Accessibility links

logo-print

დევნილები ოჯახის წევრებს ეძებენ


მარინა ქუჩაში შემხვდა რვა წლის შვილთან ერთად. საჭმლის ყიდვა უნდოდა.

ხელში ორლარიანი და თეთრეულიანი მოზრდილი პარკი ეჭირა. მისი საუბრის კილო მეცნო და გამოველაპარაკე. ტირძნისიდან გამოქცეულა ორ შვილთან - რვა წლის კახასთან და ათი წლის თეონასთან ერთად:

[მარინას ხმა]
”მე ვარ ადუაშვილი მარინა ტირძნისიდან. დაახლოებით რვა რიცხვში წამოვედი. ბავშვები წამოვიყვანე მარტო. გავჩერდი ჯერა, კასპში ვიყავი რძლის ოჯახში. მერე იქიდანაც, რო შემოვიდა ჯარი, გამოვიქეცით. შეგვეშინდა დიდი რო ააფეთქეს რაღაცა”.

მარინა ადუაშვილი ახლა თბილისში, ვაკე-საბურთალოს გზაზე მდებარე ე.წ. ”ზაკვოს” ყოფილ შენობას აფარებს თავს. მის დარდს ისიც ემატება, რომ არ იცის რა ბედი ეწია მეუღლეს, რომელიც ტირძნისში დატოვა:

[მარინას ხმა]
”ქმარი დარჩა ტირძნისში. არაფერი არ ვიცი, კავშირი არა მაქვს. ქმარს ქვია მიშა კაიდარაშვილი. აი, რა მომენტში გამოვედით ჩვენა, ბომბების მეორე დღეს წამოვედით. მეგონა დავბრუდებოდით. დარჩა. ვინ იცოდა, რომ ეს ამბავი გაგრძელდებოდა, რა. დარჩა სახლში. ერთი ძროხა მყავდა და იმისთვის დარჩა”.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: თბილისში, ”ზაკვოს” ყოფილ შენობაში მცხოვრებ მარინა ადუაშვილი მეუღლეს - მიშა კაიდარაშვილს ეძებს.

კიდევ ერთი დევნილი მშობლებს ეძებს:

[დევნილის ხმა]
”მე ვარ ლეილა ბაზანდარაშვილი გორის რაიონიდან. სუყველა სახეზე მყავს. უბრალოდ, მშობლების დარდი მაქვს. დავტოვეთ იქ, სოფელ კარალეთში”

[დევნილების ხმა ფონდა]შენობაში, რომელიც ათეული წლის მანძილზე საბჭოთა არმიის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბი იყო, მოგვიანებით - კავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მთავარი შტაბი, დღეს რუსეთის საომარ აგრესიას გამოქცეული დევნილები ცხოვრობენ. ზოგიერთი მათგანი მეორედ გახდა დევნილი - ერთხელ ცხინვალის რეგიონიდან გორში გადასახლდნენ და თვრამეტი წლის შემდეგ გორიდანაც მოუხდათ თავის შველა:

[დევნილის ხმა]
”- პირველი ბომბი რომ ჩამოვარდა, მაშინ გამოვედით. სასტუმრო ”ქართლში” ვიყავით და იქიდან წამოვედით.
- სასტუმროში რატომ ბრძანდებოდით?
- თვრამეტი წელი დევნილი ვარ ცხინვალიდან”.

დევნილებს საკვებით ამარაგებენ, თუმცა, ჯერჯერობით არ აქვთ საშუალება დახმრების სახით მიღებული ბრინჯი და მაკარონი მოამზადონ. ჩემი იქ ყოფნის დროსაც ორი დიდი სატვირთო მანქანა მოადგა შენობას. მანქანას წითელი ჯვრის წარმომადგენლები დევნილებთან ერთად, ხელიდან ხელში გადაცემით ცლიდნენ. შენობაში წყლის და საკანალიზაციო სისტემა არ მუშაობს. წყალი ამ დღეებში ეზოში გაუკეთეს და ვისაც ჭურჭელი აქვს, იქიდან ეზიდება ზედა სართულებზე. არავინ იცის როდემდე გაგრძელდება მათი ყოფნა თბილისში. ყველამ იცის, რა უნდათ ყველაზე მეტად:

[დევნილის ხმა]
”ყველაზე მეტად გვჭირდება სახლებში დაბრუნება, შვილო. მშვიდობა იყვეს და სახლებში დაბრუნება”.
XS
SM
MD
LG