Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოკუმენტს სამხრეთ ოსეთის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ რუსეთის აგრესიული ქმედებების შესაჩერებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.


საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ძალისხმევა რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები დაეყოლიებინა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე

რუსეთის აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად საკმარისი არ აღმოჩნდა. საქართველოში 12 აგვისტოს ევროპის 5 სახელმწიფოს ლიდერი ჩამოვიდა - ქართველი ხალხისა და დამოუკიდებელი დემოკრატიული ქართული სახელმწიფოსადმი სოლიდარობის ნიშნად.. მას შემდეგ, რაც ევროპელმა ლიდერებმა 13 აგვისტოს საქართველოს ტერიტორია დატოვეს, გავრცელდა ცნობები ქალაქ გორში რუსი სამხედროების შეჭრისა და მათ მიერ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის გადაკვეთის შესახებ. ”რუსეთმა ვერაგულად დაარღვია შეთანხმება”, - განაცხდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ.. მინდა გესაუბროთ შეთანხმებაზე, რომელიც ჯერჯერობით ვერ უზრუნველყოფს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ რუსეთის გაუგონარი აგრესიის აღკვეთას...

მხარეთა შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ინიციატივით საფრანგეთი და მისი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გამოვიდა... შეთანხმების ტექსტით სარკოზი ჯერ მოსკოვში ჩავიდა, სადაც ამ ქვეყნის პირველ პირებთან რთული მოლაპარაკებები აწარმოა... შემდეგ კი მოლაპარაკებები თბილისში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გამართა. საგულისხმოა, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და უკანდახევის გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა ამ მოლაპარაკებებამდე მიიღო. საფრანგეთის საშუამავლო მისიით პრეზიდენტ სარკოზიმდე თბილისში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ჩამოვიდა, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრ სტუბთან ერთად.. ევროპელმა მინისტრებმა საფრანგეთის წინადადებები ჯერ ოფიციალურ თბილისს გააცნეს, შემდეგ - მოსკოვს... რა არის ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფოს, საფრანგეთის, შუამავლობის შედეგი? - მხოლოდ ის, რომ შეთანხმება ხელმოწერილია რუსეთის პრეზიდენტის მიერაც და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდანაც... რუსეთი აგრძელებს აგრესიულ, ბარბაროსულ ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე...


[ნიკოლა სარკოზის ხმა] ”მოლაპარაკებებისას ჩვენ ორჯერ დავუკავშირდით რუსეთის პრეზიდენტს. დოკუმენტი ორივე მხარეს სთავაზობს უარის თქმას ძალის გამოყენებაზე, ჰუმანიტარული კორიდორის შექმნას, საქართველოს შეიარაღებული ნაწილების დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას, ასევე რუსეთის საჯარისო ნაწილების დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას.”


განაცხადა პრეზიდენტმა სარკოზიმ 12 აგვისტოს ღამით თბილისში შემდგარ პრესკონფერენციაზე.


განვმარტავთ, რომ ვლაპარაკობთ დოკუმენტზე, რომელიც ადასტურებს მხარეთა პირვანდელ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.. თბილისში ყოფნისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ევროკავშირი აიღებს შესაბამის პასუხისმგებლობას მის შესრულებაზე...

მანამდე, 12 აგვისტოს, მოსკოვში რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და მოუწოდეს ქართულ-ოსურ მხარეებს არ მიმართონ ძალას.... ამ მიმართვის შემდეგ რუსეთმა გააგრძელა ძალის გამოყენება, გააგრძელა ბარბაროსული ქმედებები მას შემდეგ, რაც შედგა შეთანხმება ძალის გამოუყენებლობაზე, სამხედრო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე, ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად მიწოდების უზრუნველყოფაზე, საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მუდმივი დისლოკაციის ადგილას დაბრუნებაზე..

”რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები განლაგდებიან სამხედრო მოქმედების დაწყებამე არსებულ ბაზაზე და საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე რუსეთის სამშვიდობო ძალები უსაფრთხოების დამატებით ზომებს განახორციელებენ.“ - ასეთია პირველადი შეთანხმების მეხუთე პუნქტი.. ხაზგასასმელია, რომ საქართველოში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა შეძლო რუსეთი დაეთანხმებინა დოკუმენტის ტექსტიდან ამოღებულიყო პუნქტი ავტონომიების სამომავლო სტატუსის შესახებ...

მაგრამ შეთანხმება, პირველადი შეთანხმება, რუსეთის მხრიდან დარღვეულია... საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას დაიცვას ეთნიკური ქართული მოსახლეობა რუსეთის აგრესიისგან და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ზომა საქართველოში კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული უსასტიკესი დანაშაულის აღსაკვეთად.
XS
SM
MD
LG