Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უპასუხებს ევროკავშირი რუსეთს საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯების გამო - პერსპექტივები ევროპის ქვეყნების დედაქალაქებიდან


რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, აღიაროს საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა;

მაგრამ კონკრეტულად რა ზომებით უპასუხებს ევროპა რუსეთის ქმედებებს, ჯერ კიდევ უცნობია. ბევრი რამ 1 სექტემბერს დანიშნულ ევროკავშირის საგანგებო სხდომაზე გახდება ნათელი, თუმცა ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები პოზიციათა შეჯერებას და ერთიანი მკაცრი მიდგომის შემუშავებას ვერ შეძლებენ. მაინც რა ცვლილებებია მოსალოდნელი ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობაში? - ამ შეკითხვით მიმართა რადიო ”თავისუფლებამ” ექსპერტებს ლონდონში, პარიზში, ბერლინსა და რომში.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის გარკვევაც ევროპელ ექსპერტებთან საუბარში გვინდოდა, ევროკავშირის ცალკეული წევრი ქვეყნების პოზიცია იყო საქართველოში განვითარებული კრიზისის და რუსეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯების მიმართ.

მსგავსი შინაარსის შეკითხვით ოთხივე ექსპერტს მივმართეთ. პირველ რიგში, გაგაცნობთ პასუხს, რომელიც ფრანგმა ანალიტიკოსმა, საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ფილიპ მორო დეფარჟმა გაგვცა. მოგეხსენებათ, საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა, აქტიურად იყო ჩართული კრიზისის განმუხტვაში - პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ უშუალოდ მიიღო მონაწილეობა საზავო შეთანხმების გაფორმებაში. როგორია საფრანგეთის ზოგადი პოზიცია რუსეთის ქმედებების მიმართ?

[მორო დეფარჟის ხმა] ”სხვა ბევრი ევროპული ქვეყნის მსგავსად, საფრანგეთი ორ - გარკვეულწილად, ურთიერთგამომრიცხავ - პოზიციას შორისაა მოქცეული. პირველი პოზიციაა - არ მიიღოს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ქმედებები. ნათელია, რომ ეს ნაბიჯები სკანდალურია, მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. ეს ეჭვგარეშეა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან ურთიერთობაში რიგი უგუნური ნაბიჯები გადადგა. მეორე პოზიცია კი ემყარება სურვილს, შეინარჩუნოს რუსეთთან კონტაქტი და არ დაუშვას ახალი ცივი ომის გაჩაღება.”

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ბრიტანეთი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი აღმოჩნდა. 26 აგვისტოს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა რუსეთის მხრიდან საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება დაგმო და ”რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ” ”მაქსიმალურად ფართო” საერთაშორისო კოალიციის შექმნის მოწოდებით გამოვიდა.

ბრიტანეთის პოზიციის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად მივმართეთ დენის კორბოის, საქართველოში ევროკავშირის ყოფილ ელჩს, რომელიც ამჟამად ლონდონში კავკასიის პოლიტიკის კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს. კორბოის ვკითხეთ, მიაჩნია თუ არა მილიბენდის განცხადება იმის მანიშნებელ სიგნალად, რომ ლონდონი უკმაყოფილოა ევროკავშირის ძველი წევრების პოზიციით რუსეთის მიმართ და მოკავშირეებს ახალ წევრ ქვეყნებს და, ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს შორის ეძებს?

[კორბოის ხმა] ”ვფიქრობ, ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფო - განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მსგავს პოზიციაზე დადგება. პრობლემა იმაშია, რომ რთული იქნება ერთიანი მკაცრი პოზიციის მიღწევა. ამდენად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, თუკი ევროკავშირი ამ სამიტზე ვერ შეძლებს ერთიანი შეთანხმების მიღწევას, ეს საქმის დასასრული არ იქნება, ვინაიდან სხვა გზებიც იარსებებს. [ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება] ალბათ ძალიან გაახარებს აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებიც იმედგაცრუებულები არიან ევროპის უუნარობით, დადგეს მკაცრ პოზიციაზე. თუმცა აქვე უნდა დავამატო, რომ ამ უუნარობას მყარი მიზეზები აქვს. აქ ისევ რუსეთის იზოლაციაში მოქცევის ან მასთან თანამშრომლობის ძველი არჩევანი იჩენს თავს. მე ყოველთვის თანამშრომლობის მომხრე ვარ, თუმცა ეს ნებისმიერ ფასად არ უნდა მოხდეს.”

გერმანია, რომელიც ევროკავშირში ყველაზე დიდ ეკონომიკას წარმოადგენს, რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობებით გამოირჩევა - განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. თუმცა, ამის მიუხედავად, უკანასკნელ პერიოდში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სულ უფრო მეტად კრიტიკულია რუსეთის ნაბიჯების მიმართ.

