Accessibility links

დევნილები გორის რაონის სოფლებში ბრუნდებიან


ლტოლთილთა და განსახლების სამინისტროს მონაცემებით, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში გორის რაონში ათი ათასზე მეტი დევნილი დაბრუნდა.

რუსეთის აგრესიას გამორიდებულთა ერთი ნაწილი დედაქალაქიდან საკუთარი ავტომობილებით გაემგზავრა, ნაწილმა კი ისარგებლა თბილისის მერიის მიერ გამოყოფოლი რამდენიმე ათეული ავტობუსით. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დევნილები მხოლოდ იმ სოფლებში ბრუნდებიან, რომლებსაც საქართველოს პოლიცია აკონტროლებს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში იმასაც ამბობან, რომ მშობლიურ ადგილებში დაბრუნებული ადამიანების სიცოცხლეს რუსი აგრესორების მიერ დატოვებული ნაღმები და აუფეთქებელი ჭურვები უქმნიან.

სკოლებსა და ბაღებს თავშეფარებულმა დევნილებმა დედაქალაქის დატოვება 23 აგვისტოს დაიწყეს. თბილისის მიერიის გადაწყვეტილებით, დევნილთა განკარგულებაშია თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის თითქმის მთელი ავტოპარკი.

[მძღოლის ხმა] „გამოგვაზგავნეს სამმართველოდან. მიხვალთ, დადგებით და იქ გეტყვიან ყველაფერსო. საერთოდ 98 ნომერი მარშუტია, მაგრამ დღეს მე ვარ რეზერვში, ვისვენებდი და გამომიშვეს, გარაჟში რა გინდა, ხალხს უჭირს და დაეხმარეო. მეც წამოვედი დასახმარებლად, თუ შემიძლია რამე, აგერ ვარ“.

დევნილების უმეტესობას მართლაც სჭირდება გვერდში დგომა, რამეთუ მძიმე ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეორბის პარალელურად, იმყოფებიან უკიდურეს მატერიალ შეჭირვებაში, თუმცა, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ბესარიონ ჟღენტი ამბობს, რომ მზადაა დახმარება გაუწიოს დევნილთა ნებისმიერ რაოდენობას.

[ბესო ჟღენტის ხმა] „ველოდებით უფრო დიდ ნაკადს ადამიანებისა, რომლებიც გორში გაემგზავრებიან და ჩვენ - ტრანსპორტის საქალაქო სამსახური უზრუნველვყოფთ, რა აქტივობაც უნდა იყოს, ყველას და ჩავიყვანთ გორში“.

გორში წამსვლელთა რაოდენობა რომ დღითიდღე იზრდება, ამას ყველაზე უკეთ სკოლებისა და საბავშვო ბაღების მესვეურები ამჩნევენ. ჟანა მენაბდე 35-ე საჯარო სკოლის დირეტქტორის მოადგილე ამბობს, რომ სასწავლო დაწესებულება, რომელსაც თავს დევნილები აფარებენ, ნელ-ნელა ცარიელდება.

[ჟანა მენაბდის ხმა] „ერთიანად რომ ავიღოთ, შემოდიოდნენ და გადიოდნენ, სულ 182 დევნილი გვყავდა. უკანასკნელი ერთი დღის განმავლობაში თითქმის ნახევარი წავიდა“.

წასვლა, ცხადია, ყველას უნდა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაჟინებით ურჩევს დევნილებს არ დაბრუნდნენ იმ სოფლებში, რომლებშიც ქართველი პოლიციელები არ შესულან. მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე ჩამოთვლის უსაფრთხო დასახლებულ პუნქტებს.

[ეკა ზღულაძის ხმა] „საქართველოს შსს მთლიანად აკონტროლებს ხაშურის რაონს, ქარელის რაონს, კასპის რაიონს, ქალაქ გორს, გორის სამხრეთით მდებარე ყველა სოფელს და ჩრდილოეთით მდებარე შემდეგ სოფლებს: წითელუბანი, მეჯვრისხევი, ხელთუბანი, ზებდულეთი, ხორვალეთი, შავშვები, სვენეთი და ნაწრეტი. თითოეულ ამ რაიონსა და სოფელში დევნილების დაბრუნება არის სრულიად უსაფრთხო“.

თუმცა, რუსი ოკუპანტების მიერ დატოვებული ნაღმებისა და აუფეთქებელი ჭურვების სახით შიდა ქართლის მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე მაინც ემუქრება. 24 აგვისტოს გავრცელებული ცნობით, გორში, საარტილეორიო ბაზის მახლობლად, ნახევარი საათის ინტერვალით, ნაღმზე ორი ადამიანი აფეთქდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შინ დაბრუნებული დევნილები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ეგრეთ წოდებული კასეტური ბომბების ნარჩენებს, რომელთა ამოცნობა, როგორც სამინსტროს წარმომადგენელი შოთა უტიაშვილი ამბობს, შემდეგი ნიშნებითაა შესაძლებელი.

[შოთა უტიაშვილის ხმა] „ზედაპირზე გდია და უმეტესობას აქვს შებმული წითელი ლენტი. ყველაზე საშიში ახლა ეგ არის. როცა ჩამოყარეს მაშინ არ აფეთქდნენ, ახლა კი შეიძლება აფეთქდეს ნებისმიერ დროს შეხების თუ შეხების გარეშე“.

სულ, როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში განმარტავენ, ორი დღის განმავლობაში საკუთარ სახლებში ათი ათასზე მეტი დევნილი დაბრუნდა. დეპუტატი კობას სუბელიანი, ვინც კოორდინაციას უწევს კონფლიქტის ზონას გამორიდებული ადამიანების დაბინავებისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხს, ამბობს, რომ დევნილებს შეუძლიათ თან წაიღონ ყველა ის საჩუქარი და ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც მათ ბოლო დღეებში გადაეცათ.
XS
SM
MD
LG