშვებელია 21-ე საუკუნეში."

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები რუსეთზე ზეწოლას ახორციელებენ, რათა დაითანხმონ ის საქართველოსთან საზავო შეთანხმების დადებაზე და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში საერთაშორისო საშუამავლო მისიაზე. ბუშის თქმით, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები იყვნენ მოსკოვში, რათა დაეთანხმებინათ რუსეთის ხელისუფლება საზავო შეთანხმებაზე, რომელზეც უკვე მიღებულია საქართველოს თანხმობა. თბილისში იმყოფება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მეთიუ ბრაიზა.

ბუშმა მოუწდა რუსეთს, ერთგული იყოს თავისი სიტყვებისა და იმოქმედოს კრიზისის შესაწყვეტად. მაგრამ ამავე დროს მან თქვა, რომ რუსეთმა უკვე დააზარალა თავისი საერთაშორისო რეპუტაცია.

[ბუშის ხმა] "ამ კვირაში რუსეთის მოქმედებებმა სერიოზული შეკითხვები გააჩინა საქართველოსა და რეგიონში მისი განზრახვების შესახებ. ამ მოქმედებებმა საგრძნობლად დააზარალა მსოფლიოში რუსეთის რეპუტაცია. და ეს მოქმედებები საფრთხეს უქმნის რუსეთის ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან."

ორშაბათსვე გაეროს უშიშროების საბჭოში გაიმართა კონსულტაციების მესამე რაუნდი რეზოლუციის პროექტის გარშემო, რომელიც კონფლიქტის შეწყვეტის მოწოდებას შეიცავს.

გაეროს რეზოლუციის პროექტზე ცოტა რამაა ცნობილი. მაგრამ, როგორც იტყობინებიან, ის ემყარება სამი პუნქტისგან შემდგარ გეგმას, რომელსაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი სთავაზობს თბილისს და მოსკოვს.

კუშნერის გეგმა ითვალისწინებს დაპირისპირების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას და იმ ვითარების აღდგენას, რომელიც იყო მანამდე, სანამ საქართველო სამხრეთ ოსეთში ჯარებს გაგზავნიდა.
XS
SM
MD
LG