Accessibility links

ინტერვიუ კურტ ვოლკერთან


როგორც ნატოში შეერთებული შტატების ელჩმა, კურტ ვოლკერმა თქვა ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში,

რუსეთის ჯარებმა უნდა დატოვონ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მოსაზღვრე ნებისმიერი ბუფერული ზონა მას მერე, რაც იქ ეუთოს სამხედრო მეთვალყურეთა მისიის წარმომადგენლები განთავსდებიან. ვოლკერმა აგრეთვე თქვა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს დაეხმარება შეიარაღებული ძალების აღდგენაში რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების შემდეგ.

შეერთებული შტატების მაღალი რანგის დიპლომატმა რადიო თავისუფლების ბრიუსელელ კორესპონდენთან საუბარში თქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის საზავო შეთანხმება მოსკოვს არ აძლევს იმის უფლებას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებს გარეთ, განუსაზღვრელი ვადით დარჩეს.

კურტ ვოლკერმა ინტერვიუში თქვა, რომ საზავო შეთანხმება არ ნიშნავს რუსეთისთვის "კარტ ბლანშის" მინიჭებას. მისი თქმით, რუსეთმა საქართველოში, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს გარეთ განთავსებული თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს, როგორც კი იქ ეუთოს სამეთვალყურეო მისია განთავსდება:

[ვოლკერის ხმა] "უახლოს პერიოდში გარკვეულ არეალში რუსეთს შეუძლია დამატებითი სამხედრო მოქმედებების წარმოება. მაგრამ ეს დროებითი ზომაა მანამდე, სანამ ეუთოს ეთვალყურეები განთავსდებიან ადგილზე და გადაიბარებენ საქმეს, რომელიც სხვა შემთხვევაში რუსეთის ჯარებს უნდა შეესრულებინათ. ამას კი უნდა მოჰყვეს სამშვიდობო ძალების განთავსება. ასე რომ, ეს არ არის კარტ ბლანში".

ამჟამად ეუთოს საქართველოში 29 მეთვალყურე ჰყავს. ორგანიზაცია საბოლოოდ მათი რაოდენობის ასამდე გაზრდას ვარაუდობს.

ვოლკერის თქმით, შეერთებული შტატები აუცილებლად გააგრძელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნას და ხელახლა აღჭურვას.

[ვოკლერის ხმა] "უეჭველია. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საქართველო დემოკრატიული, სუვერენული ქვეყანაა და მას ჰყავს შეიარაღებული ძალები, მას აქვს უფლება, ჰყავდეს შეიარაღებული ძალები. და ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავეხმაროთ ქეყანას შეიარაღებული ძალების აღდგენაში, მას მერე, რაც მას ზიანი მიადგა."

ნატოში შეერთებული შტატების ელჩმა თქვა, რომ ალიანსის გეგმა, ერთ მშვენიერ დღეს საქართველო და უკრაინა თავის რიგებში მიიღოს, ძალაში რჩება და, მისი აზრით, ორივე ქვეყანამ უნდა მიიღოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - მაპი. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები დეკემბერში განიხილავენ საქართვეოსა და უკრაინისთვის მაპის მინიჭეის საკითხს.

ვოლკერის თქმით, დეკემბრის გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა მოხდება დღეიდან დეკემბრამდე პერიოდში. "მათ შორის იმას, როგორ იმოქმედებს რუსეთიო", თქვა ვოლკერმა.

ამავე დროს მან გაიმეორა, რომ ნატოს გაფართოების გეგმები არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ნატო არ ცდილობს დაპირისპირებას რუსეთთან, რომელთანაც მრავალი საერთო ინტერესი აკავშირებსო, დასძინა ელჩმა.

მაგრამ ვოკერის თქმით, რუსეთმაც "უნდა ითამაშოს 21-ე საუკუნის წესებით" და "პატივი სცეს თავისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას." 25 აგვისტოს მოსკოვი აპირებს განიხილოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი.

ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვაზე, მოახდენს თუ არა საქართველოს მოვლენები გავლენას ნატოს პოზიციაზე, დაიცვას ბალტიისპირა და ყოფილი საბჭოთა ბლოკის ყოფილი ქვეყნები, ვოლკერმა თქვა: ნატოს ვალდებულება, დაიცვას თავისი წევრები, ძალიან სერიოზული რამაა და ნურავინ გაიგებს მას არასწორად. "ჩვენ მართლაც ვგულისხმობთ ამასო", დასძინა ნატოში შეერთებული შტატების ელჩმა კურტ ვოლკერმა, რომელსაც ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტი ესაუბრა.
XS
SM
MD
LG