Accessibility links

logo-print

რა კეთდება უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების თვალსაზრისით?


ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულად1800-მდე ადამიანი ითვლებოდა,

თუმცა უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა. დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების კომისიის ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება სამოცდაათამდე სამხედრო მოსამსახურე და რამდენიმე ასეული სამოქალაქო პირი. კომისიის წევრთა თქმით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საბოლოო რაოდენობის დაგენას ხელს უშლის საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე ხელისუფლების კონტროლის დაკარგვა და ის შიდამიგრაციული პროცესები, რაც რუსეთის ორკვირიანმა ინტერვენციამ გამოიწვია.

საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების კომისიის ინფორმაციით, რუსეთის ორკვირიანი აგრესიის შედეგად საქართველოს 1500-მდე მოქალაქე დაიჭრა, 215 კი დაიღუპა. ირკვევა, რომ გარდაცვლილთა აბსოლუტური უმრავლესობა - 133 საქართველოს შეაიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ამ ფაქტს ლოგიკურ ახსნას უძებნის პრეზიდენტი სააკაშვილი.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „სამხედრო ძალები იმისთვის ჰყავს ქვეყანას, რომ მათ თავი გაწირონ და დაიცვან ქვეყანა. ეს ბიჭები არიან პროფესიონალები და მათ შეგნებულად ჩაიცვეს ფორმა და ისინი ემზადებოდნენ თავგანწირვისთვის და შეგნებულად გაწირეს თავი ჩვენი ქვეყნისთვის“.

სამშობლოსთვის თავი არც იმ ბიჭებს დაუზოგავთ, რომლებიც ასევე საქართველოს შეიარაღბეულ ძალებში მსახურობდნენ და, რომლთა ასავალ-დასავალი დღემდე უცნობია. რუსთავში მცხოვრები მამუკა გოგრიჭიანი მეორე კვირაა უშუედეგოდ ეძებს ახლო ნათესავს, გორის განცალკევებული სატანკო ბატალიონის წევს ზაზა ბირთველიშვილს.

[მამუკა გოგრიჭიანის ხმა] „ზაზას ძმა, მამუკა ბირთველიშვილი იჯდა პირველ ტანკში, რომელიც მოწინააღმდეგემ დააზიანა. ეს გამოვიდა. დამაზიანეს და გავდივარო, უთხრა თავისიანებს. კიდევ ერთი დააზიანეს, ორი კი დაიკარგა. ვეძებთ ზაზას და ვერც მკვდარს და ვერც ცოცხალს ვერ ვპოულობთ. ვის აღარ მივმართეთ: თავდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ გვითხრეს, არც დაჭრილებში და არც გარდაცვლილებში ასეთი არა გვყავსო“.

სულ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების კომისიის მონაცემებით, დაკარგულად ითვლება სამოცდაათი სამხედრე მოსამსახურე. თავდაცვის სამინისტროს პერსსამსახური, რატომღაც უფრო დეტალური ინფორმაციის გაცემისგან თავს იკავებს.

[თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლის ხმა] „სამთავრობო კომისია არსებობს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. ამ კომისიას მიმართეთ და ყველაფერს გეტყვიან“.

კომისიაში, რომელსაც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, მოქმედებს ეგრეთ წოდებული „ცხელი ხაზი“, რომლის ნომერზე 28–16–41 დაკარგულთა ნათესავები და ახლობლები ნებისმიერ დროს რეკავენ. კომისიის აპარატის თანამშრომელი ნიკა სიხარულიძე განამარტავს.

[ნიკა სიხარულიძის ხმა] „იყო 700 ზარი შემოსული დაკარგულთა შესახებ. ნაწილი არის სამოქალაქო, ნაწილი სამხედრო. ზუსტი ციფრი არ ვიცით, იმიტომ, რომ კომპიუტერულმა პროგრამამ უნდა ამოყაროს ის თუ ვინ არის სამხედრო პირი და ვინ არა. თუმცა ზუსტად ვიცით, რომ ინფორმაციის უდიდესი ნაწილი სამოქალაქო პირებსა და კონფლიქტის ზონაში ჩარჩენილ პირებზე შემოდის. ამ 700-დან დაალოებით 60 პროცენტი ეძებდა სამოქალაქო პირებს“.

კომისიის ინფორმაციით, დაკარგულად მიჩნეული მოქალაქეების ერთი ნაწილი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც შესაძლებელი გახდა გორის რაიონში მოსახლეობის დაბრუნება. როგორც ასოციაცია სამართლისა და თავისუფლების იურისტი ზაზა თაქთაქიშვილი განმარტავს, სამართლებრივი თვალსაზრისით უგზო-უკვლოდ დაკარგულს ვერც სხვა მოქალაქეებს ვუწოდებთ. საჭიროა გარკვეული დრო და იურიდიული პროცედურები.

[ზაზა თაქთაქიშვილის ხმა] „სასამართლო გადაწყვეტილებით ხდება უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარება. უნდა არსებობდეს მინიმუმ ორი წლის განმავლობაში პიროვნების უგზოუკვლოდ დაკარგვის ცნობა. არანაირი განსხვავება არ არის, პიროვნება დაიღუპა თუ დაიკარგა კონფლიქტის დროს. მთავარია, სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდეს, რომ ადამიანი კონფლიქტის დროს დაიკარგა და ოჯახის წევრებზე გავრცელდება კანონით დაწესებული შეღავათები“.

თუმცა, ამ ეტაპზე, როცა ომის ნახანძრალი ჯერ არ გაცივებულა, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სტატუსზე მეტად დაკარგულთა ბედი აღელვებთ. პაატა ზაქარეიშვილი, ვინც აფხაზეთის ომის დროს აქტიურად იყო ჩართული უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების საქმეში, სახელმწიფო კომისიის წევრებს ერთ საქმიან რჩევას აძლევს.

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] „დრო ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. ვიდრე გვამები ზემოთ არის, ვიდრე მოსახლეობას ახსოვს, სად წიღეს, როგორ გამოიყურებოდა, შეიძლება საქმის შველა. თუ ეს გაიწელა, მერე როგორც წესი, ემოციები ცხრება, ხალხს მეხსიერება ღალატობს და იკარგება გზა-კვალი ბევრი ადამიანისა“.


XS
SM
MD
LG