Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონიდან დევნილები შიმშილს უჩივიან


მეგობარი ქვეყნები ნაომარ საქართველოში სულ უფრო მეტ ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნიან.

დიდ გულისხმიერებას იჩენს ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც ცხინვალის რეგიონიდან დევნილებისთვის არ იშურებენ ფულს, სურსათსა თუ ტანისამოსს. თუმცა ამ ფონზე, დევნილების ნაწილი ამ ეტაპზე კვლავაც უჩივის უამრავ პრობლემას, მათ შორის - შიმშილსაც. დაბნეული დევნილები ერთი მისამართიდან მეორეზე, მეორედან კი - მესამეზე ამაოდ დარბიან და, როგორც ამბობენ, ბევრ მათგანს ტრანსპორტისთვის საჭირო ფულიც არ აქვს. როგორ პასუხობს ხელისუფლება მათ და რის გაკეთებას აპირებს. ამ საკითხში გარკვევას ლელა კუნჭულია ცდილობდა.

15 აგვისტოს თბილისში მიცკევიჩის ქუჩაზე, 29ა ნომერში, დახმარების მიღებას ამაოდ ელოდა ცხინვალის რეგიონიდან და კოდორის ხეობიდან დევნილი დაახლოებით 300 ადამიანი. დახმარების გამცემი პუნქტის ფანჯარაზე გაკრული აბრა გვამცნობს, რომ დახმარების გაცემა შეწყდა. დევნილები ქუჩაში გამვლელ ადამიანებს ფულს სთხოვენ და ამბობენ, რომ თითქმის ყველაფერი სჭირდებათ:

(ხალხის ხმა) ”... თეთრეული, ლოგინი, თეფში, ჭიქა, ქალის ფეხსაცმელი, ბავშვის ფეხსაცმელი, მამაკაცის შარვლები, თეთრეული, პამპერსები - პატარა ბავშვები გვყავს, პროდუქტები... /24 სული ვართ ერთ პატარა ოთახში, ვარკეთილში შეხიზნული, მშივრები... 5 დღეა ბავშვებს პური არ უჭამიათ...” (სტილი დაცულია)

შიმშილი მათი მთავარი პრობლემაა და ამიტომ იქვე გაჩერებულ ეგრეთ წოდებული ფურგონისკენ გარბიან და თან ყვირიან - პური მოიტანესო... სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ხალხს რიგში აყენებს და მკაცრად აფრთხილებს, რომ თითოეულს მხოლოდ თითო პური შეხვდება:

(ხალხის ხმაური) ”რიგი დაიკავეთ, ხალხო.../ ადით, მაღლა ადით... აქეთ გადმოდით, სულ ყველა აქეთ გადმოდით... /შენ რომ იღებ, იმ მეორეს აღარ უნდა.../ შეგხვდებათ, ყველას შეგხვდებათ, რა იყო...” (სტილი დაცულია)

პურის რიგში მდგომი ადამიანები დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლებიდან, ფრონეს ხეობიდან, გორიდან და კოდორის ხეობიდან დევნილი, ომგამოვლილი ადამიანები არიან. ისინი, ვინც თბილისში ნათესავებმა შეიკედლეს. კომპაქტურად დასახლებული დევნილებისგან განსხვავებით, რომლებსაც ხელისუფლება ადგილზე ამარაგებს პროდუქტებით და ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად მართლაც აკმაყოფილებს, კერძო მისამართებზე მცხოვრებ ხალხს, როგორც თავად ამბობენ, ჯერ არანაირი დახმარება არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მოთხოვნისამებრ მათ უკვე გაიარეს რეგისტრაცია წერეთლის გამზირზე, 67 ნომერში:

(ხალხის ხმა) ”პროდუქტი არავის არ მოგვაწოდეს. ისევ დაგვსვეს თბილისელების კისერზე, რო ვირაცამ სამათხოვროდ მოგვაწოდოს. მე ნათესავის ბინაში ვცხოვრობ ნადიკვარზე, რაღაც ქოხმახში.../ არაფერი არ გვინახია ჩვენ, კოდორიდან ვართ. მოაქვთ, მოაქვთ ტვირთი და ჩვენ არაფერი არ გვინახია. სხვის სახლში ვართ და ის გვაჭმევს.../ გვეუბნებიან, პროდუქტებს მოგაწვდითო და დღემდე არ არის.../ რაც ფული გვქონდა, გამოვიტანეთ. აღარაფერი აღარა გვაქვს.../ მათხოვრებივით რაღაცეებს ვიტაცებთ ქუჩაში, ფანციფუნცა რაღაცეებს, რომ ჩავიცვათ.../ აქეთ-იქით არბენინებენ ხალხს. ხან გაგზავნიან თამარაშვილზე, ხან გაგზავნიან წერეთელზე, ხან გაგზავნიან ვაჟა ფშაველაზე და არავინ არაფერ არა ღებულობს საერთოდა...” (სტილის დაცულია)

რატომ შეიქმნა ასეთი ვითარება? როდის და სად მიიღებენ ისინი დახმარებას? პასუხად ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს ამბობს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ბესო წერედიანი, რომელსაც დევნილების კოორდინაცია აქვს დავალებული. თუმცა წერედიანი ამბობს, რომ ეს ვითარება მალე დროში გამოსწორდება.

(ბესო წერედიანის ხმა) ”ახლა ჩვენ ვცდილობთ, ორგანიზაცია გავუკეთოთ ასეთივე ადგილს, საიდანაც მოხდება ამ ადამიანებისათვის პროდუქტების გაცემა. უახლოეს ხანებში გამოცხადდება... ჰუმანიტარული დახმარება და პროდუქტი გაიცემა აბსოლუტურად ყველა დევნილზე, რომელიც ამას საჭიროებს... დიახ, მესმის, რომ მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ უმოკლეს პერიოდში ქვეყანა შეიძლებოდა დამდგარიყო ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე... 3 დღეში მოხერხდა ცენტრალიზებული მიწოდება, აი, ამ პროდუქტების... აქედან გამომდინარე, ნელ-ნელა ყველაფერი დაეწყობა და თავის რიგში ჩადგება...” (სტილი დაცულია)

ვითარების გამოსწორების იმედი აქვს საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს, რომელიც ომის დაწყების პირველი დღეების რეალობასა და ამჟამინდ არსებულ ვითარებას შორის დიდ განსხვავებას ხედავს:

(სოზარ სუბარის ხმა) ”პირველ დღეებში, პრაქტიკულად, არ იყო არანაირი კოორდინაცია და არანაირი ერთიანი მიდგომა არ არსებობდა. და მაშინ იძულებული გავხდით, რომ ჩვენ დაგვეწყო ამ საკითხზე მუშაობა. ჩვენთან გავხსენით ოფისი, სადაც ხდებოდა რეგისტრაცია. ჩვენ ვაკეთებდით შესახლებას ძალიან ხშირ შემთხვევაში. მოქალაქეებს მოჰქონდათ სურსათი და უამრავ ადამიანს ვეხმარებოდით. თუმცა, ასევე ჩვენი მონაწილეობით, ნელ-ნელა შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი, ეს არის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან და ჩვენ ნელ-ნელა ეს ფუნქციები მათ გადავეცით. ჩვენ აღარ ვერევით, რადგანაც, პრაქტიკულად, არ შეილება ერთსა და იმავე საქმეს რამდენიმე სხვადასხვა უწყება აკეთებდეს... ახლა გაცილებით მეტია კოორდინირება და რესურსების მობილიზებაც გაცილებით მეტი მოხდა... ნუ, ცხადია, 2-3 დღეში ყველაფერი ვერ გამოსწორდება...” (სტილი დაცულია)

სახალხო დამცველი ამბობს, რომ 16 აგვისტოდან მისი ოფისი ჰუმანიტარული ტვირთისა და სურსათის განაწილების პროცესის მონიტორინგს შეუდგება. სოზარ სუბარის აპარატი მზად არის კონკრეტული პრობლემების განსახილველად ნებისმიერ დევნილს შეხვდეს.

და აქვე კიდევ ერთი ინფორმაცია: საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად რეგისტრირებული და განსახლებულია დაახლოებით 40 ათასი დევნილი. 14 აგვისტოს იგივე მაჩვენებელი 28 ათასს შეადგენდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG