Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სეპარატისტული რეგიონები რუსეთს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართავენ


საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" მიერ გავრცელებული ცნობით, რუსეთის ფედერალური საბჭო მზადაა უახლოეს სხდომაზე

, რომელიც 25 აგვისტოს გაიმართება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნოს. საინფორმაციო სააგენტო ამ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერის სვეტლანა ორლოვას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ორლოვას რუსი ჟურნალისტებისთვის ისიც უთქვამს, რომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით ფედერაციის საბჭოს ჩრდილოეთ ოსეთის საკანონმდებლო ორგანომ მიმართა. პარალელურად რუსულ მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას ასევე დამოუკიდებლობის ცნობის მოთხოვნით მიმართავს აფხაზეთის საერთო სახალხო კრება, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის წამყვან პარტიებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებს აერთიანებს. როგორ უყურებენ რუსეთის მიერ წახალისებული სეპარატისტული რეჟიმების ძალისხმევას თბილისში და რას უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება კრემლის ძალისხმევას?

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაც და სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერაც - ამ ფორმულით რუსეთის ფედერაცია თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თუმცა ვითარება მკვეთრად შეიცვალა უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში. ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყებისა და საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დაუფარავად აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები მიიღებენ. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ უჭირს იმის განჭვრეტა, შეასრულებს თუ არა კრემლი ამ და სხვა არაერთ მუქარას:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] „ვერ გეტყვით და, მართალი გითხრათ, მეორეხარისხოვანია, აღიარებს თუ არა. პუტინმა აჩვენა სრულიად არაადამიანური, არარაციონალური, აგრესიული, ბარბაროსული სახე. რუსეთის ნაბიჯები არის ისტერიული. რაც მეტ ნაბიჯს გადადგამს დამატებით მსოფლიო თანამეგობრობის აზრის, პრინციპების საწინააღმდეგოდ და მეზობელი სუვერენული ქვეყნის საწინააღმდეგოდ, - ტერიტორიული მთლიანობის უხეში ხელყოფა არის ამ ყველაფრის წინააღმდეგ წასვლა, - მით უფრო დაჩქარდება პროცესი ამ ტერიტორიების გათავისუფლებისა.“(სტილი დაცულია)

დავით დარჩიაშვილს ტერიტორიების გათავისუფლება შემთხვევით არ უხსენებია. საქმე ისაა, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ საქართველოს პარლამენტმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით შეცვალა როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ასევე ცხინვალის რეგიონის სტატუსი. ინიციატივა კი საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნოდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო მისიის დენონსაციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მე განვუცხადე ამერიკისა და სხვა ქვეყნების ლიდერებს. შესაბამისად, აფხაზეთში რუსეთის ჯარებს ვაცხადებთ საოკუპაციო ჯარად, ხოლო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს ოკუპირებულ ტერიტორიებად.“

ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებამდე რომ საქმე არ მივა, ამაში დარწმუნებულია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე. შოთა მალაშხია მიიჩნევს, რომ რუსეთი ანგარიშს გაუწევს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის პოზიციას, თუმცა, დეპუტატის თქმით, რუსეთი საქართველოს დიდად ვერც თვითაღიარებული რესპუბლიკების ცნობით დააზარალებს:

[შოთა მალაშხიას ხმა] „ჩვენთვის ეს იქნება, პირიქით, უკეთესი. ვიტყვით, აი, ხედავთ, ვისთან გვაქვს კონფლიქტი. ეს კიდევ უფრო დაამტკიცებს რუსეთის მონაწილეობას, კიდევ უფრო დააჩქარებს ჩვენს ინტეგრაციას ნატოში. შემიძლია მაგალითი მოგიყვანოთ. როცა 1957 წელს ნატოში მიიღეს გერმანიის მხოლოდ ნაწილი, დღეს კი ხედავთ, რამხელა გერმანიაა ამ ნატოს წევრი. სხვა პერეცედენტიც არსებობს, როცა კვიპროსი, რომლის ჩრდილოეთი ნაწილი 1984 წლიდან ცნობილი აქვს თურქეთს, 2004 წელს მთლიანად მიიღეს ევროკავშირში.“ (სტილი დაცულია)

შოთა მალაშხიას თქმით, რუსეთი, საკუთარი ქმედების წყალობით, უთუოდ ამოვარდება სამშვიდობო პროცესიდან, ხოლო ევროპის როლი კონფლიქტის მოგვარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში ერთი ათად გაიზრდება. დავით დარჩიაშვილიც, პარლამენტის ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ, რუსეთის აგრესიისა და მუქარის მიუხედავად, საქართველოს მდგომარეობა არცთუ უიმედოა. დეპუტატის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია ნატოს წევრი ქვეყნების ერთსულოვნება:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] „დანარჩენი არის დროის, მოთმინების, სიწყნარის და ცივი გონების საკითხი. ისე, როგორც ახლაა დაჩქარებული ქვეყნის თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არ ყოფილა არასდროს.“

უნდა ითქვას, რომ, დავით დარჩიაშვილის მსგავსად, უიმედოდ არც რიგითი თბილისელები არიან. რამდენიმე მათგანს რადიო ”თავისუფლება“ დედაქალაქის ქუჩებში გამოელაპარაკა.

[ქალბატონის ხმა] „მე მიმაჩნია, რომ, მართალია, ძალიან მძიმე დღეები გვაქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქართველები სულიერად არ გავტყდით და ეს არის მთავარი. სულიერად გავიმარჯვეთ და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდაც გავიმარჯვებთ.“

[მამაკაცის ხმა] „ის, რაც ჩვენია, ჩვენი უნდა დარჩეს და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. თბილისი 400 წელი არ იყო ჩვენი, ვერ ვაკონტროლებდით, მაგრამ მაინც აღვადგინეთ. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის ძირძველი საქართველოს მიწები და ჩვენ მათ აუცილებლად დავიბრუნებთ.“


  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG