Accessibility links

დმიტრი მედვედევი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ცნობს


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, დღეს აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

მანამდე სოჭში რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრა, რომელიც მედვედევის ინიციატივით შედგა, და რომელსაც რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინიც დაესწრო, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლებლობის განხილვას მიეძღვნა. რას ნიშნავს ეს ნაბიჯი - და რა მოხდება ახლა?

რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი - დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა:

[მედვედევის ხმა] ”ვითვალისწინებთ რა აფხაზი და ოსი ხალხების ნების თავისუფალ გამოხატვას, ვხელმძღვანელობთ რა გაეროს ქარტიით, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობების და თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპების 1970 წლის დეკლარაციით, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის შესახებ ჰელსინკის კონფერენციის 1975 წლის საბოლოო აქტით, და სხვა ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტებით, მე ხელი მოვაწერე რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.”

ასეთი იყო რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც სატელევიზიო ეთერით გადაიცა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, 25 აგვისტოს, რუსეთის პარლამენტის ორივე პალატამ დაუჭირა მხარი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას. პრეზიდენტ მედვედევს გაეგზავნა მიმართვა დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.

მედვედევის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 7 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში განხორციელებული ოპერაციით რუსეთს არჩევანი არ დაუტოვა. მედვედევმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მძიმე ბრალდება, რომელსაც საქართველოს რუსეთის პოლიტიკური ლიდერები თუ საინფორმაციო საშუალებები უყენებენ - ”სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური გეგმების განსახორცეიელებლად გენოციდის გზა აირჩიაო”, თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

მედვედევმა თავის გამოსვლაში სხვა სახელმწიფოებსაც მიმართა:

[მედვედევის ხმა] ”რუსეთი სხვა სახელმწიფოებს მოუწოდებს, მისდიონ მის მაგალითს. ეს იოლი არჩევანი არ არის - მაგრამ ეს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი გზაა.”

ამ მოწოდების მიუხედავად, ანალიტიკოსების ვარაუდით, რუსეთის მაგალითს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა თუ მიბაძავს. ამასთან, არავინ ელის, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება კავკასიაში საზღვრების სწრაფ და ოფიციალურ შეცვლას მოიტანს. პრაქტიკული თვალსაზრისით, სავარაუდოდ, არც ამ ორი სეპარატისტული რეგიონის იზოლაცია შეიცვლება, და არც მათი მოსკოვზე დამოკიდებულების ხარისხი შესუსტდება - მით უფრო, თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ როგორც ბევრი ვარაუდობს, მოსკოვის საბოლოო მიზანს ამ ორი რეგიონის თავის შემადგენლობაში შეყვანა წარმოადგენს.

მაგრამ ის, რომ თავისთავად ეს ნაბიჯი რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს თვისებრივად ახალ განზომილებას სძენს - და რომ ეს დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გაამწვავებს - ეჭვს არ აღძრავს.

მედვედევის დღევანდელ განცხადებას უკვე მოჰყვა მძაფრი საერთაშორისო გამოხმაურება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდილიზა რაისმა, რუსეთის გადაწყვეტილებას ”სამწუხარო” უწოდა.

რუსეთის ნაბიჯს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ შექმნილი გაეროს რეზოლუციების დარღვევა უწოდა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოპ სხეფერმა.

რუსეთის ნაბიჯი დაგმო ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ სტუბმაც, - გავრცელებულ განცხადებაში სტუბი ამბობს, რომ სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება ეუთოს უმთავრესი პრინციპების დარღვევას წარმოადგენს.

მედვედევის განცხადებას ბრიტანეთის საგარეო უწყებამაც უპასუხა - ”ჩვენ ამას კატეგორიულად ვუარყოფთ, და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას” - ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ერიკ შევალიეს თქმით, რუსეთის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს პარიზიც. საფრანგეთის ინიციატივით ორშაბათს ამ კრიზისისადმი მიძღვნილი ევროკავშირის ლიდერთა შეხვედრა გაიმართება.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა:
[მერკელის ხმა]"ცხადია, უნდა შეგვეძლოს პოლიტიკური პროცესების მართვა. ეს საქმე მეტად გაართულა გარემოებამ, რომ გუშინ დუმამ, დღეს კი რუსეთის პრეზიდენტმა აფხახეთი და სამხრეთი ოსეთი აღიარეს. შესაბამის განკარგულებას სულ ახლახან მოაწერა ხელი რუსეთის პრეზიდენტმა. ეს - ჩემი აზრით და, ვფიქრობ, ჩვენი აზრით - ეწინააღმდეგება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, საერთაშორისრო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს და ამიტომ ყოვლად მიუღებელია."

რუსეთის გადაწყვეტილება ასევე უარყვეს იტალიის, ჩეხეთისა და ფინეთის საგარეო უწყებებმა.

რუსეთის გადაწყვეტილება დაგმო ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა: "რუსეთს არ შეუძლია ერთდროულად ორ გზას ადგეს. წარსულში ის აქტიურად უჭერდა მხარს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. ნებისმიერი ობიექტური მეთვალყურისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობის თაობაზე გადაწყვეტილება შეუთავსებელია ამ პრინციპთან. ბოლოს და ბოლოს ამ გადაწყვეტილების შედეგად ზიანი მიადგება რუსეთის ფედერაციისადმი ნდობას საერთაშორისო დონეზე. რუსეთს არ შეუძლია მხოლოდ მაშინ მოიხმოს საერთაშორისო სამართალი, როცა თავად მოესურვება ეს."

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, ლუის მარია დე პუჩმა მწვავედ გაკიცხა რუსეთი. მისი თქმით, "საქმე გვაქვს საერთაშორისო სამართლის, ასევე ევროსაბჭოს ძირითადი პრინციპის აშკარა და განზრახ დარღვევაზე. ეს გადაწყვეტილება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას კი არ შეუწყობს ხელს, არამედ კიდევ უფრო ამწვავებს ვითარებას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას დამატებით წინაღობებს უქმნის."

მოსკოვის გადაწყვეტილებას შეფასებას მისცემენ საპარლამენტო ასამბლეის მორიგ სესიაზე, რომელიც 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე გაიმართება.

საერთაშორისო გამოხმაურებები შემოსვლას განაგრძობს - თუმცა ის, თუ რამდენად შეაშფოთებს რუსეთს დასავლეთის ამგვარი რეაქცია, უცნობია. მეტიც - ბევრი ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება დასავლეთთან უკვე გართულებული ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვისკენ მიზანმიმართული და რადიკალური ქმედება იყო.

ვარაუდს, რომ რუსეთი დასავლეთთან ღია კონფრონტაციაზე მიდის, ექსპერტები მოსკოვის მიერ ბოლო დღეებში გადადგმული რამდენიმე ნაბიჯით ამყარებენ - იქნება ეს ნატოსთან რიგ საკითხებში თანამშრომლობის შეწყვეტა, თუ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის მიმდინარე სამუშაოების გაჩერება.

ის, თუ კონკრეტულად რას მოუტანს რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობას მოსკოვის დღევანდელი გადაწყვეტილება, სავარაუდოდ მალე გამოჩნდება. მანამდე კი რუსეთის პრეზიდენტმა უკვე გასცა განკარგულება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური კავშირების დამყარების, და მათან პარტნიორული შეთანხმებების გაფორმების შესახებ. ამ შეთანხმებების გაფორმებამდე კი, პრეზიდენტის განკარგულებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მშვიდობის შენარჩუნება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაევალა.
XS
SM
MD
LG