Accessibility links

logo-print

როგორ უნდა მოძებნონ დევნილებმა ოჯახის დაკარგული წევრები


თბილისის სკოლების, საბავშვო ბაღების, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების შენობებში სახელდახელოდ შესახლებულ თუ ნათესავებთან შეკედლებულ დევნილებს,

ყოფითი პრობლემების გარდა, კიდევ ერთი დიდი პრობლემა აწუხებთ. ბევრმა მათგანმა ოჯახის წევრები დაკარგა. დღეს ჩვენ სამადაშვილების ოჯახზე მოგითხრობთ: ოჯახის მამა თბილისშია და ჯერჯერობით ამაოდ ეძებს გორში დაკარგულ მეუღლესა და 3 შვილს. ვის და როგორ უნდა მიმართონ ადამიანებმა, რომლებმაც ომის დროს ოჯახის წევრები დაკარგეს?

პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ტირძნისიდან დევნილი ილია სამადაშვილი მეუღლეს,ზინა სამადაშვილსა, და 3 მცირეწლოვან შვილს ეძებს:

(ილია სამადაშვილი) ”რიტა 11 წლისაა, ვალერი - 7 წლისა, ნიკალი 6 წლისა ხდება ახლა... უცბად გამოვგზავნეთ სოფლიდანა. ჩვენი მეზობელი და ესენი წამოვიდნენ ერთად, რო იბომბებოდა ჩვენი სოფელი, და მერე, იმის შემდეგ, ვეღარ ვნახე... სად წავიდნენ, აღარ ვიცი უკვე...” (სტილი დაცულია )

მეუღლე და შვილები ილია სამადაშვილმა სოფელ ტირძნისიდან გორში, სავარაუდოდ, 9 აგვისტოს გაგზავნა პაპის ძმის სახლში. ძლიერი სტრესის გამო ოჯახის მამა ზუსტად ვერც მისამართს იხსენებს, მაგრამ ამბობს, რომ პაპის ძმა სტალინის სახლ-მუზეუმთან ცხოვრობდა და რამდენიმე დღის წინ, როცა თავად ჩავიდა გორში, სახლში აღარავინ დახვდა. ოჯახი ტირძნისიდან ავტობუსით წამოვიდა მეზობელ ქალთან - მარიკა გუგუტიშვილთან - ერთად. რუსული ავიაციის ბომბების წვიმაში მოყოლილი მეზობლები ერთმანეთს გორში შესვლისას დაშორდნენ და ერთმანეთი იქვე დაკარგეს:

(მარიკა გუგუტიშვილის ხმა) ”ეს ბიჭი, იცით, როგორ მეცოდება?! ვაიმე, გეფიცებით, რა... მთელი ცხოვრება ვერ მოვინელებ, აი, ნამდვილად - ნეტავ, ბოლომდე ერთადა ვყოფილიყავით-მეთქი, მაგრამ კი ვერ ვიფიქრე, რომ ესა ხდებოდა... მე ბავშვი უნდა დამეტოვა დედაჩემთან და ტირძნისში უნდა გავბრუნებულიყავი ისევ... ჩვენა, იცი, რომელ ხიდთან ჩამოგვსხეს?! აი, მთავარი ხიდი რომ გადის, პროკურატურასთან... იმ ხიდიდან ჩვენა სულ ბომბებში ვიარეთ მეორე ხიდამდე... ჩვენა ჯერ ტირძნისის ბომბები გამოვიარეთ და გორში რომ შემოვდიოდით, უკვე გორიც იბომბებოდა და ბომბებში მოვდიოდით, ცა გაწითლებული იყო... ხიდამდე ერთად მოვედით და მერე, მე დედაჩემთან მივდიოდი და ის, ამის მეუღლე, - თავის ნათესავთან... ხოდა, მაგ დროს დავკარგეთ ერთმანეთი. იქამდე მშვიდობით მივედით... მერე ავტოსადგურში შემოვარდა დიდი იკარუსი და ეგრევე შეგვყარეს ყველანი, ვინც იქ ვიყავით, და წამოგვიყვანეს და მე თვითონაც არ ვიცოდი, სად მოვყავდით და მერე, რომ ჩამოვედი, გავათვითცნობიერე, რომ თბილისში ვიყავი...” (სტილი დაცულია)

ილია სამადაშვილი ამჟამად თბილისში, დარიალის ქუჩაზე, 75-ე ბაგა-ბაღის შენობაშია შესახლებული და გთხოვთ, მიაწვდინოთ ხმა, თუკი ვინმემ რაიმე იცის მისი ოჯახის წევრების შესახებ. მის მდგომარეობას სიტყვებით ვერავინ აღწერს. 75-ე ბაგა-ბაღში შესახლებული დევნილები, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ათასი პრობლემა აქვთ, მაინც ცდილობენ როგორმე გაამხნევონ მარტო დარჩენილი ადამიანი.

სამადაშვილების ბედს ცხინვალის რეგიონიდან და ზემო აფხაზეთიდან დევნილი არაერთი ოჯახი იზიარებს. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ბევრ ასეთ ფაქტს იცნობს:

(სოზარ სუბარის ხმა) ”ჩვენთან შემოდის უამრავი ასეთი ინფორმაცია, ჩვენ ვაგროვებთ ამ ინფორმაციებს, ვახარისხებთ და ყველა ინფორმაციას ვაწვდით საერთაშორისო წითელ ჯვარსა და ეუთოს მისიას. ძალიან კარგად ვიცით, რომ მათი რესურსიც შეზღუდულია, ისინიც ვერაფერს აკეთებენ ამ ვითარებაში, მაგრამ ხვალ-ზეგ შეიძლება რაღაც შეიცვალოს და ეს ინფორმაცია რომ არსებობდეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შევძლოთ ყველა იმ ადამიანის მოძიება, ვისი მოძიებაც შეიძლება და ოჯახები, რომელთა შეერთებაც შესაძლებელია. გარდა ამისა, ვთქვათ, იქ, სადაც არსებობს ეჭვი, რომ ადამიანი შეიძლება წაყვანილი იყოს, რუსეთის ფედერაციაში იყოს გადაყვანილი, თუ რაიმე ინფორმაცია არსებობს ასეთი, მე ვუკავშირდები რუსეთის ომბუდსმენს ვლადიმერ ლუკინს და მისი მეშვეობით ვცდილობ გავარკვიო ასეთი ადამიანების მდგომარეობა.” (სტილი დაცულია)

სახალხო დამცველის აპარატთან დაკავშირება შესაძლებელია ტელეფონის ნომრებზე: 92 24 80 ან 92 24 77. სოზარ სუბარის ოფისის გარდა, დევნილებს, რომლებიც ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ეძებენ, შესაძლებლობა აქვთ ასევე მიმართონ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე ცხელი ხაზის ნომრებს შეგვახსენებს:

(ელენე თევდორაძე) ”47 30 06 ან მეორე არის 98 94 51. იცოდეთ, რომ დარეკვა ცოტა დიდხანს უნდა, იმიტომ რომ სულ დაკავებულია, სულ მუდმივად გვირეკავენ... ჩვენ ვაკეთებთ სიებს და ამის შემდეგ ვაძლევთ გაეროს წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენთან არის. პარალელურად ამ სიებს ვაძლევთ თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს.” (სტილი დაცულია)



XS
SM
MD
LG