Accessibility links

logo-print

საერთაშორისო სამართლის ექსპერტის აზრით, რუსეთი გაეროს ქარტიას არღვევს


მხარეების მიერ ხელმოწერილი და გაფორმებული საზავო შეთანხმების მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ძალის დიდი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე რჩება

და ქართული სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას განაგრძობს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მოსკოვს დიდად არც ადარდებს ის, რომ თავისი ქმედებებით საზავო შეთანხმებას არღვევს. შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ამგვარი ქცევით რუსეთი პირობის გატეხაზე უფრო შორს მიდის? ამ საკითხის შესახებ ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, ჰეზერ მაჰერი, საერთაშორისო სამართლის ექსპერტს, პრინსტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის დეკანს და ამერიკის საერთაშორისო სამართლის საზოგადოების ყოფილ პრეზიდენტს, ენ-მარი სლოტერს, ესაუბრა.

პირველი შეკითხვა, რომელიც ექსპერტს დაუსვეს, ზოგადი იყო: წარმოადგენს თუ არა რუსეთის მხრიდან საქართველოში ჩადენილი ქმედებები საერთაშორისო სამართლის დარღვევას?

[სლოტერი] ”ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ შევხედავთ რუსეთის სამხედრო ძალის ქმედებებს. იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ეს ძალა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს გასცდა და საქართველოს ტერიტორიაზე ღრმად შეიჭრა, - და თუკი ის მართლაც თავს ესხმის საქართველოს იმ ნაწილებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ამ ორ ანკლავთან, - მაშინ ეს უკვე აშკარად სხვა ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიაში გადადის, რაც გაეროს ქარტიის დარღვევას წარმოადგენს. [რუსეთი] ძალას იყენებს სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.

იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად როდის გადაიკვეთა ეს ზღვარი, ალბათ ცხარე დისკუსია გაიმართება. თუკი [რუსეთი] თავიდან სხვის მიერ გამოყენებულ ძალაზე რეაგირებდა ისეთ ადგილას, სადაც მას მშვიდობის დამცველები ჰყავდა განთავსებული, მაშინ შესაძლოა ეს ჰგავდეს თავდაცვით ქმედებას ან თავისი მოქალაქეების თუ საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული ძალის დაცვას. ეს კი შესაძლებელია კანონიერ ქმედებად ჩაითვალოს - ანუ არსებობს შესაძლებლობა, რუსეთის თავდაპირველი რეაქცია კანონიერ ქმედებად ჩაითვალოს.

მაგრამ რაც უფრო ვშორდებით ქართული მხარის მიერ ძალის გამოყენების ასპექტს და ამაზე რუსეთის რეაგირებას - და რაც უფრო ვუახლოვდებით რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის ”ჭკუის სწავლების” მცდელობას, რასაც დღევანდელი მოვლენები ძალიან ჩამოჰგავს, ეს უკვე აგრესიაა. ეს არის სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის უკანონო გამოყენება, რაც გაეროს ქარტიის 24-ე მუხლის დარღვევაა. ”

შემდეგი შეკითხვა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ამერიკელ ექსპერტს ჩვენმა რადიომ დაუსვა, მხარეების მიერ ხელმოწერილ საზავო შეთანხმებას ეხებოდა. - ენ-მარი სლოტერს ვკითხეთ, წარმოადგენს თუ არა რუსეთის მხრიდან ამ შეთანხმების დარღვევა უკანონო ქმედებას. რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა განაცხადა: ”ჩვენ საერთაშორისო სამართლის დარღვევას ვერ შევეგუებითო.” - რას გულისხმობდა ის, გაეროს ქარტიას თუ საზავო შეთანხმებას?

[სლოტერი] ”როგორც ჩანს, გაეროს ქარტიას. საზავო შეთანხმება ხელშეკრულება არაა, ის არ წარმოადგენს სავალდებულო სამართლებრივ ნორმას - იმ თვალსაზრისით, როგორც საერთაშორისო ვალდებულებები გვესმის. რუსეთმა ამ შეთანხმებით პირობა დადო. მაგრამ, სამართლებრივი თვალსაზრისით, ამას არა აქვს ისეთი მნიშვნელობა, როგორიც, მაგალითად, გაეროს ქარტიას ან ისეთი სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევას, რომელიც რატიფიცირებულია და დაკანონებისთვის აუცილებელი ყველა პროცედურა აქვს გავლილი.

საერთაშორისო სამართალი ითვალისწინებს სხვა ქვეყნებთან ურთიერთგაგების მემორანდუმების დადებას. მაგრამ ამას კანონის ძალა არა აქვს - ეს, უბრალოდ, შეთანხმებაა. ამგვარმა დოკუმენტმა შესაძლოა მხარეები დაავალდებულოს კიდეც, მაგრამ ამას კანონთან კავშირი არ ექნება.

ამდენად, ჩემი აზრით, საერთაშორისო სამართლის დარღევას ის წარმოადგენს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნის მიმართ ახლა აგრესიულად იყენებს ძალას, ხოლო ის ფაქტორი, რომ რუსეთი ამ შეთანხმებას არ ასრულებს, მხოლოდ ადასტურებს, რომ ის არასწორად იქცევა.”

შეიძლება თუ არა იგივე ითქვას გადაწყვეტილებაზე, რომელიც, როგორც ჩანს, რუსეთმა მიიღო და რომელიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ირგვლივ შექმნილ ”ბუფერულ ზონებში” მის დარჩენას ითვალისწინებს? - ვკითხეთ ენ-მარი სლოტერს.

[სლოტერი] ”დიახ, ესეც დარღვევაა. ეს [სეპარატისტული რესპუბლიკები] ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაა, მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო მათზე საქართველოს კონტროლი არ ვრცელდებოდა. ამდენად, ქართველი მშვიდობის დამცველების იქ ყოფნას საფუძველი ჰქონდა. საქმე ისეთ კომპლექსურ საკითხებთან გვაქვს, როგორიცაა თვითგამორკვევის უფლება და დე ფაქტო კონტროლი - საერთაშორისო სამართალი მოითხოვს, რომ [ასეთ სიტუაციებში] გამოსავალი არაძალადობრივი იყოს. საერთაშორისო სამართალი, როგორც წესი, არ უჭერს მხარს სეპარატისტული ჯგუფების მიერ სახელმწიფოების გამოცხადების პრაქტიკას.

ეს ერთ-ერთი ის ფაქტორია, რომელიც კოსოვოს საკითხს ძალიან ართულებს. ამიტომ იყო, რომ რუსები კოსოვოს აღიარებას უკანონოდ მიიჩნევდნენ. ახლა ისინი იტყვიან, ’თუკი კოსოვოს შეეძლო დამოუკიდებლობის გამოცხადება და თქვენ ეს დამოუკიდებლობა აღიარეთ, მაშინ რატომ არ შეიძლება ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ვცნოთ? სხვაობა რაშია?’ ”

მართლაც, სხვაობა რაშია? - შევუბრუნეთ შეკითხვა ენ-მარი სლოტერს:

[სლოტერი] ”სხვაობა არის. კოსოვოს წინააღმდეგ მიმართული აგრესია ძალიან განსხვავდებოდა სამხრეთ ოსეთში საქართველოს მიერ ჯარის გაგზავნისგან. ყოველივე იმის გათვალისწინებით, რაც ყოფილი იუგოსლავიის სხვა ქვეყნებში მოხდა, [კოსოვოს] ადამიანის უფლებების დარღვევის და აშკარა ეთნიკური წმენდის დიდი ისტორია ჰქონდა. კოსოვოს დამოუკიდებლობა მართლაც აღიარეს, მაგრამ ეს აღიარება მისი ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა იყო, იმის ნაცვლად, რომ სხვა სახელმწიფოს დაემყარებინა მასზე კონტროლი. ამაშია დიდი სხვაობა.

თუმცა ეს მაინც ძალზე რთული საკითხია. რუსეთს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მხოლოდ მშვიდობისდამცველები რომ ჰყოლოდა, ეს პრობლემებს არ შექმნიდა. ის, რომ ქართულმა მხარემ იქ ჯარი შეიყვანა, მსგავსი ქმედების გამეორების აღკვეთის აუცილებლობაზე საუბრის შესაძლებლობას იძლევა. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ბუფერული ზონები ერთგვარი პირველი ეტაპია ამ ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესაყვანად, ეს კი ტერიტორიის დაპყრობას წარმოადგენს - თანაც მაშინ, როდესაც იქ მცხოვრები ხალხის ერთ ნაწილს მაინც არა აქვს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილი.”

თანამედროვე მსოფლიოში არსებობს თუ არა რუსეთის ქცევის მსგავსი პრეცედენტები - როდესაც, საზავო შეთანხმების გაფორმების მიუხედავად, ოკუპაცია და აგრესია გრძელდება? ვკითხეთ ენ-მარი სლოტერს.

[სლოტერი] ”იუგოსლავიის ომს თუ გავიხსენებთ, იქ ბევრი საზავო შეთანხმება დაიდო და დაირღვა. ამდენად, ამაში ახალი არაფერია - ეს მთელ მსოფლიოში ხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სხვაობა ის არის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ევროკავშირის სახელით მოქმედებს, პროცესში შეერთებული შტატებიც ჩართულია და რუსეთს ეუბნებიან, რომ, იმის მიუხედავად, თუ რა მოხდა თავდაპირველად, ახლანდელი ვითარება მიუღებელია, საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და ამას შედეგები მოჰყვება.”

შემდეგი შეკითხვა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ამერიკელ ექსპერტს ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა დაუსვა, ასეთი იყო: რამდენად სავარაუდოა, რომ რუსეთი მიიღებს შეერთებული შტატების ბრალდებას იმის შესახებ, რომ ის საერთაშორისო სამართალს არღვევს - მაშინ როდესაც ბევრი თავად შეერთებულ შტატებს სდებდა ბრალს ამაში 2003 წელს, როდესაც ის ერაყში შევიდა?

[სლოტერი] ”რუსების პერსპექტივიდან თუ ვიმსჯელებთ, ისინი ნამდვილად შეძლებენ იმაზე მითითებას, რომ შეერთებულმა შტატებმა სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ძალა გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე გამოიყენა. თავის დროზე, სწორედ ამიტომ აცხადებდა ბევრი - ჩემი ჩათვლით - რომ თუკი ერაყში შეჭრა საჭირო იყო, ეს აუცილებლად გაეროს ნებართვით უნდა გაკეთებულიყო. სხვა შემთხვევაში, მაგალითის განმეორების საფრთხე შეიქმნებოდა.”

რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინი, უკვე გამოვიდა ამგვარი არგუმენტაციით, - ვუთხარით ენ-მარი სლოტერს.

[სლოტერი] ”ეჭვიც არ მეპარება ამაში. კანონის თვალსაზრისით, თუკი გაეროს ქარტიის ქვეშ პირობა გაქვს დადებული, რომ, თავდაცვის შემთხვევების გარდა, ძალას გაეროს ნებართვის გარეშე არ გამოიყენებ, და ამ პირობას არღვევ, მერე ძალიან რთული ხდება იმის დამტკიცება, რომ ’ახლა სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე’.”
XS
SM
MD
LG