Accessibility links

ინტერვიუ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ მირეკ ტოპოლანეკთან


უკანასკნელ დღეებში ხშირია პარალელები საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს საბჭოთა ბლოკის ჯარების ინტერვენციას შორის.

ჩეხეთის პოლიტიკურ სამყაროში კამათი გამოიწვია ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებებმა. მან გამორიცხა ასეთი პარალელების შესაძლებლობა და საქართველოს დასდო ბრალი ძალადობის დაწყებაში. ამ მოსაზრებას არ იზიარებს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი მირეკ ტოპოლანეკი, რომელმაც ჩვენს რადიოს მისცა ინტერვიუ.

ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვაზე, არის თუ არა მსგავსება პრაღის გაზაფხულსა და რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციას შორის, ტოპოლანეკმა გვითხრა, რომ მსგავსება ნამდვილად არის. ინტერვენცია განახორციელა ერთმა და იმავე ქვეყანამ - რუსეთმა, თუმცა ოთმოცი წლის წინათ ის საბჭოთა იმპერიის სახეს ატარებდა.

"საქართველოს შემთხვევაში საქმე გვაქვს იმავე ქვეყანასთან. მართალია, დღეს ეს გახლავთ რუსეთის ფედერაცია, რომელსაც საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს საბჭოთა კავშირთან, მაგრამ მიუხედავად ამისა რუსეთის ნეო-იმპერიალისტური პოლიტიკა, რუსეთის მისწრაფება, კვლავ მსოფლიო ზესახელმწიფოდ იქცეს, ძალზე ძლიერია და ამაშია მსგავსება."

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, მიუხედავად ამისა, აშკარა განსხვავებები.

ჩეხოსლოვაკია თავის დროზე ტოტალიტარული სახელმწიფო იყო. პრაღის გაზაფხული მხოლდ დემოკრატიზაცია იყო და არა დემოკრატია. დღევანდელი საქართველო კი სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც თავისუფალი არჩევნების შედეგად დემოკრატიულად არჩეული ორგანოები აქვს. ამდენად ვითარება დღეს იმაზე უარესია, რაც მოხდა 1968 წელს ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების ინტერვენციისას."

როცა საქართველოსთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად თბილისში ჩავიდნენ ბალტიისპირა ქვეყნებისა და პოლონეთის ლიდერები, ჩეხეთის ხელისუფლების წარმომადგენელი მათ გვერდზე არ მდგარა. თუ რატომ, ამის შესახებ მირეკ ტოპოლანეკმა გვითხრა, რომ საქართველო ჩეხეთის ძალზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩეხეთისგან მას ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა და ამის ხაზგასასმელად არ იყო საჭირო თბილისში ჩასვლაო.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის პირველი იანვრიდან ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე გახდება. მირეკ ტოპოლანეკის აზრით, მისი ქვეყანა ყოველ ღონეს იხმარს, რათა ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოგვარებას.
XS
SM
MD
LG