Accessibility links

logo-print

რა შედეგები შეიძლება მოიტანოს საქართველოს გასვლამ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან?


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის საკითხზე საქართველოში ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ,

ხოლო ყოველ ჯერზე, როდესაც რუსეთთან ურთიერთობა დაიძაბებოდა, ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდებოდა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება, როგორც ამას თავადვე აცხადებდა, ყოველთვის ელოდებოდა შესაბამის დროს, როდესაც ამ ნაბიჯის გადადგმა უფრო გამართლებული იქნებოდა. პირველი ნაბიჯი 2008 წლის 12 აგვისტოს გადაიდგა. დსთ-დან გამოსვლის გადაწყვეტილების შესახებ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ათობით ათას ადამიანს თავად საქართველოს პრეზიდენტმა ამცნო. რა შედეგებს მოიტანს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დატოვება საქართველოსთვის და რატომ გადაიდგა ეს ნაბიჯი სწორედ ახლა?

12 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ათობით ათასმა ადამიანმა საქართველოს პრეზიდენტისგან მოისმინა ის, რისი მოსმენაც ბევრ მათგანს უკვე დიდი ხანია სურდა:

(მიხეილ სააკაშვილის ხმა) ”ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციის შედეგად, რომ... გამოვაცხადოთ, რომ საქართველო ტოვებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირს, დსთ-ს (ისმის ტაში და შეძახილები)... ჩვენ საბოლოოდ ვემშვიდობებით საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირი აქ აღარასდროს აღარ დაბრუნდება (ისმის ტაში და შეძახილები)... ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოვაცხადოთ რუსეთის ჯარი აფხაზეთში საოკუპაციო ჯარად და გამოვაცხადოთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად (ისმის ტაში და შეძახილები). ”

მიხეილ სააკაშვილმა დსთ-ის დატოვებისკენ სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდა. აქვე ვთქვათ, რომ 1991 წლის დეკემბერში შექმნილ ორგანიზაციაში თავდაპირველად გაწევრიანებული იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი 12 რესპუბლიკა, ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკის გარდა. თუმცა თურქმენეთმა 2005 წელს სრულუფლებიან წევრობაზე უარი განაცხადა და ამჟამად ის გაერთიანების ასოცირებულ წევრად ითვლება. რა რეაქცია მოჰყვება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დანარჩენი წევრების მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებას, ჯერჯერობით გაურკვეველია. საქართველოს მოქალაქეები კი ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან და ამ ნაბიჯს დაგვიანებულადაც კი მიიჩნევენ:
(ხალხის ხმა) ”დიდი ხნის წინათ უნდა მიღებულიყო და ეს სამშვიდობო ჯარებიც, როგორც დამპყრობელი ჯარი, ისე უნდა ყოფილიყო. ამას თავიდან ავიცილებდით, მე მგონია.../ თანახმა ვარ, იმიტომ რომ არაფერს არ გვიკეთებს დსთ, არაფრით არ გვეხმარება.../ ვერ წარმომიდგენია მე, რომ, აი, ახლა შეიძლება გამოვიდეთ, აი, ამ დაძაბულ სიტუაციაში... / ადრე უნდა განხორციელებულიყო. თავიდან არ უნდა შევსულიყავით, ეს იყო დანაშაული. ოპოზიცია რომ ეუბნებოდა, ადრე უნდა მომხდარიყო.../ იგივე აზრი მაქვს. ოპოზიციამ დააყენა ეს საკითხი, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ რატომღაც ეს არ მიიღო თავის დროზე...” (სტილი დაცულია)

რატომ არ მიიღო ხელისუფლებამ თავის დროზე ოპოზიციური ძალების მიერ მისთვის არაერთხელ შეთავაზებული წინადადება? ბოლო ასეთი ხმაურიანი შეთავაზება ხელისუფლებამ 2006 წელს მიიღო, როდესაც წინა მოწვევის პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციამ, ”დემოკრატიულმა ფრონტმა”, პრაქტიკულად კენჭისყრამდე მიიტანა შესაბამისი პროექტი. კენჭისყრა არ შედგა. ხსენებული ფრაქციის იმდროინდელი წევრის რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილისთვის გაუგებარია არგუმენტები, რომელთა გამოც ხელისუფლებამ უარი თქვა:

(დავით ზურაბიშვილის ხმა) ”ახლა გინდა შედი, გინდა გამოდი, გინდა გადადი, გინდა გადმოდი, უკვე არანაირი მნიშვნელობა ამას აღარ აქვს... ახლა გამოსვლა დსთ-დან არაფერს არ გვძენს ჩვენ აბსოლუტურად იმასთან შედარებით, რასაც შეგვძენდა ადრე ამის გაკეთება, როდესაც ჩვენ რეალურად დავაყენებდით აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების საკითხს... ახლა ვერაფერს ამის მსგავსს ვერ გავაკეთებთ. ის ეფექტი, რაც დსთ-დან გამოსვლას შეიძლება მოეცა და ის სარგებელი, ახლა არის ძალიან დაგვიანებული.” (სტილი დაცულია)

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას თქმით, ხელისუფლების თავშეკავება გამოწვეული იყო იმით, რომ ის წინა პლანზე აყენებდა რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის საკითხის გადაწყვეტას, სწორედ იმ კონტინგენტისა, რომელიც აფხაზეთში დსთ-ის ეგიდით იდგა:

(შოთა მალაშხიას ხმა) ”ჩვენ რომ გამოვსულიყავით ესენგე-დან, ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ჯარი რჩებოდა კანონგარეშე. საკითხსაც ვერ დავაყენებდით ესენგე-ში, იმიტომ რომ გვეტყოდნენ, თქვენ უკვე განცხადება გაქვთ გაკეთებული და არ ხართ ესენგე-ში; ჯარი კიდე აქ რჩება, იმიტომ რომ ის სხვა უფლებებით და რაღაცეებით დაკავშირებული იყო გაეროს ეგიდით მდგარ სამშვიდობოებთან და ასე შემდეგ... და ტრიბუნაც არ იქნებოდა ამისთვის. მაგრამ დღეს არის სხვა სიტუაცია. დღეს ჯარი არის საოკუპაციო, უკვე არის რეალურად ამაზე მუშაობა და ესენგე-ზე უკვე განცხადება გაკეთებულია და ეს პროცედურულად როგორ გაიწელება და რამდენ ხანს, ვერ გეტყვით... ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი, რამდენადაც არის საოკუპაციო ჯარის საკითხი.” (სტილი დაცულია)

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე დსთ-დან საქართველოს გასვლას ამ ეტაპზეც საკმაოდ სარისკო ნაბიჯად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ შექმნილ ვითარებაში ბევრს არც კი წარმოუდგენია, თუ რა შეიძლება მოხდეს ამაზე უარესი:

(რამაზ საყვარელიძის ხმა) ”უარესიც შეიძლება მოიტანოს... რუსეთს მთელი თავისი რესურსები არ გამოუყენებია და მას უსიამოვნების მოყენების კიდევ რაღაც რესურსები აქვს... მაგრამ, მეორეს მხრივ, ახლა მართლაც მორალურად ძნელია დსთ-ში ყოფნა იმ ფონზე, რა ფონზედაც დღეს გვიწევს ცხოვრება. ჩემი აზრით, სარისკოა, ოღონდ რისკი არ გულისხმობს დათმობას.” (სტილი დაცულია)

ეს სარისკო ნაბიჯი, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, უნდა გადაიდგას ფრთხილად, ყველა დამცავი მექანიზმის ამუშავებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მაქსიმალური გარანტიების მოპოვების ფონზე.
XS
SM
MD
LG