Accessibility links

უმაღლეს სასწავლებლებში მეორადი ჩარიცხვები გადაიდო


დღეს, 20 აგვისტოს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე 2008 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა.

მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ამის გაკეთება მაინც წინასწარ განსაზღვრულ ვადებში შეძლო. თუმცა ამ ეტაპზე სტუდენტთა ახალი ნაკადის სრულად დაკომპლექტება მაინც ვერ ხერხდება. უმაღლეს სასწავლებლებში მეორადი ჩარიცხვები საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანის შემდეგ დაიწყება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე, 2008 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულთა და გრანტირებულთა სიის გარდა, გამოქვეყნებულია ასევე ჩარიცხვების შემდეგ დარჩენილი ვაკანტური ადგილების ჩამონათვალიც. მეორადი ჩარიცხვების განაცხადის უფლება იმ აბიტურიენტებს აქვთ, რომლებიც არც ერთ საგამოცდო საგანში არ ჩაჭრილან, მაგრამ წარუმატებელნი აღმოჩნდნენ და მათ მიერ მითითებულ ვერც ერთ ფაკულტეტზე ვერ ჩაირიცხნენ. წინასწარი გეგმის თანახმად, მეორად ჩარიცხვებზე განაცხადების მიღება გამოცდების შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, ანუ 21 აგვისტოს, უნდა დაწყებულიყო. მაგრამ, რუსული ჯარების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და რუსული აგრესიის შედეგად დევნილი აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, მეორადი ჩარიცხვები საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანის შემდეგ განხორციელდება.

[მაია მიმინოშვილის ხმა]“რაც შეეხებათ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც, სამწუხაროდ, იძულებულნი იყვნენ გადაადგილებულიყვნენ... ასეთი ძალიან ბევრია, ძალიან ბევრია თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გორის რაიონის მოსახლეობა ვიცით, რომ მთლიანად გადაადგილებულია და მათი უმრავლესობა თბილისშია. ზუსტი ციფრი ახლა ძალიან გამიჭირდება, ბუნებრივია, მოგაწოდოთ, მაგრამ, ალბათ, ერთადერთი რეგიონია კახეთი, სადაც შეგვიძლია ადგილზევე დავუკავშირდეთ აბიტურიენტებს. აქვე, თბილისშიც, ჭირს მათთან დაკავშირება, იმიტომ რომ ისინი კონკრეტულ ობიექტებზე არიან განაწილებულები.“ (სტილი დაცულია)

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი იმედოვნებს, რომ რუსული აგრესიის რეგიონებიდან დევნილ აბიტურიენტებთან კომუნიკაციის აღდგენა სულ მალე გახდება შესაძლებელი. მომდევნო ეტაპია სასწავლო პროცესის განახლება. დევნილები, თავის მხრივ, მოგეხსენებათ, ძირითადად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში - მათ შორის, უმაღლეს სასწავლებლებშიც -არიან განთავსებულნი. საქართველოს მასშტაბით ეს დაახლოებით 500–მდე ობიექტია, უშუალოდ დედაქალაქში კი - 180. მათგან უმრავლესობა საჯარო სკოლაა.

[გია ნოდიას ხმა]“ჩვენ ახლა ვუყურებთ, როგორც მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო, რუსები რას აპირებენ და როდის გავლენ. საკუთრივ საქართველოდან გასვლის შემდეგ უდიდესი ნაწილი ამ ლტოლვილებისა უნდა დაბრუნდეს, ალბათ, თავის სახლებში. რა თქმა უნდა, არის ნაწილი, რომელსაც გაუჭირდება, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს ხანებში. კოდორის ხეობა, ვთქვათ, ცხინვალის იქით სოფლებში. ამიტომ ჩვენ გვესმის, რომ პრობლემებია, მაგრამ, ცხადია, სასწავლო წელს დავიწყებთ. უბრალოდ, დავიწყებთ დაგვიანებით და ამასობაში უნდა გამოვუნახოთ სხვა ადგილი იმ ადამიანებს, ვინც ვერ დაბრუნდება.“ (სტილი დაცულია)

საქართველოს განათლების მინისტრის გია ნოდიას განცხადებით, ოფიციალურად სასწავლო პროცესის განახლება ჯერ არ გადადებულა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ისედაც შეეძლოთ სასწავლო პროცესის 1 ოქტომბერს დაწყება. მანამდე კი, ვიდრე დევნილები მშობლიურ სახლებს დაუბრუნდებიან, მოსწავლეები და სტუდენტები კი სასწავლო მერხებს მიუსხდებიან, განათლების მინისტრის განკარგულებით, საჯარო სკოლები ვალდებულნი არიან, დევნილ ბავშვებს სკოლის ინფრასტრუქტურის მოხმარების საშუალება მისცენ. იგულისხმება, ძირითადად, სკოლების ბიბლიოთეკებით, ფიზკულტურის დარბაზებითა და კომპიუტერებით სარგებლობა - მათ შორის, ინფორმატიკის გაკვეთილების ჩატარება.
XS
SM
MD
LG