Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მუშაობს საქართველოს საბანკო სისტემა საომარი მდგომარეობის დროს


"საქართველოს საბანკო სისტემა ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე შეუფერხებლად მუშაობს და მომხმარებელთა თითქმის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს",

- ირწმუნება საქართველოს მთავრობა. უცვლელია ეროვნული ვალუტის კურსიც. მაგრამ საომარი ზონის მიმდებარე რაიონებში საბანკო დაწესებულებები დახურულია და იქ დარჩენილ მოსახლეობას ხელფასისა თუ პენსიის მიღების საშუალება არ გააჩნია.

საქართველოს საბანკო სისტემა რთულ ვითარებაშია საომარი მდგომარეობის გამო. ბანკის მომხმარებლები პირადი დანაზოგებისა და სხვა სახსრების განაღდებას ჩქარობენ. 12 აგვისტოს, მოსალოდნელი პანიკის საფრთხის გამო, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა საბანკო სისტემა ერთი დღით დაეხურა. 13 აგვისტოს კი საბანკო დაწესებულებების უმრავლესობა გაიხსნა და მათ ფილიალებში შესაძლებელი იყო თითქმის ყველა ოპერაციის შესრულება, ნაღდი ფულის შეტანა-გამოტანა თუ ვალუტის კონვერტაცია. საქართველოს საბანკო სფეროში არსებულ ვითარებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ამაღლობელი საუბრობს:

[დავით ამაღლობელის ხმა] „სამშაბათს, დღის ბოლოსთვის, სიტუაცია მნიშვნელოვნად დასტაბილურდა და ამიტომაც რისკები არ არსებობდა იმისთვის, რომ ბანკებს დღეს უკვე ნორმალურ რეჟიმში ემუშავათ. ვალუტის და ბანკნოტების პრობლემა არ არის. რეგიონებში ფულის ტრანსპორტირების პრობლემა იყო და დღეს უკვე მოახერხა ზოგიერთმა ბანკმა ვალუტის ტრანსპორტირება..“

საბანკო სისტემა თბილისში რომ გამართულად მუშაობს, ამაში თავად დავრწმუნდი. ბანკების ფილიალებში სიმშვიდეა - არსად რიგი არ ჩანს და თითქმის ყველა ოპერაცია ხორციელდება, სესხების გაცემის გარდა. ბანკების მომსახურების შესახებ რამდენიმე მომხმარებელს გავესაუბრე.

[ბანკის მომხმარებელთა ხმა] „ბანკში შევიტანე გაზის ფული, იმიტომ რომ სახელმწიფოს სჭირდება გაზის თანხა. მშვენივრად მუშაობს ბანკი, უპრობლემოდ.“

საბანკო დაწესებულებაში სავალუტო ოპერაციის განხორციელება და ნაღდი ფულის გამოტანა შესაძლებელი გახდა ქალაქ ფოთში - იქ, სადაც ამ ბოლო დღეების მანძილზე არაერთხელ განხორციელდა რუსეთის სამხედრო თავდასხმები. ფოთში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის კომენტარი:

[ფოთელი მოქალაქის ხმა] „სახალხო ბანკის გარდა, დღეს ყველა ბანკი მუშაობდა. პროკრედიტი მუშაობდა. მე დამჭირდა და დღეს ავიღე.“

სხვაგვარი მდგომარეობაა ფოთის მეზობელ ზუგდიდის რაიონში და სამეგრელოს სხვა ქალაქებში. იქ ყველა საბანკო დაწესებულება დახურულია და არავინ იცის როდის ამუშავდება. აი, რა გვითხრა ერთ-ერთი ბანკის ზუგდიდელმა თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

[ზუგდიდელი მოქალაქის ხმა] „რომ გავედი ქალაქში, დალუქულია ბანკები. ძვირფასეულობა და თანხა გუშინწინ თბილისში წაიღეს. ჩვენთვის ოფიციალურად არავის უთქვამს მუშაობის დაწყების შესახებ...“(სტილი დაცულია)

ზუგდიდში საბანკო დაწესებულებების მუშაობის აღდგენას ითხოვს იქ დარჩენილი მოსახლეობა. ისინი გაძვირებული სასურსათო პროდუქციის შესაძენად კუთვნილ პენსიებს და ხელფასებს ყოველდღე ელიან.

[ზუგდიდელების ხმა] „ბანკმა უნდა იმუშაოს, იმიტომ რომ ფული გადავრიცხოთ, თორე ხალხს ფული არ ექნება.“(სტილი დაცულია)

ჯერჯერობით საქართველოს კომერციულ ბანკებს უჭირთ იმაზე საუბარი, თუ როდის განახლდება კონფლიქტურ ზონებში განლაგებული ფილიალების მუშაობა. სხვა მხრივ, როგორც ეროვნული ბანკი ირწმუნება, საბანკო სისტემას და ლარის კურსის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. თუ, რა თქმა უნდა, საბრძოლო მოქმედებები კვლავ არ განახლდა.
XS
SM
MD
LG