Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ უფრო მალე დატოვებს შავი ზღვის აკვატორიას - რუსეთის თუ ნატოს სამხედრო გემები?


ათდღიანი ლოდინის შემდეგ ამერიკის საესკადრო ნაღმოსანმა და პოლონეთის ფერგატმა შავი ზღვის აკვატორიას მიაღწია და საქართველოს სანაპიროებთან რეიდზე გაჩერდა.

არსებობს ინფორმაცია, რომ მალე შავ ზღვაში ღუზას ამერიკის მე-6 ფლოტის ფლაგმანი ხომალდიც ჩაუშვებს. სამხედრო გემების შესვლა ბათუმის აკვატორიაში, თუნდაც ჰუმანიტარული მისიით, მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საქართველოსათვის. მაგრამ აქვს თუ არა ნატო-ს ხომალდების ვიზიტს უფრო გამოკვეთილი სამხედრო-პოლიტიკური მიზანი იმ პირობებში, როცა სოხუმთან და ოჩამჩირესთან მორიგეობს რუსეთის ფლოტი, ხოლო ფოთს კვლავ აკონტროლებენ რუსი სამხედროები?

ჰუმანიტარული ტვირთით სავსე ამერიკული ნაღმოსანი ”მაკფოლი” მეორე დღეა ბათუმის პორტთან ახლოს რეიდზე დგას. მას მალე დაემატება სასაზღვრო დაცვის კატარღა ”დალასი” და შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ფლაგმანი ”მაუნტ უიტნი”. რუსეთის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობამ, რომელიც თავიდან დიდი წინააღმდეგობას უწევდა ნატო-ს ქვეყნების ხომალდების გამოჩენას საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ბოლო ხანს აშკარა კონფრონტაციას თავი აარიდა და შავი ზღვის ფლოტის ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს გაარიდა. საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის, პირველი რანგის კაპიტან ბესიკ შენგელიას თქმით, მალე საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დატოვებს რუსეთის რამდენიმე სადესანტო კატარღაც, რომელიც გასვლის რეჟიმში ოჩამჩირის პორტში ჯერ კიდევ იმყოფება.

[ბესიკ შენგელია] ”ყველა გემი, გარდა სადესანტოებისა (რუსებს სამი დიდი სადესანტო გემი ჰყავდათ, ”მოსკოვი” და სხვა), - ყველა შესულია სევასტოპოლში. ეს უკრაინელბისგან ვიცით, რომლებთანაც კავშირი გვაქვს. ხოლო სადესანტო კატარღები ოჩამჩირე-სოხუმის რეიდზე იდგნენ და იტვირთებოდნენ. ანუ გასვლის რეჟიმშია, რადგან ტექნიკა რომელიც რუსებს შემოტანილი ჰქონდათ, - იტვირთება და რუსებს უკან გააქვთ. ”

ბესიკ შენგელიას ინფორმაციით, გამანადგურებელი ამერიკული გემი ”მაკფოლი” ბათუმის მახლობლად დაახლოებით ორ კვირას გაჩერდება. თავდაპირველად საქართვეოლს სურდა, რომ ამერიკის ხომალდები ფოთის რეიდზე დამდგარიყვნენ, მაგრამ რუსეთის ჯარების მიერ ფოთის პორტის ინფრასტრუქტურის განადგურებისა და რამდენიმე ერთეული კატარღის ჩაძირვის გამო, ამერიკული გამანადგურებლის ეკიპაჟმა ბათუმთან არჩია ღუზის ჩაშვება. თუმცა, თუნდაც ჰუმანიტარული მისიით ბათუმიდან 2 კილომეტრის დაშორებით მდგარი ამერიკული ”მაკფოლი” სერიოზული მხარდაჭერაა საქართველოსთვის და სულ მცირე იმის გარანტიაა, რომ ორი კვირის განმავლობაში, ვიდრე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკული ხომალდები იმორიგევებენ, საქართველოს ვერც საჰაერო და ვერც საზღვაო სივრცეს რუსული ხომალდები ვერ გადალახავენ.

