Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ დევიდ მერკელთან


რადიო თავისუფლების მოლდავურმა რედაქციამ ინტერვიუ ჩამოართვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დევიდ მერკელს.



ამერიკელმა დიპლომატმა ისაუბრა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიციაზე.

[მერკელის ხმა] "ეს გახლავთ თემა, რომელზეც პრეზიდენტმა ბუშმა ისაუბრა. მან მოუწოდა რუსეთის ლიდერებს, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები და არ აღიარონ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები. შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ნატო ძალზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას."

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ მოსკოვთან ურთიერთობების თაობაზე აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა შეინიშნება ვაშინგტონსა და ევროკავშირის რიგ წევრებს შორის. როგორია ამერიკის პოზიცია რუსეთის მიმართ და რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს იგი უახლოეს მომავალში?

[მერკელის ხმა] "ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გააკეთოს რუსეთმა, არის ის, რომ გაიყვანოს თავისი ჯარები და განახორციელოს საზავო შეთანხმებით განთვალისწინებული პირობები. ჩემის აზრით, პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა რაისმა ნათელყვეს, რომ პასუხი უნდა გაეცეს რუსეთის მოქმედებებს, რომლებიც მე-19 საუკუნის ქცევას უფრო ჰგავს, ვიდრე 21-ესას. ჩვენ გვსურს ვითანამშრომლოთ ევროკავშირთან, რათა ვცადოთ დავარწმუნოთ რუსეთი, რომ დადებითი ნაბიჯები გადადგას წინ."

დაბოლოს, ჩვენმა რადიომ დევიდ მერკელს ჰკითხა ზოგადად შავი ზღვის რეგიონში ამერიკის ინეტერსებისა და გეგმების შესახებ:

[მერკელის ხმა] "შავი ზღვის რეგიონს ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატებისთვის. თუკი კასპიისა და შავი ზღვის რეგიონს შევხედავთ, ის შეიძლება იყოს უფსკრული ან ხიდი ევროპული ღირებულებებისა და სტაბილურობის ექსპორტისთვის. შეიძლება უფსკრული ან ხიდი იყოს ევროპასა და ცენტრალურ აზიასა და ფართო გაგებით ახლო აღმოსავლეთს შორის. შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატებისთვის პრიორიტეტი იყო და დარჩება პრიორიტეტად. და ჩვენ ვაპირებთ მჭიდრო კავშირში ვიყოთ მიმდებარე ქვეყნებთან და სხვა ქვეყნებთან შავი ზღვის რეგიონში."

ეს გახლდათ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დევიდ მერკელი. მასთან ინტერიუ ჩვენი რადიოს მოლდავურმა რედაქციამ აიღო.
XS
SM
MD
LG