Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ ეხმარება შიდა ქართლიდან დევნილ ადამიანებს


საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიუხედავად, ამერიკის, ევროპის წამყვანი ქვეყნებისა

და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება მაინც თბილისისკენაა მიპყრობილი. საქმე ისაა, რომ საქართველო, რომლის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა სამხედრო ინტერვენციის შედეგად მწყობრიდანაა გამოსული, დევნილთა ახალი ნაკადის გაჩენამ ჰუმანიტარული კატასტროფის რეალური საფრთხის წინაშე დააყენა, თუმცა, როგორც ოფიციალური თბილისი აცხადებს, მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დროული და ეფექტიანი დახმარებით, კატასტროფის თავიდან აცილება მოხერხდა. მინდა გიამბოთ, თუ ვინ და როგორ ეხმარება განსაცდელში ჩავარდნილ საქართველოსა და მის მოქალაქეებს.

კონფლიქტის ზონას გამორიდებულ ათობით ათას ადამიანს ყველაზე ადრე თბილისელები დაეხმარნენ - ვინ ფულით, ვინ საყოფაცხოვრებო ნივთებით, ვინ კი საკვებით.

[დევნილი ქალბატონის ხმა] „არც ქვაბი გვაქვს და არც არაფერი. აქ, მეზობლად მცხოვრები ადამიანების დახმარებით გაგვაქვს თავი. მარტო მშრალი პური, ძეხვი, კვერცხი - სხვა არაფერი. საკვები რომ მოვამზადოთ, მაგის საშუალებაც არ გვაქვს. ელექტროქურა, რომელიც გვაქვს, ისიც მეზობელმა გვიყიდა, რომ წყალს მაინც აიდუღებთ და ბავშვებს საჭმელს მაინც მოუმზადებთო.“

თბილისის 104-ე საჯარო სკოლაში მცხოვრები ამ ქალბატონისა და სხვა დევნილების გასაჭირის შესახებ კარგადაა ცნობილი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. მინისტრის მრჩეველი ვალერიან კოპალეიშვილი ჩამოთვლის იმ საგნებს, რომლებსაც დევნილების უმეტესობა მოისაკლისებს:

[ვალერიან კოპალეიშვილის ხმა] „გვჭირდება საწოლები, ლეიბები, ბავშვის კვება, ჰიგიენის ნივთები... გვესაჭიროება აგრეთვე ქურები, რათა დევნილებს ჰქონდეთ საკვების მომზადების საშუალება. ეს რომ არ აქვთ, ამიტომ ვურიგებთ მზა პროდუქტს.“

ვალერიან კოპალეიშვილის თქმით, დევნილთა პრობლემების გადაწყვეტაში საქართველოს მთავრობას არაერთი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია ეხმარება. მაგალითად, ამერიკის მთავრობამ უკვე გამოგზავნა 11 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული ტვირთი:

[ვალერიან კოპალეიშვილის ხმა] „შეერთებული შტატები, პირველ რიგში, ცხადია. პოლონეთი გვეხმარება, ბალტიისპირეთის ქვეყნები, თურქეთი, ჩეხეთი, შვეიცარია, ნორვეგია, გერმანია...“

ამ და სხვა არაერთი ქვეყნის დახმარებამ, საერთო ჯამში, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა მთავრობაში უჭირთ იმის თქმა, თუ ზუსტად რა მოცულობის დახმარება მიღო საქართველომ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში. თანაც, როგორც პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ამბობს, დახმარების პროცესი ჯერ მხოლოდ იკრებს ძალას:

[ლადო გურგენიძის ხმა] „ჩვენ მადლობელი ვართ როგორც გაეროსი, ასევე ყველა იმ დონორი ორგანიზაციის, რომლებიც ასეთი შემართებით, სულისკვეთებითა და, რაც მთავარია, კოორდინირებულად შეუდგა ამ საქმიანობას მთავრობასთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კეთდება კოორდინირებულად, იმიტომ რომ ამით იზრდება ეფექტურობა იმ დახმარებისა, რომელსაც მიიღებს ყველა ის ადამიანი, ვინც დაზარალდა ამ კონფლიქტის შედეგად.“

სწორედ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებისა და ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრას ემსახურება გაეროს გეგმა, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში 58 მილიონი ამერიკული დოლარის მობილიზებასა და შვიდათეულამდე პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. გაეროს ძალისხმევას მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, რომელმაც, ჰუმანიტარული დახმარების სახით, საკმარისზე მეტი მედიკამენტი მიიღო. მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ფრუიძის კომენტარი:

[ნიკოლოზ ფრუიძის ხმა] „სამედიცინო თვალსაზრისით, არანაირი დახმარება აღარ გვჭირდება. იმდენი დახმარება შემოგვივიდა, რომ ახლა ვზივართ და ვიმტვრევთ თავს, როგორ გავანაწილოთ.“

გასანაწილებელი კი, მართლაც, ბევრია. ნინო მირზიკაშვილი, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, ამბობს, რომ საქართველოს დახმარების ხელი უკვე გამოუწოდა თხუთმეტამდე ქვეყანამ:

[ნინო მირზიკაშვილის ხმა] „აქ ლაპარაკია მედიკამენტებზე, აპარატურაზე, სახვევ მასალაზე, ინსტრუმენტებზე და არამხოლოდ ამაზე. ასევე, დახმარებაში შედის ტექნიკური დახმარება, სიტუაციის შეფასების გაკეთება და ანალიზი და სხვადასხვა სახის მიმართულება. ანუ მხოლოდ წამლის ყიდვით არ შემოიფარგლება ეს დახმარება.“

რაც შეეხება არაჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც გულისხმობს ქვეყნის სატრანსპორტო და სამხედრო ინფრასტრუქტურის აღდგენას,რობერტ სიმონსი, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და აზიის ცენტრალურ რეგიონში, ამბობს, რომ ალიანსი მზადაა დაეხმაროს საქართველოს მას შემდეგ, რაც დაზუსტდება რუსეთის აგრესიის შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბები და განისაზღვრება პრიორიტეტები. ეს განცხადება რობერტ სიმონსმა 22 აგვისტოს, საქართველოში ყოფნისას, გააკეთა.



  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG