Accessibility links

logo-print

საქართველოს რკინიგზის პარალიზება მთელ რეგიონს აზარალებს


კასპის რაონში მეტეხი-გრაკალის გადასარბენზე სარკინიგზო ხიდის აფეთქების შედეგად, კვლავ პარალიზებულია საქართველოს რკინიგზა,

რის გამოც უზარმაზარ ზარალს ნახულობს როგორც საქართველო, ასევე სომხეთი, აზერბაიჯანი და შუა აზიის რეგიონში მდებარე სხვა ქვეყნები. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ხიდის და, შესაბამისად, რკინიგზის აღსადგენად, სულ ცოტა, ათი დღეა საჭირო, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ოფიციალური ბაქოსა და ერევნის ძალისხმევა, რაც მატერიალური და ტექნიკური დახმარებით გამოიხატება.


საქართველოს რკინიგზა შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარე ევრაზიის სატრანსპორტო არტერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც უმოკლესი გზით აკავშირებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის მთავარი ხაზის საექსპლუატაციო სიგრძე 1300 კილომეტრია და მოიცავს 30 გვირაბსა და 1400 ხიდს. თუმცა, როგორც რკინიგზის გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია ამბობს, 16 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად, მოქმედი ხიდების რაოდენობა ერთით შემცირდა:

[ირაკლი ეზუგბაიას ხმა] „მნიშვნელოვანი დაზიანება აქვს მიყენებული ხიდს. ხიდის ბურჯებია დაბზარული, ხოლო ერითი მილი, რომელიც დაახლოებით 40 მეტრამდე სიგრძისაა, აფეთქების შედეგად მთლიანადაა მოხსნილი. ნორმალურ ვითარებაში ხიდის აღდგენას დასჭირდებოდა თვე-ნახევარი მაინც, მაგრამ ფორსმაჟორული სიტუაცია გვაქვს და მივყვებით დათქმულ ვადას, ანუ ვეცდებით დავასრულოთ ათ დღეში.“

ირაკლი ეზუგბაიას თქმით, ხიდის აღგენასა და ექსპლუატაციაში დროულად გაშვებას ასევე დააჩქარებს ის დახმარება, რომელსაც „საქართველოს რკინიგზა“ სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იღებს. საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ვან ბაიბურთის თქმით, „საქართველო-სომხეთის ეკონომიკური ასოციაციის“ მიერ გამოგზავნილი დახმარება უკვე ჩავიდა კასპის რაონში:

[ვან ბაიბურთის ხმა] „მატარებელში, რომელიც დღეს დილით ჩამოვიდა, არის ოთხი ვაგონი ხის და ბეტონის განძელები, ცემენტი და რელსები. გარდა ამისა, ჩამოვიდა 15-მდე მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომლებსაც აქვთ ხიდების აღდგენის მდიდარი გამოცდილება. ისინი უკვე ჩავიდნენ კასპის რაიონში, მეტეხში, და უკვე დაიწყეს დახმარება.“

ასევე კასპის რაიონში ჩაიტანეს აზერბაიჯანიდან გამოგზავნილი დახმარება, რომელიც, ძირითადად, რკინა-ბეტონის განძელებისა და სპეციალური ამწე-მოწყობილობებისაგან შედგება. ეკონომიკის ექსპერტის გია ხუხაშვილის თქმით, საქართველოს რკინიგზის პარალიზებით მარტო საქართველო არ ზარალდება:

[გია ხუხაშვილის ხმა] „ტრანზიტის შეწყვეტით ზარალდებიან ცენტრალური აზიის ქვეყნები, ზარალდება აზერბაიჯანი, საქართველოზე არც ვსაუბრობ, მაგრამ ყველაზე მეტად ზარალდება სომხეთი, იმიტომ რომ სულ ცოტა ხანში ისინი შეიძლება დარჩნენ ნავთობპროდუქტების გარეშე. რაც შეეხება პირდაპირ ფინანსურ ზარალს, აქაც ცუდადაა საქმე, განსაკუთრებით საქართველოსთვის. თვეში, საშუალოდ, რკინიგზით დაახლოებით 2 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდებოდა, რაც ბიუჯეტში მიმართული თანხით 20 მილიონამდე დოლარს აღწევს, რაც არ არის უმნიშვნელო შემოსავალი.“(სტილი დაცულია)

სულ, წლის განმავლობაში, საქართველოს რკინიგზა 20-დან 25 მილიონამდე ტონა ტვირთს ატარებდა, თუმცა ეკონომიკისა და პოლიტიკის ექსპერტები ასევე ლაპარაკობენ სხვა სახის ზარალზეც, რომელიც, რუსეთის ხელისუფლების გათვლით, საქართველომ, როგორც არასტაბილურმა ქვეყანამ, უნდა ნახოს. გიორგი ბარამიძე, საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი, განმარტავს:

[გია ბარამიძის ხმა] „ეს არის გზავნილი ყველა იმ სახელმწიფოსადმი, რომელიც სარგებლობდა ამ გზით, რომ ჭკვიანად იყავით, თორემ რუსული ჩექმა ისევ აქ არის. ეს არის გზავნილი დასავლეთისთვის, რომელიც ასევე სარგებლობდა ამ გზით. მას შემდეგ, რაც ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი გააჩერეს, ამ გზით ხდებოდა ნავთობპროდუქტების დიდი რაოდენობის გადატანა. ნავთობკომპანიებსაც ეუბნებიან, ჭკვიანად იყავით, ხმა არ ამოიღოთ, ვითომ არაფერი არ ხდება...“(სტილი დაცულია)

გია ბარამიძის თქმით, ხიდების დანგრევითა და სამხედრო ინტერვენციით რუსეთი ცდილობს აიძულოს მთელი რიგი ქვეყნები და უმსხვილესი ნავთობკომპანიები ენერგომატარებლების ტრანსპორტირებისას უარი თქვან საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენებაზე. თუმცა რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ კასპის რაიონში მდებარე სარკინიგზო ხიდი მათ არ აუფეთქებიათ. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა, რომ რუსეთს ხიდის აფეთქება არაფერში სჭირდებოდა. რუსი გენერლის გულწრფელობაში ეჭვი შეაქვთ საქართველოში. სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ რკინიგზის მწყობრიდან გამოყვანას აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა:.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] „როგორ არ უნდათ. პირიქით, უნდათ ამ გზის ჩაკეტვა. საერთოდ, ამ ხიდზე თავდასხმა პირველად არ მომხდარა. 2004 წელს, როცა დაძაბული სიტუაცია იყო, ოსმა დივერსანტებმა სცადეს ამ ხიდის მწყობრიდან გამოყვანა. მაშინ, თუ არ ვცდებით, აფეთქების შედეგად, მატარებელი გადავიდა ლიანდაგიდან. მთავარი დანიშნულებაა ის, რომ მწყობრიდან გამოიყვანოს რკინიგზა და ერთმანეთს მოსწყვიტოს დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო, რათა მიმოსვლა არ იყოს, რათა დევნილებმა არ იმოძრაონ და გაჭირდეს ცხოვრება საქართველოში.“(სტილი დაცულია)



XS
SM
MD
LG