Accessibility links

logo-print

როგორ შეხვდნენ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოში


რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობას მშვიდად შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები.

რადიო ”თავისუფლების“ რესპონდენტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, საერთაშორისო სამართლის მიღმა აღმოჩნდა. თბილისელები ასევე დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობის დასარღვევად მხოლოდ ერთი ქვეყნის ძალისხმევა არ კმარა.

გაგრის მკვიდრმა ჯონი ჯეჯელავამ მშობლიური კუთხე 1992 წელს დატოვა. ერთი ხანობა სასტუმროში ცხოვრობდა, თუმცა დროთა განმავლობაში შემოსავლის გაზრდა და ბინის დაქირავება შეძლო. თექვსმეტწლიანი დევნილობისა და რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიუხედავად, სამოცს მიტანებული მამაკაცი შინ დაბრუნების იმედს მაინც არ კარგავს:

[ჯონი ჯეჯელავას ხმა] „არაფერი არ დაგვიკარგია. ახლა რეალური შანსია, რომ დავიბრუნოთ. მთელი მსოფლიო მხარში გვიდგას, მანამდე ვინ იცოდა საქართველოში რა ხდებოდა. რუსეთს უჯერებდნენ, ჩვენ რა შუაში ვართ, აფხაზები და ქართველები ერთმანეთს უნდა მოელაპარაკონო. არადა, რუსი გვებრძოდა, რაშიც ახლა გაიშიფრა. მე გაგრელი კაცი ვარ და ახლა გამიჩნდა დაბრუნების იმედი.“(სტილი დაცულია)

ჯონი ჯეჯელავას მსგავსად, არც თბილისელებს გადასწურვიათ სეპარატისტული რეგიონების დაბრუნების იმედი. რადიო ”თავისუფლება” რამდენიმე მათგანს რუსთაველის გამზირზე გამოელაპარაკა.

[მამაკაცის ხმა] „მარტო რუსების აღიარება ბევრს არაფერს ნიშნავს. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში დარჩება. მე მგონი, ჩვენი მეგობარი ქვეყნები რუსეთს უკან დახევას აიძულებენ.“

[ქალბატონის ხმა] „სწორედ ახლა წყდება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. არა მგონია, რუსეთის აღიარებით არაფერი შეიცვლება. რუსეთი იზოლაციაში მოექცევა და ეს იქნება ჩვენი გამოსავალი და ბრძოლის დასაწყისი.“

[ქალბატონის ხმა] „ძალიან მძიმე სიტუაციაა და ახლა ომზე ფიქრი სისულელეა. მოლაპარაკებითა და მშვიდობიანი გზით უნდა დავიბრუნოთ. მე ვერა, მაგრამ ჩემი შვილები, ალბათ, მოესწრებიან.“


აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას შეუძლებლად არც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ. დეპუტატი ლევან ვეფხვაძე ოკუპაციის პასუხად სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს:

[ლევან ვეფხვაძის ხმა] „გარდა ოკუპაციის აქტისა, კონსტიტუციაშიც უნდა დაფიქსირდეს ეს ტერიტორიები როგორც საქართველოს ანექსირებული, ოკუპირებული ტერიტორიები და ჩაიდოს ვალდებულება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რომ მან ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ ტერიტორიების დეოკუპაციისათვის. ეს ვალდებულება ეხება როგორც ეკონომიკურ, სამართლებრივ, ასევე დიპლომატიურ ბერკეტებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ არ გამოვრიცხავთ ასევე იძულებით წესრიგის დამყარებასაც, თუკი ამის საჭიროება და შესაძლებლობა გვექნება.“(სტილი დაცულია)

კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის, ”ახალი მემარჯვენეების”, ლიდერი მანანა ნაჭყებია დარწმუნებულია, რომ რუსეთს მხარს არ აუბამს მსოფლიოს არც ერთი წამყვანი ქვეყანა, თუმცა, მისივე თქმით, ამის გარეშეც, საქართველოში შექმნილი ვითარება უმძიმესია:

[მანანა ნაჭყებიას ხმა] „ვშიშობ, რომ სულ ახლო მომავალში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილს გამოთქვამენ. შემდეგ რუსეთი განახორციელებს თავის ეკონომიკურ და სამხედრო პოლიტიკას და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ამ რეგიონების დაბრუნება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.“(სტილი დაცულია)

მანანა ნაჭყებიასგან განსხვავებით, რუსეთის შემდგომი ნაბიჯების გათვლა უჭირს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს. ლაშა ჟვანიას თქმით, რუსეთის ქცევა პროგნოზირებადი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით თუ გახდება:

[ლაშა ჟვანიას ხმა] „დღეს მსოფლიო უნდა ეცადოს, რომ რუსეთი დააბრუნოს საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობის ნორმალურ ჭრილში, მაგრამ ამ ჭრილში დაბრუნება აუცილებლად გადის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ცნობაზე, საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანაზე და საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების დარეგულირებაზე.“(სტილი დაცულია)

პოლიტიკოსები ჯერჯერობთი თავს იკავებენ საქართველოს ხელისუფლების ქცევის საჯარო და დეტალური ანალიზისგან. რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ქართველ ხალხს უკეთესი ხელისუფლება, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას უფრო სანდო და ადეკვატური პარტნიორი ესაჭიროება:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] „ევროპაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც, ბუნებრივია, იქნებიან მოწადინებული, რომ საქართველოში ჰყავდეთ რეალური, პრაგმატული, მიზანმიმართული, კვალიფიციური, არაკორუმპირებული და პატიოსანი პარტნიორი. ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა. ეს იქნება უახლოესი გეგმები მას შემდეგ, რაც რუსის ჯარი დატოვებს საქართველოს იმ ტერიტორიას, სადაც არანაირი შეთანხმებით ის არ უნდა იყოს.“

ოკუპანტების გასვლას ელოდებიან რიგითი მოქალაქეებიც. გაგრიდან დევნილი ჯონი ჯეჯელავა ფიქრობს, რომ ხელისუფლებას არაფერი შეშლია, თუმცა, ცხადია, ყველა ასე არ ფიქრობს:


[ჯონი ჯეჯელავას ხმა] “მარტო ეს რომ გააკეთა, რომ გაშიფრა რუსეთი, რად ღირს. კი, დაიღუპნენ ბიჭები, შეეწირნენ, არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ, როგორც იტყვიან, უმსხვერპლოდ არაფერი გამოვა.“

[მამაკაცის ხმა] „უშეცდომო კაცი არ არსებობს, მაგრამ ახლა ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ. ყველაფერი რომ დაწყნარდება, მერე, თუ არის საჭირო, გავარკვიოთ.“

[ქალბატონის ხმა] „რა თქმა უნდა, შეცდომები ბევრი და დიდი აქვს, მაგრამ ამ ვითარებაში მაქსიმალურად ცდილობს და ყველაფერს აკეთებს.“
XS
SM
MD
LG