Accessibility links

logo-print

კონდოლიზა რაისი: ინტერვიუ ამერიკელ ჟურნალისტებთან


სამშაბათს ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. მათი შეხვედრის მიზანი საქართველოში შექმნილი დაძაბული ვითარების განხილვაა.

მინისტერიალის მონაწილეთა შორის არის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, რომელმაც - ბრიუსელში გამგზავრებამდე - ბრიფინგი გამართა ამერიკელი ჟურნალისტებისთვის. ბრიფინგის თემა ისევ და ისევ საქართველო იყო.

კითხვა: შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ შეერთებულმა შტატებმა არასწორად შეაფასა პუტინი და მედვედევი ამ ინციდენტში?

რაისი: ვფიქრობ: ყველას ესმის, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე რუსეთი არჩევნის წინაშე იდგა - ეს არჩევანი რუსეთს მიეცა. [რუსეთს შეეძლო აერჩია] მოქცეულიყო ოცდამეერთე საუკუნის შესაფერისად, სრულად ინტეგრირებულიყო საერთაშორისო ინსტიტუტებში. ჩემი აზრით, რუსეთისთვის ამ შანსის მიცემა მართლაც ღირდა. ახლა კი, ვფიქრობ, მათი ბოლოდროინდელი ქცევა მოწმობს, რომ რუსეთმა ეს გზა არ აირჩია. ან, შესაძლოა, სურს, ერთიც გააკეთოს და მეორეც: ანუ მოიქცეს 1968 წლის მსგავსადაც, როცა პატარა მეზობელ ქვეყნებში ინტერვენციას აწარმოებს; და თან სურს, ინტეგრაცია მოახდინოს საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ეკონომიკურსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში. მაგრამ, ჩემი აზრით, ორივე ერთად არ გამოვა. ახლა ჩვენ არ ვიჩქარებთ; ამ ყველაფერს [თანდათან] შევაფასებთ. თუმცა, რუსეთის ქმედებებს უკვე მოჰყვა შედეგები - მან ხალხი თავის საწინააღმდეგოდ განაწყო; და ბევრი მცირე ზომის სახელმწიფო - რომელიც უწინ დაპყრობილ ერს წარმოადგენდა - საქართველოს მხარში ამოუდგა. თავისთავად ეს უკვე ძალიან განსხვავდება იმ ვითარებისგან, რომელსაც ალბათ რამდენიმე ათწლეულის წინ მივიღებდით.

კითხვა: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ამბობს, რომ ჯარების გაყვანის გრაფიკი არ არსებობს. მისი თქმით, გაყვანა იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენი ხანიც საჭირო გახდება, იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება "უსაფრთხოების დამატებითი ზომების" გატარებას, რაც ზუსტად არავინ იცის, რას ნიშნავს. გაშფოთებთ თუ არა ასეთი ვითარება?

რაისი: ზუსტად ამის გარკვევას ვცდილობთ. რადგან ფრანგულ ტექსტში, რომელიც მოლაპარაკების საგანი იყო, მართლაც არის საუბარი უსაფრთხოების დამატებით ზომებზე. ეს არის ძალიან შეზღუდული მანდატი იმ რუსი მშვიდობისდამცველებისთვის, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ კონფლიქტის დაწყებისთვის. ... შეთანხმებით, მათ მხოლოდ კონფლიქტის ზონაში ეძლევათ დამატებითი პატრულირების ნება, არ აქვთ საქართველოს ქალაქებში შესვლის ან გზების გადაკეტვის უფლება. სწორედ ეს საკითხებია დაზუსტებული საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის წერილში პრეზიდენტ სააკაშვილისადმი. ფრანგებმა დაწვრილებით აღწერეს, რაზე ესაუბრნენ რუსებს. და ერთ-ერთი მიზანი, რატომაც ეს ყველაფერი წერილობით მინდოდა მქონოდა (და ქართველებსაც სურდათ), ის იყო, რომ რუსებს არ ემტკიცებინათ ის, რის დამტკიცებესაც ახლა ცდილობენ. ამდენად, სრულიად მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რას ნიშნავს ეს "უსაფრთხოების შეზღუდული ზომები". ამავე დროს, ეს ზომები მზოლოდ იმდენ ხანს იქნება ძალაში, ვიდრე ადგილზე არ ჩავლენ უცხოელი მეთვალყურეები. ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს და ეუთო მალე მნიშვნელოვნად გაზრდის თავის მეთვალყურეთა რაოდენობას. რაც შეეხება ჯარების გაყვანას, როგორც პრეზიდენტმა სარკოზიმ მითხრა, პრეზიდენტ მედვედევს მისთვის პირობა მიუცია: როგორც კი სააკაშვილი დოკუმენტს ხელს მოაწერს, რუსეთის ჯარები გასვლას დაიწყებსო.

კითხვა: მაგრამ მათ გასვლა არ დაუწყიათ...

რაისი: ამიტომაც, ჩემი თვალსაზრისით - და მე ფრანგ პარტნიორებთანაც მაქვს კავშირი - შესაძლოა, რუსები უკვე არ ასრულებდნენ თავიანთ სიტყვას. მაგრამ ახლა, როცა პრეზიდენტმა მედვედევმა ხელი მოაწერა საზავო შეთანხმებას, ვვარაუდობ რომ რუსეთის ძალები მალე დაიწყებენ გასვლას.

კითხვა: და რომ არ დაიწყონ? ჯერჯერობით ამის ნიშნები არ არის.

რაისი: მოდით, მარჩიელობას ნუ დავიწყებთ. ამ მომენტისთვის მე უნდა ვივარაუდო, რომ სიტყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის [მორიგე] პრეზიდენტს მისცა, შესრულდება.

კითხვა: შეგიძლიათ აღწეროთ როგორ წარიმართება პროცესი, რომლითაც ამ ორი რეგიონის მომავალი განისაზღვრება?

რაისი: ნება მომეცით ყველას შევახსენო, რომ ამ რეგიონებთან დაკავშირებულ საკითხებს დიდი ხნის ისტორია აქვს. თავიდანვე ყველაფერი ძალიან ცუდად დაიწყო. ეს იყო აფეთქება ერთობ არასტაბილურ რეიგონში. რუსულმა ძალებმა და რუსმა სამხედროებმა მთელ საქართველოზე განავრცეს სამხედრო ოპერაცია, როცა შეიძლებოდა ამ ყველაფრის კონფლიქტის ზონაში მოქცევა. ეს რეიგონი არასტაბილურია ათწლეულზე მეტი ხანია. იყო არაერთი სამშვიდობო გეგმა სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთისთვის. ქართველები მნიშვნელოვანავტონომიას სთავაზობდნენ ამ რეგიონებს. ასე რომ, ბევრი რამ არის გაკეთებული საფუძვლის შესაქმნელად, მაგრამ, ახლა, როცა სულ უფრო ინტენსიური ხდება საერთაშორისო დონეზე მსჯელობა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ პერიოდზე, ყველაფერი უნდა წარიმართოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე დაყრდნობით, როგორც მანამდე იყო. როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, ეს რეგიონები საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშია. უნდა შესრულდეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები. საკითხის გადაჭრაზე მოლაპარაკებებიც ამ პრინციპებს უნდა დაეფუძნოს.

კითხვა: შესაძლებელია, რომ რუსეთი დაწყნარდება, ეს რეგიონები დაწყნარდება, თუ ისინი რუსეთის ნაწილად იქცა, ან უფრო მეტად გადავა რუსეთის ორბიტაზე?

რაისი: ამ რეგიონებში არის პრო-რუსული ელემენტები. იქ არის რუსული მოსახლეობა. დემოგრაფიულად კომპლექსური ვითარებაა. თუმცა, როდესაც ეს კონფლიქტები მოგვარდება (და, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რაღაც დროის შემდეგ ისინი მოგვარდება), უნდა მოგვარდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საფუძველზე. ეს რეგიონები საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მდებარეობს.

კითხვა: მაგრამ, რუსეთი ცალსახად აცხადებს, რომ ეს რეგიონებია არ არიან მზად სტატუს კვოს დაბრუნებისთვის. ამას როგორ მოუვლით?

რაისი: ასეთ შემთხვევაში, რუსეთი იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დამრღვევი.

კითხვა: რა რეალური შედეგები მოყვება რუსეთისთვის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების დაუცველობას? ვისმენთ რიტორიკას. მაგრამ, მიმდინარეობს, თუ არა სერიოზული მსჯელობა რუსეთის დიდი რვიანიდან გაძევებაზე, ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაზე?

რაისი: დავიცდით და შევხედავთ რა შედეგები შეიძლება მოყვეს რუსეთის ნამოქმედარს. თუმცა, ვიტყოდი, რომ შედეგები უკვე არის. არის საყოველთაო შეშფოთება ევროკავშირში, შეერთებულ შტატებში და ა.შ. ვფიქრობ, მომავალში იხილავთ ანგარიშებს იმაზე, თუ რაში ჩაებნენ რუსეთის ძალები. თქვენთვის უკვე ცნობილია რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი სახელმწიფოების - პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, უკრანისაც კი განცხადებები რუსეთის ნამოქმედარზე.

კითხვა: თუ შეიძლება, ნატოს შესახებაც გკითხავთ - შეხვედრაზე, რომელიც ამ კვირაშია დაგეგმილი. აპირებთ თუ არა ნატოს მიმართოთ თხოვნით, გადახედოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც უკრაინას და საქართველოს არ შესთავაზეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა?

რაისი: მომავალ კვირაში, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოზე პირველ რიგში ვნახავთ, რამდენად სრულდება შეთანხმებები, რომლებსაც რუსეთმა მოაწერა ხელი. ჩემი აზრით, პირველ რიგში განსახილველი საკითხი სწორედ ეს იქნება. ამასთან, ჩვენ გვსურს ძლიერი მესიჯი გავგზავნოთ საქართველოს მხარდასაჭერად. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც აქამდეც უნდა აღმენიშნა თქვენი შეკითხვების საპასუხოდ, ის არის, რომ საქართველო ამ ვითარებიდან გამოვა; მისი ინფრასტრუქტურა თავიდან აშენდება; ის კვლავ დაიბრუნებს თავის ადგილს, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკის [მქონე ქვეყანა]. მას ეს ადგილი, ფაქტობრივად, არც დაუკარგავს. რუსები კი ამ ყველაფრის შედეგად იმას მიაღწევენ, რომ აჩვენებენ - მათ თავიანთი მასშტაბური რეგიონული სამხედრო ძალის გამოყენება მცირე ზომის მეზობლის წინააღმდეგ შეუძლიათ; და ჩემი აზრით, ეს ფაქტორი დადებითად არ აისახება არგუმენტზე, რომ რუსეთი საერთაშორისო სისტემაში პასუხისმგებლობის განცდის მქონე წევრად უნდა ჩაითვალოს. ეს არის ის საკითხები, რასაც, ჩემი აზრით, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოზე განვიხილავთ. არ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ბუქარესტში გამოხატული პოზიციის გამყარებაზე მეტის გაკეთება იყოს საჭირო.
XS
SM
MD
LG