Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


საინტერესოა, რომ მაშინ, როცა რუსეთი თავისი სამხედრო ძლიერების ჩვენებას ცდილობს საქართველოში, დასავლეთის პრესაში სულ უფრო გახშირდა მის სისუსტეებზე საუბარი.



"ვაშინგტონ პოსტის" ერთ-ერთ წინა სარედაქციო სტატიაში საუბარი იყო ორ არგუმენტზე, რომელთა თანახმად, ზოგიერთის აზრით, რუსეთზე ზეწოლა ძნელია. პირველი ისაა, რომ თითქოს მოსკოვთან თანამშრომლობა საჭიროა მთელ რიგ საჭირბოროტო საკითხებში, მაგალითად, ირანთან მიმართებაში. და მეორე - რომ რუსეთის მიმართ პოლიტიკაში აზრთა სხვადასხვაობაა თავად დასავლეთის ბანაკში, ამერიკასა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის.

"პოსტის" 26 აგვისტოს სარედაქციოში - სათაურით "შემდეგი ნაბიჯები საქართველოსთან დაკავშირებით" - ეს ორივე არგუმენტი უკუგდებულია.

სტატია გვთავაზობს მთელი რიგ კონკრეტულ ზომას მოსკოვის წინააღმდეგ. მათ შორის, საქართველოსთვის სწრაფი და ეფექტიანი აღდგენითი პროგრამის შეთავაზებას, რომლის მიზანი იქნება აჩვენოს, რომ რუსეთის ოკუპაციას არ შეუძლია საქართველოს ეკონომიკის დანგრევა.

რაც შეეხება თავად რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ზომებს, "ვაშინგტონ პოსტის" აზრით, ერთობ ეფექტიანი იქნებოდა რუსეთის პოლიტიკური ელიტის, იმ ოლიგარქების ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრება, რომელთაც დასავლეთში აქვთ დაბანდებული მილიარდობით დოლარი.

"რატომაც არ უნდა მოახდინონ რეაგირება შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა რუსეთის კომპანიების წინააღმდეგ გამოთქმულ მრავალ ბრალდებაზე კორუფციის სფეროში? თუკი კრემლთან ახლოს მდგომი კომპანიები დაარღვევენ საქართველოსა და საერთაშორისო კანონებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საქმიანობით, მათი ქონება - მაგალითად, ბენზინის გასამართი სადგურები შეერთებულ შტატებში - შეიძლება კონფისცირებულ იქნეს", შენიშნავს "ვაშინგტონ პოსტი" და დაასკვნის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რათა საქართველოს ეკონომიკა რუსეთის აგრესიის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდეს და რუსეთმა გააცნობიეროს, რომ მეზობელი ქვეყნის ხანგრძლივი ოკუპაცია თავად მას მხოლოდ დაასუსტებს.

ასევე რუსეთის სისუსტეებს აპყრობს ყურადღებას გაზეთი "უოლ სტრიტ ჯორნალი" სტატიაში "რუსეთი სახიფათოა, მაგრამ სუსტია." სტატიის დასაწყისში ავტორი, ბრეტ სტივენსი, შეგვახსენებს ცნობილი მეცნიერის, დიტრიხ გაიერის სიტყვებს: "რუსეთში ექსპანსია ეკონომიკური სისუსტის გამოხატულება იყო და არა უკიდეგანო ძლევამოსილებისო."

სტივენსი იხსენებს საბჭოთა კავშირის იმიჯს, იმპერიისა, რომელიც ლამის უძლეველად მიაჩნდათ, განსაკუთრებით 70-იან წლებში.

"მაგრამ - წერს იგი - საბჭოთა კავშირი არ იყო უძლეველი. და სოციალური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის იგივე კანონები, რომლებიც ბრეჟნევის პერიოდის საბჭოთა კავშირში მოქმედებდა, ზუსტად ესადაგება ბატონი პუტინის კა-გე-ბე-ს სახელმწიფოსო".

ავტორი მიუთითებს რუსეთის ეკონომიკური განვითარების ტენდენციებზე, რომლებიც კარგს არაფერს უქადის მოსკოვს. პირველ რიგში ესაა ენერგომატარებლების პროდუქცია და დემოგრაფია. ენერგომატარებლების ფასების დაცემა უდიდესი დარტყმა იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის. ასევე დიდი პრობლემა შეექმნება მას მოსახლეობის რიცხვის და, შესაბამისად, მუშახელის კლებით.

