Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რად დაუჯდება რუსეთს საქართველოს მიმართ აგრეთსია?


როცა რუსეთის ჯარმა საქართველოს ქალაქები დაიკავა, მსოფლიოში დაიწყეს მსჯელობა, რით უნდა მიეზღოს რუსეთს სამაგიერო, ანუ როგორ უნდა დაისაჯოს მოსკოვი ამ ქმედებისთვის,

რაც აშკარა დარღვევაა საერთაშორისო ნორმებისა, გაეროს ქარტიისა და სხვა არაერთი შეთანხმებისა თუ კონვენციის. მათ შორის, პირველ რიგში ლაპარაკობდნენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის არდაშვებაზე, ასევე “დიდი რვიანიდან” მის გარიცხვაზე, ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის შეჩერებაზე და სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე. გაგაცნობთ რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის აღიარებული ექსპერტის, ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, ბრიტანეთის გაზეთ "ფაინენშლ ტაიმსის" ყოფილი კორესპონდენტის დევიდ სეტერის მოსაზრებებს იმაზე, თუ რად შეიძლება დაუჯდეს რუსეთს მეზობელი ქვეყნის წინაღმდეგ განხორციელებული აგრესია.

რაც შეეხება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას, აქ ვითარება ალბათ ყველაზე ცხადია. ეს კონსენსუსზე დამყარებლი ორგანიზაციაა და საქართველო მისი წევრია, ანუ მოსკოვი ამ ორგანიზაციაში, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს ვერ მოხვდება. "დიდი რვიანის" თაობაზე ამერიკელმა სენატორმა, პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა მკაცრი კილოთი განაცხადა, რუსეთის მმართველებს ძვირად დაუჯდებათ დაშინებისა და ძალადობის პოლიტიკის გატარებაო. და კიდევ: ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში და "დიდ რვიანში" თანამედროვე რუსეთის ადგილი არ არის, ის საბჭოთა კავშირივით იქცევაო. ამერიკელმა კონგრესმენებმა ალისონ სუორცმა და ბილ შუსტერმა შეიმუშავეს რეზოლუციის პროექტი, რომლითაც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიმართავენ მოწოდებით, გადასინჯოს გადაწყვეტილება სოჭში ზამთრის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების გამართვის შესახებ. კონგრესმენებმა მსოფლიოს სხვა პარლამენტებსაც მოუწოდეს, მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას.

რადიო "თავისუფლების" რუსული სამსახურის თანამშრომელი ირინა ლაგუნინა ესაუბრა ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკური ცენტრის თანამშრომელს დევიდ სეტერს, რომელიც ავტორია წიგნისა “უკუნეთი გარიჟრაჟზე. რუსეთის დანაშაულებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება”.

სეტერი ამბობს, რომ ერთ-ერთი გზა იქნებოდა (და ამ ბერკეტს დასავლეთი ფლობს) ზემოქმედება არა ზოგადად რუსეთზე, არამედ მთავრობის კონკრეტულ წევრებზე. დასავლეთში მათ აქვთ საბანკო ანგარიშები, უძრავ-მოძრავი ქონება, სჭირდებათ ვიზები, და თუ ვითარება მართლა გამწვავდა, შეიძლება მათთვის ამ სიმდიდრის მოხმარებისკენ გზის გადაკეტვა. ამასთანავე, სეტერი საუბრობს "დიდი რვიანიდან" რუსეთის გარიცხვაზე, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაზე, და შემდეგ ეკონომიკას ეხება.

[დევიდ სეტერის ხმა] “რუსეთს სჭირდება ფართო ეკონომიკური თანამშრომლობა დასავლეთთან. რუსეთი ცდილობს, ეკონომიკური ურთიერთობები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. და რადგან რუსეთი ზოგიერთ პროდუქტზე მონოპოლიას ფლობს, მას გარკვეული უპირატესობა აქვს მომხმარებელთა ფართო სპექტრის წინაშე. მაგრამ ამ მომხმარებლებს შეუძლიათ გაერთიანდნენ და დაფიქრდნენ თავიანთ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე. ცხადია, რუსეთს არავინ დაუწესებს ეკონომიკურ სანქციებს, ისე, როგორც ავღანეთის ოკუპაციის დროს ხორბალზე ბოიკოტისას მოხდა, მაგრამ არსებობს ეკონომიკური პოლიტიკის ასპექტები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ მიზნით, რომ რუსეთს საშუალება წაერთვას, დასავლეთს შანტაჟი მოუწყოს. და მაშინ რუსეთი, რომლის ეკონომიკა მიუხედავად გაზისა და ნავთობისა, საკმაოდ სუსტია, დაინახავს, რომ მისი გავლენა მცირდება და არა იზრდება”.

თუმცა, სეტერი ამბობს, რომ რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის ინტერესები ერთმანეთისგან განსხვავდება. ის იმასაც კი ამტკიცებს, რომ ამ ქმედებით თვითონ რუსეთს ბევრი არ დაუკარგავს - წააგო მისმა ხელმძღვანელობამ.

[დევიდ სეტერის ხმა] “თვითონ რუსეთს ბევრი არ დაუკარგავს, მაგრამ ხალხმა, ვინც რუსეთს მართავს, თავი ისეთ მდგომარეობაში ჩაიყენა, რომ ახლა მას სულ უფრო და უფრო ხშირად დასჭირდება ძალის იმედად ყოფნა - იმისთვის, რათა მეზობელ ქვეყნებს საკუთარი ნება მოახვიოს თავს. მაგრამ საბოლოო ანგარიშით, ძალადობა ვეღარ მოიტანს შედეგს და შექმნის პირობებს, როცა ხელისუფლებაში მათ ყოფნასაც გამოეცლება საფუძველი. ასე რომ, რუსეთის - სახელმწიფოს, საზოგადოების - ინტერსებშია, იყოს დასავლური ორიენტაციის დემოკრატიული ქვეყანა.”

თუკი მოსკოვის მიმართ დღემდე რაიმე რეალურად გაკეთდა, ეს ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის შეჩერებაა. მაგრამ კრემლის რეაქცია ასეთი იყო: არც მინდაო.

[დევიდ სეტერის ხმა] “რაც რუსეთმა დაკარგა, ესაა ფრთხილი ნდობა, რომელსაც მას დასავლეთი უცხადებდა, და რასაც სიმბოლურად გამოხატავდა დიდ რვიანში მისი შეყვანა. ახლა რუსეთს ეჭვის თვალით დაუწყებენ ცქერას. მას უფრო მეტი უნდობლობითა და მტრულადაც კი დაუწყებენ ყურებას მეზობლები. მართალია, ამის გაზომვა შეუძლებელია, მაგრამ იმის შედეგად, რაც მოხდა მსოფლიოში კლიმატი შეიცვალა”.

ჩვენმა კორესპონდენტმა დევიდ სეტერს ჰკითხა, რა იქნებოდა არასიმბოლური ნაბიჯი მოსკოვის მიმართ.

[დევიდ სეტერის ხმა] “ყველაზე სერიოზული ნაბიჯი იქნებოდა, ნატოში უკრაინისა და საქართველოს მიღება. ეს იქნებოდა არასიმბოლური ჟესტი. მეორე არასიმბოლური ჟესტი იქნებოდა, ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის შექმნა, თუმცა რუსეთის რეაქცია ამგვარ გეგმებზე, უბრალოდ საჩვენებლადაა. ძნელია იმის განსაზღვრა, როგორ მოიქცევა ჩრდილოატლანტიკური კავშირი. მაგრამ სწორი არ იქნებოდა, მოსკოვის ამ ზეწოლისთვის დათმობა. ასე რომ, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის ახლანდელმა ხელმძღვანელობამ უბრალოდ უზრუნველყო ნატოში უკრაინისა და საქართველოს შესვლა. ანუ, მან სწორედ იმას შეუწყო ხელი, რისი თავიდან აცილებაც სურდა. თუ ეს მოხდა, მაშინ რუსეთის მოსაზღვრე ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რუსეთის მოსახლეობას იმის მაგალითს უჩვენებს, როგორ იქცნენ ნორმალურ, აწყობილ დემოკრატიულ ქვეყნებად. ეს კი, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისთვის დიდ საფრხეს წარმოადგენს.”
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG