Accessibility links

გურჯაანში რევაზ მინდორაშვილის გამარჯვებას ზეიმობენ


საქართველოში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, რევაზ მინდორაშვილის გამარჯვება არ გამოჰპარვიათ თბილისსა და ოლიმპიური ჩემპიონის მშობლიურ გურჯაანის რაიონში,

თუმცა, ბუნებრივია, ქართველი ფალავნის გამარჯვებამ ყველაზე მეტად მისი ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები გაახარა. მინდა გიამბოთ, თუ როგორ შეხვდნენ ქართველი ფალავნის გამარჯვებას სამშობლოში.

რევაზ მინდორაშვილის გამარჯვება ქართველმა მაყურებელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იხილა. მესამე, გადამწყვეტ სეტში რევაზ მინდორაშვილმა გამარჯვების შანსი არ დაუტოვა ტაჯიკ იუსუფ აბდუსალამოვს.

[დიქტორის ხმა] „ძალიან ახლოსაა მინდორაშვილი გამარჯვებასთან. ფიზიკურად საოცრად ძლიერია ეს სპორტსმენი და... ოთხი, სამი, ორი, ერთი... რევაზ მინდორაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია! გილოცავთ ყველას ამ დიდ გამარჯვებას...“

რევაზ მინდორაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მესამე ოქროს მედალი მოუტანა და, თუ გუნდის მთავარი ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის, ერთი თვის წინანდელ პროგნოზს გავიხსენებთ, ამაში გასაკვირი არც არაფერია:

[ზურაბ კახაბრიშვილის ხმა] „გული მიგრძნობს სამ ოქროს წამოვიღებთ. სულ მცირე, სამ ოქროს.“

თუმცა სპორტის სპეციალისტების დიდი ნაწილი იმედებს შედარებით ახალგაზრდა სპორტსმენებზე ამყარებდა, რევაზ მინდორაშვილი კი 32 წლისაა. სოლიდური ასაკის მიუხედავად, ქართველი ფალავნის წარმატებაში ეჭვი არ შეჰპარვია მის ღვიძლ ბიძაშვილსა და გურჯაანის იმ სპორტული სკოლის დირექტორს, რომელშიც მომავალმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა პირველი ნაბიჯები გადადგა. თემურ მინდორაშვილს რადიო ”თავისუფლება“ გურჯაანში ტელეფონით დაუკავშირდა.

[თემურ მინდორაშვილის ხმა] „32 წელი - ეს ასაკი სპორტსმენისთვის, რა თქმა უნდა, სახარბიელო აღარ არის, მაგრამ სხვა ყველაფერი აქვს, რაც სპორტსმენსა და მოჭიდავეს უნდა ჰქონდეს: ფიზიკური ძალა,პირველ რიგში; ხალიჩას გრძნობს, რაც ასევე მნიშვნელოვანია, და იცის მეტოქის სათანადოდ შეფასება. ასე რომ, ღრმად ვიყავი დარწმუნებული მის წარმატებაში და სულ იმას ვეუბნებოდი, შენგან დიდი სპორტსმენი გამოვა, ოღონდ თავი არ დაანებო-მეთქი.“

არადა, როგორც თემურ მინდორაშვილი იხსენებს, პეკინის ოლიმპიადის ტრიუმფატორს ბავშვობაში სპორტის სულ სხვა სახეობისკენ გაურბოდა თვალი:

[თემურ მინდორაშვილის ხმა] „ბავშვობაში, როგორც ყველა ბავშვს, მაგასაც ბურთი უყვარდა და ფეხბურთზე უნდოდა მისვლა, მაგრამ მაგისი აღნაგობის ბავშვი ფეხბურთში არ გამოდგებოდა და ამიტომ ჩავრთე ჭიდაობაში.“

ჭიდაობაში კი მართლაც ივარგა. რევაზ მინდორაშვილის გამარჯვების ნიშნად 21 აგვისტოს, პეკინის აგრარული უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში ყველაზე მაღლა ასწიეს საქართველოს დროშა და შეასრულეს საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

[საქართველოს ჰიმნი]

უნდა ითქვას, რომ რევაზ მინდორაშვილის გამარჯვებამ გულგრილი ვერ დატოვა რიგითი თბილისელები, რომლებიც საქართველოში უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე სპორტსმენის გამარჯვებას გმირობად მიიჩნევენ:

[მამაკაცის ხმა] „ველოდით ამ გამარჯვებას და ძალიან გაგვიხარდა ყველას. ჯერ ერთი, მესამე მედალი ძალიან მნიშვნელოვანია; მეორეც, ნახევარფინალში მან დაამარცხა კეტოევი. გაგვიხარდა, მაგრამ განა იმიტომ, რომ ოსია. არა, იმიტომ რომ რუსეთის სახელით გამოდის და ამ შემთხვევაში დავამარცხეთ რუსეთი.“

[მამაკაცის ხმა] „მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება იმიტომ, რომ ასეთ ფონზე, რაც საქართველოში ხდება, ჩვენი ერის სულიერ სიმტკიცეს წაადგება და, საერთოდ, დიდი სტიმული და ბიძგია ერისთვის. გილოცავ და გახარებული ვარ ძალიან!“

[მამაკაცის ხმა] „ბევრ რამეს ნიშნავს საქართველოსთვის აი, ეს გამარჯვება. ასეთ კარგ ამბავს რომ იგებს, ხალხს ძალა და სიმხნევე ემატება. კარგია, ასეთი ძლიერი და კარგი სპორტსმენები რომ გვყავს. ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ძლიერები ვიყოთ და პირველ ადგილზე გავიდეთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გავიმარჯვებთ. გამარჯვება ჩვენს საქართველოს!“



XS
SM
MD
LG