"მისი ისტორიის უდიდესი პერიოდის მანძილზე რუსეთი იყო სუსტი სახელმწიფო, რომელიც ძლიერის ნიღაბს იკეთებდა - ეს გახლავთ ერთგვარი ფსიქოლოგიური პროფილი უსაფრთხოების დეფიციტის პირობებში. ამიტომაც მას საერთაშორისო ასპარეზზე კოზირად მიაჩნდა საქმის გამფუჭებელი ოპორტუნისტის როლში ყოფნა, რასაც იგი ახლა აკეთებს ირანთან დაკავშირებით...

მაშ როგორ უნდა მოვექცეთ ნევროტიკს? - კითხულობს სტივენსი და განაგრძობს - მისი მოტყუება არ იქნებოდა სწორი. რუსეთი სახიფათოა, მაგრამ ამავე დროს ის სუსტიცაა და კარგი იქნებოდა, გვეპოვა გზები მისთვის ამის შესახსენებლად. დასაწყისისთვის ივარგებდა საქართველოსთვის სტინგერის ტიპის რაკეტების მიცემაო," დაასკვნის ბრეტ სტივენსი "უოლ სტრიტ ჯორნალში" გამოქვეყნებულ სტატიაში "რუსეთი სახიფათოა, მაგრამ სუსტია."

იმავე "უოლ სტრიტ ჯორნელში" საქართველოსთვის სამხედრო-ტექნიკური დახმარების გაწევის თემას ავითარებენ სენატორები ლინდსი გრეჰემი და ჯო ლიბერმანი, რომლებიც ახლახან დაბრუნდნენ საქართველოდან.

"კერძოდ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უნდა გადაეცეს ანტისაჰაერო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც რუსეთის ხელახალი აგრესიის მოგერიებისთვის იქნება საჭირო," წერენ ისინი სტატიაში, რომლის სათაურია "რუსეთის აგრესია გამოწვევაა მსოფლიო წესრიგისთვის."

გარდა ამისა, ავტორების აზრით, უნდა გააქტიურდეს ნატო, როგორც სამხედრო ალიანსი და არა მხოლოდ როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია.

"უნდა განახლდეს კონვენციური და არაკონვენციური თავდასხმების, მათ შორის კიბერომის წინააღმდეგ ყველა წევრი ქვეყნის თავდაცვის დაგეგმვა. მეტი დამაჯერებლობა უნდა შევმატოთ ნატოს ქარტიის მე-5 მუხლს - რომ ერთ მოკავშირეზე თავდასხმა განხილულ იქნება როგორც მთელ ალიანსზე თავდასხმა."

ავტორები მიუთითებენ ასევე ახალი ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული ალიანსის შექმნის აუცილებლობაზე, რათა შემცირდეს რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება.

გრეჰემისა და ლიბერმანის აზრით, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიით რუსეთმა სერიოზული სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რადგან ის, ფაქტობრივად, იზოლაციაში აღმოჩნდა.

"სანამ რუსეთის ლიდერები ამ ვითარებიდან გაკვეთილს ისწავლიან, დასავლეთის ლოზუნგი უნდა იყოს სოლიდარობა: სოლიდარობა საქართველოს ხალხთან და მის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან; სოლიდარობა რეგიონში ჩვენს მოკავშირეებთან; და, რაც მთავარია, სოლიდარობა იმ ღირებულებების მიმართ, რომლებმაც საზრისი მიანიჭა ჩვენს დემოკრატიათა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობას და სოლიდარობა ევროპის, როგორც ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი კონტინენტის ჩვენეული ხედვის მიმართ."

ეს გახლდათ აშშ-ის სენატორების, ლინდსი გრეჰემისა და ჯო ლიბერმანის სტატია "რუსეთის აგრესია გამოწვევაა მსოფლიო წესრიგისთვის." სტატია 26 აგვისტოს "უოლ სტრიტ ჯორნელში" გამოქვეყნდა.
XS
SM
MD
LG