[ირაკლი ალადაშვილი] ”მაკფოლი” ეს არის საესკადრო ნაღმოსნის კლასი, აქვს ფრთოსანი რაკეტები, ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, აქვს წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო და ასევე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. ახლა, თუ ასეთი გემი საქართველოს სანაპირო ზოლში დადგა, მას შეუძლია 100 კილომეტრის რადიუსში გააკონტროლოს საქართველოს საჰაერო სივრცე. 50 კილომეტრის რადიუსში ჩამოაგდოს სხვადასხვა საფრენი აპარატი. მაშინ, როცა საქართველოს საჰაერო სივრცე უკვე თითქმის დაუცველია, -ასეთ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა.”

თუმცა, გაზეთ ”კვირის პალიტრის” სამხედრო მიმოხილველი ირაკლი ალადაშვილი არ ფლობს ინფორმაციას, აპირებენ თუ არა ამერიკის სამხედრო გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დიდი ხნით დარჩენას ან საბრძოლო მორიგეობას. მაგრამ ჩემი თანამოსაუბრე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ირგვლივ მოვლენების სწრაფმა განვითარებამ ამერიკის სამხედრო სარდლობას საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კონტროლის გაფართოებაც აიძულოს.

[ირაკლი ალადაშვილი] ”ამერიკა რუსეთთან პირდაპირ ომში არ აპირებს ჩართვას. მაგრამ საქართველოს საზღვაო აკვატორიის დაცვაში დადგებიან თუ არა, მე ამაში ცოტა ეჭვი მეპარება. თუმცა, მსოფლიოში ისეთი ამბები ხდება ამ რუსული აგრესიის გამო, რომ ბოლომდე გამორიცხული არაფერი არ არის.” (სტილი დაცულია)

საქართველოში ცხადია, სურთ, რომ ნატოსა და ამერიკის სამხედრო ხომალდებმა ფეხი საქართველოს ტერიტორიულ წყლებშიც მოიკიდონ და აკონტროლონ, როგორც საჰაერო ისე საზღვაო სივრცე. მაგრამ, როგორც სამხედრო საზღვაო ძალების სარდალი ბესიკ შენგელია ამბობს, დაზუსტებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ამერიკის გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მხოლოდ რამდენიმე კვირით დარჩებიან.

[ბესიკ შენგელია] ”კი, სექტემბრის შუა რციხვებამდე ჩვენი გემები აქ იქნევიანო, - ასე მითხრა მე ოფიციალურმა პირმა, ამერიკის სამხედრო ატაშემ. მათ მონაცვლეობის გრაფიკივით აქვთ - ერთი გავა-მეორე შემოვა. და ამ პერიოდში 4 გემი იქნებაო აქ, ჩვენ აკვატორიაში.”

ამერიკული სამხედრო ხომალდების გარდა, 21 აგვისტოს შავი ზღვის აკვატორიაში ასევე შევიდა ესპანეთის და გერმანიის ფრეგატები, რამაც რუსეთის სამხედრო სარდლობას საფუძველი მისცა ”ნატო სიტუაციის გამწვავებაში” დაედანაშაულებინა. რუსეთის სარდლობის თქმით, ნატო საბაბად იყენებს ჰუმანიტარულ დახმარებას, რეალურად კი შავ ზღაზე პლაცდარმს ქმნის. თუ ვინ ამწვავებს სიტუაციას შავი ზღვის აკვატროიაში, ეს რუსეთის ორკვირიანმა ოკუპაციამ და ფოთის სამხედრო პორტის დარბევამაც ცხადად აჩვენა. მაგრამ რუსეთის სარდლობა ერთ რამეში ალბათ მართალია - შეუძლებელია, რომ ამერიკის ნაღმოსნებსა და ფრეგატებს საქართველოში მხოლოდ სასმელი წყლის ჩამოსატანად გაევლოთ ათასობით მილი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG