Accessibility links

logo-print

ჰუმანიტარული დახმარება


საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად მშობლიური ადგილებიდან იძულებით ადგილნაცვალთა რაოდენობამ, 18 აგვისტოს მონაცემებით, მთლიანობაში, 200 000 ადამიანს მიაღწია.

სავარაუდოდ, ეს რიცხვი საგრძნობლად აღარ შეიცვლება. რაც შეეხება დევნილთა რეგისტრაციას, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადგილობრივმა სამსახურებმა, რამდენიმე ქალაქის გამოკლებით, დევნილთა აღრიცხვის პროცესი დღესაც გააგრძელეს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებიდან დევნილთა რეგისტრაცია ერთი დღით გააჩერეს ბათუმის, თელავის, მარნეულის, ბოლნისისა და რუსთავის სამსახურებმა. ამ ოფისებში დღეს მკვიდრი მოსახლეობისთვის პასპორტებისა და სხვა საიდენტიფიკაციო საბუთების გაცემა წარმოებდა.

[გიორგი ვაშაძის ხმა]“ დანარჩენ საქართველოში ჩვეულებრივად გაგრძელდება გუშინდელი პროცესი. მოქალაქეებს ვთხოვთ, დანარჩენ საქართველოში მაქსიმალურად შეიკავონ თავი და გადადონ პირადობის მოწმობის აღება და დაბადების და ასე შემდეგ რეგისტრაცია.“(სტილი დაცულია)

განაცხადა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, თბილისში, მცხეთასა და რუსთავში კომპაქტურად ჩასახლებულები რეგისტრაციას გაივლიან ადგილზე. ხოლო იმ კომპაქტურად ჩასახლებულ პუნქტებში მცხოვრებნი, სადაც მობილური ჯგუფები ჯერ არ მისულან, სააგენტოს უნდა დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე, რომლის ნომერია 172222. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ უკვე დარეგისტრირებულია 55 000–მდე დევნილი. ეს კი რუსული სამხედრო აგრესიის ზონებიდან დევნილთა დაახლოებით მეოთხედია.

[კობა სუბელიანის ხმა]“ იძულებით გადაადგილებული და საკუთარი სახლებიდან იძულებით წასული ადამიანი არის დაახლოებით 200 000. იმიტომ რომ ამაში არის ხაშური, გორი, ქარელი, კასპი. აქედან რეგისტრირებული გვყავს ამ მომენტისთვის
70 000–მდე ადამიანი. ჩვენ გვჭირდება ლეიბები, კვების პრობლემა მოვაგვარეთ. ყველაზე პრობლემატურ საკითხად რჩება ლოგინები და ლეიბები.“(სტილი დაცულია)

ამბობს დეპუტატი კობა სუბელიანი. დევნილთა განსახლების ადგილებში კი ამ მხრივ მდგომარეობა მართლაც რთულია:

[დევნილის ხმა]“ ხუთი თვის ბავშვი მყავს და 2 წლის ბავშვი. გუშინ ველოდებოდით ღამის 12 საათამდე და საწოლზე რომ დამეწვინა ბავშვები, არაფერი არ მოგვიტანეს. ღამის 12 საათამდე ეგრე ველოდე და ცარიელა ტანსაცმელი დავულაგე მერე მერხებზე და ეგრე დავაწვინე 2 ბავშვი.“

ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ამ ქალბატონის პასუხად, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანაშეწე ნატა პოპიაშვილი შენიშნავს, რომ მოსახლეობიდან დევნილთა დასახმარებლად გაწეულ შემოწირულობებში ლოგინები, ლეიბები და თეთრეული გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ტანსაცმელი, საკვები და სხვა ტიპის პირველადი მოხმარების საგნები. იგივე შეიძლება ითქვას საერთაშორისო ჰუმანიტარულ ტვირთებზეც:

[ნატა პოპოიაშვილის ხმა]“ არ მოუღწევია ჩვენამდე ჯერ ისეთ რაოდენობას ლეიბების, რომ შესამჩნევი მაინც ყოფილიყო. მარტო ის რაოდენობა გვაქვს, რომ გავუნაწილოთ და გამოვუზოგოთ ფეხმძიმე ქალებს, ძალიან ავადმყოფებს. ისე რომ, რომელიმე სკოლა მაინც მთლიანად რომ დაგვეფარა და დაგვეკმაყოფილებინა, არ გვქონია მაგის საშუალება. შემოდის, გვპირდებიან უცხოური ორგანიზაციები, მაგრამ რაღაც პრობლემები იქმნება, როგორც ჩანს. ხან ჩერდება ეს ტვირთი.“(სტილი დაცულია)

საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთების მიმღები, ძირითადად, მედიკამენტების ხაზით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა. როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განგვიცხადეს, ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, ამ დრომდე რა მოცულობისა და ღირებულების დახმარება მიიღო საქართველომ. მთლიანობაში კი, ცალკეული სახელმწიფოების მიერ გამოხატული კეთილი ნების გარდა, დევნილთა დახმარების საქმეში ჩართულია თითქმის ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია. უშუალოდ ჰუმანიტარული ორგანიზაციებიდან მიღებული ტვირთების კოორდინაციას დევნილთა და განსახლების სამინისტრო აწარმოებს.

[ვალერი კოპალეიშვილის ხმა]“მსოფლიოს სასურსათო პროგრამა ხელმძღვანელობს ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობას, რომლის მიზანია, რომ უზრუნველყოს დევნილები. საუბარია მინიმალურ კვებაზე, სტანდარტულ კვებაზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ დევნილები არ შიმშილობდნენ. ეს ერთი და, გაეროს უმაღლესი კომისარი, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, წითელ ჯვართან ერთად, მათ მიიღეს ტვირთი ორი თვითმფრინავი, მაგალითად, რომელიც შედგება არასასურსათო პროდუქტებისგან. ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებიდან შემოვიდა მატრასები, პლედები, საძილე ტომრები, ეგრეთ წოდებული ლეჟანკები, მცირე რაოდენობით.“ (სტილი დაცულია)

საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრის თანაშემწის ვალერი კოპალეიშვილის თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესიისგან დაზარალებული და მშობლიური ადგილებიდან ადგილნაცვალი მოსახლეობის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება გრძელდება და ცოტა ხანში ყველა დევნილის მოთხოვნილება სრულად დაკმაყოფილდება.


XS
SM
MD
LG