Accessibility links

რუსეთის საოკუპაციო ჯარმა საქართველოს ტერიტორიაზე უკანდახევა დაიწყო - რა იქნება შემდეგ


რუსეთის საოკუპაციო ჯარმა საქართველოს ტერიტორიაზე უკან დახევა დაიწყო,

თუმცა რუსეთის გენერალიტეტი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარი საქართველოდან წასვლას არ აპირებს.. ”რუსეთის სამშვიდობო ძალები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან უსაფრთხოების ზონაში მუდმივად იქნებიან განლაგებულნი”, -ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ”როიტერი” ავრცელებს. მოსკოვში ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონებით მანიპულირებას ცდილობენ. ”ყველა ბუფერული ზონა ლეგიტიმურია ”, - აღნიშნა რუსეთის სამხედრო ძალების გენშტაბის წარმომადგენელმა ნოგოვიცინმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე და ნათქვამს დასძინა, რომ ამ საკითხს ოფიციალური მოსკოვისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს.


დასავლეთის ზეწოლით, რუსეთის საოკუპაციო ჯარმა, როგორც იქნა, დაიწყო უკან დახევა საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა, არაერთი ექსპერტის აზრით, ეს ომის დამთავრებას ჯერ არ ნიშნავს...

[ნოგოვიცინის ხმა] ” რუსეთის სამშვიდობო ჯარი განაგრძობს თავისი ამოცანის შესრულებას პასუხისმგებლობის ზონაში მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მძარცველების შეჭრის აღსაკვეთად, ასევე შეიარაღების შეტანის აღსაკვეთად; საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე შექმნილია 18 სამშვიდობო პოსტი, ახლო მომავალში ასევე 18 პოსტი შეიქმნება აფხაზეთის მიმართულებით, მდინარე ენგურთან. ”

ამბობს რუსეთის გენშტაბის თავმჯდომარის მოადგილე ანატოლი ნოგოვიცინი... მისივე თქმით, რუსეთი საქართველოსთან არ აპირებს კონსულტაციების გამართვას ეგრეთ წოდებულ ბუფერულ ზონებთან დაკავშირებით. ” სამშვიდობო მანდატის ფარგლებში ჩვენ ვქმნით საგუშაგოების ორ ზოლს და ამ ზოლებს შორის ბუფერული ზონა იქნება”, - აცხადებდა ის ორიოდე დღის წინ, 20 აგვისტოს... ნოგოვიცინი მიუთითებდა იმასაც, რომ მის მიერ ნახსენებ ბუფერულ ზონაში არ შევა ქალაქი გორი, მაგრამ ბუფერული ზონის ქვედა საზღვარი საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალს მიუახლოვდება...

უსაფრთხოების ზონის დამატებით არეალს რუსები თავად საზღვრავენ.. რამდენიმე დღეში საქართველოში ეუთოს სამხედრო დამკვირვებლები ჩამოვლენ. საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ შეთანხმებაში კი მითითებულია, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონასთან დამატებით ზომებს საერთაშორისო მექანიზმის ამუშავებამდე მიიღებენ. ” სანამ საქმე საერთაშორისო მექანიზმის ამუშავებამდე მივა, შეთანხმება საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების მივლინებას ითვალისწინებს”, - აღნიშნა თბილისში პრეზიდენტ სარკოზის მიერ ინიცირებული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა... ეუთოს მონიტორინგის ჯგუფი კი საქართველოში ამ კვირის ბოლომდე ჩამოვა. ამის შესახებ 22 აგვისტოს თბილისში ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ ალექსანდრე სტუბმა განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ:

[ალექსანდრე სტუბის ხმა] ” მე მინდა ხაზი გავუსვა 3 პუნქტიან გეგმას. პირველი პუნქტი შეეხება ჩვენს სამხედრო მონიტორინგის ჯგუფს, რომელიც კვირის ბოლოს ჩამოვა საქართველოში; მეორე: შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მყიფეა და ამიტომ დიდი ძალისხმევის გაწევა გვმართებს საიმისოდ, რომ მივაღწიოთ რუსეთის ჯარების სასწრაფოდ გაყვანას. ჩემი აზრით, სამხედრო დამკვირვებლები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ და, მესამე: უნდა მოხდეს კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია. ”

რუსეთის საოკუპაციო ჯარის გასვლა საქართველოს ტერიტორიიდან და საქართველოში არსებულ კონფლიქტთა მოწესრიგების პროცესის ინტერნაციონალიზაცია საქართველოსთვის ორი სასიცოცხლო ამოცანაა, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რაც მან ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა:

[ეკა ტყეშელაშვილის ხმა] ”უკვე ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ იმაზე, რა იქნება მეორე ეტაპი. მეორე ეტაპი უნდა იყოს ის, რომ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების გზით მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ”

სამშვიდობო ოპერაციების ინტერნაციონალიზიის აუცილებლობაზე იყო მსჯელობა 22 აგვისტოს სხვა შეხვედრაზეც, კერძოდ, პარლამენტის თვამჯდომარესთან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კონსტანტინე ელისეევის შეხვედრაზე. დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა რამდენად მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია უკრაინას სამშვიდობო ოპერაციების ინტერნაციონალიზაციის პროცესში..
მაგრამ, პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძის აზრით, რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ოპერაციებში ცვლილებას მომავალში ძალიან სერიოზულად შეეწინააღმდეგება და თუ მოსკოვი მიიჩნევს, რომ დასავლეთის წინააღმდეგ დიპლომატიური რესურსი ამოეწურა, წავა კიდეც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ეს პროცესი, შესაძლოა, მომავალი კვირიდან დაიწყოს, ვარაუდობს არჩილ გეგეშიძე. შეგახსენებთ: მომავალ კვირაში რუსეთის სახელმწიფო სათათბირო აპირებს დაიწყოს მსჯელობა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე.

XS
SM
MD
LG