Accessibility links

logo-print

ინტერვიუ ”ჰიუმან რაიტს უოჩის” თანამშრომელთან, ანა ნაისტატთან


ავტორიტეტიანი საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩი” განაგრძობს ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის შედეგების შესწავლას.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით ანა ნაისტატს, ”ჰიუმან რაიტს უოჩის” იმ ჯგუფის ხელმძღვანელს, რომელიც ქალაქ ცხინვალსა და მის შემოგარენში მუშაობს.

რადიო ”თავისუფლება”: დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ცხინვალში ქართველებს იძულების წესით ამუშავებენ და მძიმე პირობებში ამყოფებენ. შეგიძლიათ ამის დადასტურება?

ანა ნაისტატი: მე მხოლოდ იმ ფაქტების დადასტურება შემიძლია, რომელთა შესახებაც ცნობები ამ დრომდე მოვიპოვეთ. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს ტყვედ, სამხედრო პირების გარდა, მშვიდობიანი მოსახლეობაც მიჰყავს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ცხინვალში ქართველები მართლაც დააკავეს. საუბარია ცხინვალის მახლობლად არსებული სოფლების ქართველ მოსახლეობაზე. ძალიან გამიჭირდებოდა მათ რაოდენობაზე საუბარი. ჩვენ ასეთი ადამიანებისგან შემდგარი მხოლოდ ერთი ჯგუფი ვნახეთ. ვნახეთ, რომ ეს ხალხი ქალაქში მუშაობდა - გაჰქონდა ნაგავი, რომელიც ქალაქის დაცხრილვის შედეგად დარჩა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაოფიციალურად გვითხრეს, რომ ხალხი მართლაც დააკავეს და რომ ისინი საკუთარი სურვილით ალაგებენ ქალაქის ქუჩებს. სამწუხაროდ, გასაგები მიზეზების გამო, ამ ხალხთან გასაუბრების საშუალება ჩვენ არ მოგვცემია. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია მათი სტატუსის დაზუსტება - ვინ არიან ისინი, დაკავებულები თუ ტყვეები, იმიტომ რომ რაღაც ფორმით აუცილებელია ასეთ ფაქტებში გარკვევა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს.

რადიო ”თავისუფლება”: მთლიანად ცხინვალის მოსახლეობაზე მინდა გკითხოთ: დაბრუნდა ხალხი ქალაქში? როგორი მდგომარეობაა იქ ახლა?

ანა ნაისტატი: ხალხი თანდათან ბრუნდება ქალაქში. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, როგორ მდგომარეობაშია მათი საცხოვრებელი სახლები. ქალაქში არის სახლები, რომლებიც არ დაზიანებულა, და არის სახლები, რომლებიც მთლიანად დაინგრა. ასეთი ბევრი სახლი ვნახეთ. ზოგიერთ კორპუსში მხოლოდ ცალკეული ბინებია განადგურებული; არის კერძო სახლები, რომლებიც საერთოდ მიწასთან გასწორდა. ჰუმანიტარულმა დახმარებამ შემოსვლა დაიწყო; ჩვენი დაკვირვებით, [სასმელი] წყლის მხრივ პრობლემები არ არის. თუმცა არის სხვა პრობლემები - ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგებაში, მაგალითად. ჩვენი შთაბეჭდილებით, ძალიან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა. ცხინვალი შესაძლოა ბოლომდე დაცარიელებული არ იყოს, მაგრამ, ცხადია, ქალაქი ნორმალურ რიტმში არ ცხოვრობს. იქ ახლა ომის შემდგომი ვითარებაა და ხალხმა ეს-ესაა დაიწყო დაბრუნება.

რადიო "თავისუფლება": თქვენმა ორგანიზაციამ - ”ჰიუმან რაიტს უოჩმა” - გაავრცელა ინფორმაცია, რომ საომარი ქმედებების შემდეგ ქალაქში მსხვერპლის რაოდენობა ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე ამას რუსეთის მედია და ოფიციალური სტრუქტურები აცხადებდნენ. შეგიძლიათ კიდევ ერთხელ დაგვიდასტუროთ, რომ 2,000 მოკლულზე საუბარი არ არის და რომ ცხინვალში მსხვერპლის რიცხვი ათეულობით ადამიანით შემოიფარგლება?

ანა ნაისტატი: იცით, ჩვენ თავიდანვე დავეჭვდით ამ მონაცემში - 2,000 მოკლულში. ჩვენ ასეთი სახის კონფლიქტებში გამოყენებულ კლასიკურ ფორმულას ვეყრდნობით - რომ დაჭრილთა რაოდენობა გარდაცვლილებს სამჯერ უნდა აჭარბებდეს. ამდენად, საორიენტაციოდ ჩვენ, პირველ რიგში, დაჭრილთა რაოდენობას ვიღებთ. და ის მონაცემი, რომელიც ჩვენ ცხინვალის საავადმყოფოში მოგვცეს და რომელიც ცხინვალიდან და მისი შემოგარენიდან მიყვანილ დაჭრილთა რაოდენობას ასახავდა, 273 ადამიანი იყო. დაღუპულებს რაც შეეხება, იმავე საავადმყოფოში გვითხრეს, რომ იქ 44 გვამი იქნა მიტანილი. გარდაცვლილებში სამხედროებიც იყვნენ და მოქალაქეებიც. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ, ცხადია, ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა და, [ომის დროს] ზოგიერთ შემთხვევაში, სამოქალაქო პირების დაღუპვის შემთხვევები დანაშაულს წარმოადგენს. მაგრამ ჩვენ თავიდანვე ძალიან გვაშფოთებდა ის, რომ ვრცელდებოდა ოფიციალური მონაცემები ყოველგვარი ფაქტობრივი დადასტურების გარეშე. დღევანდელი ვითარებით, ცხადია, რომ მსხვერპლის რაოდენობა 44-ით არ შემოიფარგლება. ეს რიცხვი მხოლოდ ცხინვალის საავადმყოფოს მონაცემია. ჩვენ უკვე დავადგინეთ რამდენიმე ფაქტი, რომ დაღუპულთა ცხედრები არ მიჰქონდათ საავადმყოფოში. ამის გარდა, გასათვალისწინებელია ინფორმაცია, რომელიც სოფლებში მოვაგროვეთ. მაგალითად, სოფელ ხეთაგუროვოს მცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ იქ 15 ადამიანი დაიღუპა. მათ გარდაცვლილთა სიაც მოგვაწოდეს. ამდენად, ნათელია, რომ მსხვერპლი 44-ს აჭარბებს. თუმცა მე მიმაჩნია, რომ დღესდღეობით ათასობით დაღუპულზე საუბარი არასერიოზულია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG