Accessibility links

საქართველო რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ ადამიანებს გლოვობს


საქართველო უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს გლოვობს.

ოფიციალური ინფორმაციით, მათი რაოდენობა ორ ასეულს აღწევს, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ახერხებენ ცხინვალის რეგიონში შესვლას, გარდაცვლილთა, ტყვედ აყვანილთა და უგზო–უკვლოდ დაკარგულთა რეალური რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა შესაძლოა დახმარებისათვის რუსეთის პატრიარქს ალექსი მეორეს მიმართოს. როგორ გლოვობს საქართველო რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ ადამიანებს და რა კეთდება დაღუპულთა და უგზო–უკვლოდ დაკარგულთა მოძიების თვალსაზრისით?

დიაკვანი დავით კონჯარია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. მშობლიური ქალაქი, სოხუმი, 15 წლის წინ დაატოვებინეს. სასულიერო პირი წინააღმდეგია ყოველგვარი ძალადობის, თუმცა მიიჩნევს, რომ განსაცდელში ჩავარდნილი სამშობლოსათვის ბრძოლა და თავდადება ყველა მოქალაქის ვალია. დიაკვნის თქმით, ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის:

[დავით კონჯარიას ხმა] „ეს ადამიანები სამუდამოდ ჩაიწერებიან საქართველოს ისტორიაში როგორც გმირები. ისინი არიან ანგელოსები ზეცაში, რომლებიც დაადგნენ იმ გზას, რომელიც გაკაფეს ჩვენმა წინაპრებმა და რომელსაც ჩვენც უნდა დავადგეთ.“

დიაკვნის თქმით, დაღუპული ჯარისკაცების მოსახსენიებელი პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში თვით კათალიკოს-პატრიარქმა გადაიხადა, თუმცა ილია მეორემ წირვა-ლოცვის დაწყებამდე მრევლს შემდეგი თხოვნით მიმართა:

[ილია მეორის ხმა] „მე მინდა გთხოვოთ, რომ თუ იცით სახელები გარდაცვლილთა, მოგვაწოდოთ ჩვენ, იმიტომ რომ არ არის ცნობილი, ვინ ცოცხალია და ვინ გარდაცვლილი. თუ იცით ზუსტად, მოგვაწოდეთ, რათა ჩვენ ვილოცოთ.“

უნდა ითქვას, რომ, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის მიუხედავად, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში დაღუპული ადამიანების რაოდენობისა და ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე ამბობს, რომ ცხინვალის რეგიონის ტერიტორია უიმედოდაა ჩაკეტილი როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

[ელენე თევდორაძის ხმა] „რუსეთთან არანაირი მოლაპარაკება არ ხდება, ისინი არ უშვებენ არავის, არც ეუთოს და არც წითელ ჯვარს. არც ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობაზე არ მოდიან. სულ ახლახან ბატონი თემურ იაკობაშვილი ელაპარაკა ილია მეორეს და სთხოვა მიმართოს რუსეთის პატრიარქს, რომ მისი მეშვეობით მაინც დაარწმუნონ რუსეთი ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობაში. ჩვენ გვიკავშირდებიან ადამიანები, რომლებიც სარდაფებში იმალებიან და შველას ითხოვენ. არც მიცვალებულებს პატრონობს რუსეთი.“(სტილი დაცულია)

ელენე თევდორაძის თქმით, შექმნილი ვითარების გამო უმძიმეს მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები. რუსთავში მცხოვრები მამუკა გოგრიჭიანი ახლო ნათესავს, გორის განცალკევებული სატანკო ბატალიონის წევრს, ზაზა ბირთველიშვილს 7 აგვისტოდან ეძებს:

[მამუკა გოგრიჭიანის ხმა] „ზაზას ძმა, მამუკა ბირთველიშვილი, იჯდა პირველ ტანკში, რომელიც მოწინააღმდეგემ დააზიანა. ეს გამოვიდა. დამაზიანეს და გავდივარო, უთხრა თავისიანებს. კიდევ ერთი დააზიანეს, ორი კი დაიკარგა. ვეძებთ ზაზას და ვერც მკვდარს და ვერც ცოცხალს ვერ ვპოულობთ. ვის აღარ მივმართეთ: თავდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ გვითხრეს, რომ არც დაჭრილებში და არც გარდაცვლილებში ასეთი არა გვყავსო.“

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციას არც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფლობს, თუმცა მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ქართველი სამხედრო ტყვეების არსებობის ფაქტს ადასტურებს:

[ელენე თევდორაძის ხმა] „კი ჰყავთ, მაგრამ არ გვეუბნებიან, რამდენი.“

რუსეთის ამგვარ საქციელს აკრიტიკებენ რიგითი თბილისელები, რომელთა დიდი ნაწილი, უზარმაზარი მსხვერპლის მიუხედავად, ქვეყნის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს, ხოლო რუსეთთან ბრძოლაში დაღუპულ სამხედროებს გმირებს უწოდებს.

[ქალბატონის ხმა] „მათ გააკეთეს ის, რასაც ყოველთვის აკეთებდნენ გმირები. მეც, ყველასთან ერთად, დიდი მწუხარებით ვგლოვობ მათ. ისინი ნამდვილი გმირები არიან.“

[ქალბატონის ხმა] „საქართველოსთვის დადეს თავი. ვუსამძირებ ყველას. მაკანკალებს. არ შეეშინდათ და წავიდნენ უზარმაზარი მახინის წინააღმდეგ.“

[მამაკაცის ხმა] „პირველ რიგში, მინდა მათ მშობლებს, ჭირისუფლებს ვუთხრა, რომ ნამდვილი გმირები აღზარდეს, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს, მის დამოუკიდებლობას. მე ქედს ვიხრი მათ წინაშე.“
XS
SM
MD
LG