რადიო ”თავისუფლება” საერთაშორისო ურთიერთობების გერმანელ ექსპერტს, საერთაშორისო ურთიერთობების გერმანული საბჭოს წარმომადგენელ იან ტეხაუს დაუკავშირდა და თავდაპირველად ამ ცვლილების შეფასება სთხოვა:

[ტეხაუს ხმა] ”ჩემი აზრით, ჩვენთან, გერმანიაში, სულ უფრო მეტად იზრდება განცდა, რომ ეს მართლაც დიდი განხეთქილებაა. საინტერესოა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გადაფასების შესახებ განცხადების გაკეთებისას გერმანიის მთავრობა საკმაოდ მწვავედ გამოვიდა, ხოლო საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას ძალიან, ძალიან მკაცრი ტერმინოლოგია გამოიყენა. ამას ბევრი ანალიტიკოსი ვერ წარმოიდგენდა. თუმცა, როგორც ჩანს, [ახლანდელ ვითარებაში] რუსეთის მიმართ ქალბატონ მერკელისა და გერმანიის მთავრობის მკაცრმა პოზიციამ გადაწონა, რაც, ჩემი აზრით, დადებითი ნიშანია.”

საქართველოს გამო რუსეთისა და ევროკავშირის გამწვავებულ ურთიერთობაში თითქმის არ ფიგურირებს ევროკავშირის კიდევ ერთი წევრი ქვეყნის - იტალიის - ხმა. ამის მიზეზად მხოლოდ ის არ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ იტალია რუსეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. რუსეთთან ამგვარი ურთიერთობით გერმანია და საფრანგეთიც გამოირჩევიან, მაგრამ, როგორც ვთქვით, ეს ორი ქვეყანა აქტიურად არის ჩართული კრიზისის განმუხტვაში.

როგორც რადიო ”თავისუფლებას” იტალიელმა ანალიტიკოსმა, რომში განთავსებული საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის წარმომადგენელმა ჯოვანი გასპარინიმ უთხრა, ამ სიჩუმის მიზეზია იტალიის პრემიერ-მინისტრის სურვილი, რუსეთთან ურთიერთობა პრიორიტეტულ საკითხად აქციოს:

[გასპარინის ხმა] ”ეს სიჩუმე იმით იყო გამოწვეული, რომ ორი მიზეზის გამო ჩვენ საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. პირველი მიზეზი ჩვენი ეკონომიკური ინტერესებია, - განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, - რაც გვაიძულებს მაინცდამაინც არ ვიაქტიუროთ. მეორე მიზეზი კი ის გახლავთ, რომ საგარეო საქმეთა ამჟამინდელ მინისტრს, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრს, ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ პირადად პრემიერ-მინისტრ პუტინთან. ბერლუსკონი ყოველთვის ცდილობდა იმის ხაზგასმას, რომ ის პუტინის დიდი მეგობარია - მან პუტინი საერთაშორისო პრესასთან საუბრისას ჩეჩნეთის საკითხშიც კი დაიცვა.”

ევროპელ ანალიტიკოსებს პირველ სექტემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირის საგანგებო სამიტზეც ვესაუბრეთ, რომელიც საფრანგეთის ინიციატივით გაიმართება და საქართველოსთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს მიეძღვნება. რა შედეგებს შეიძლება ველოდეთ ამ შეხვედრისგან?

ფრანგი ექსპერტის ფილიპ მორო დეფარჟის პასუხი ასეთი იყო:

[მორო დეფარჟის ხმა] ”საფრანგეთი ეცდება, ევროკავშირი ერთიან პოზიციაზე დადგეს. მიზანი მკაცრი ზომების გატარება კი არა, ერთიანი პოზიციის მიღწევაა. ამგვარი ერთიანობა კი გარკვეული კომპრომისის დაშვებით მიიღწევა - რუსეთის ნაბიჯების, განსაკუთრებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დაგმობით და, იმავდროულად, რუსეთთან დიალოგის შენარჩუნებით. ამდენად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტექსტი, რომელსაც ამ შეხვედრაზე მიიღებენ, გარკვეული დისტანციის მატარებელი იქნება. ცხადია, ყოველთვის შეიძლება სიურპრიზები მოხდეს, მაგრამ მაინც ძნელი წარმოსადგენია ის, რომ ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს რუსეთთან ჩხუბი უნდოდეს - შესაძლოა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და დიდი ბრიტანეთის გამოკლებით. ამდენად, ჩვენ ერთგვარად გამოუვალ ვითარებაში აღმოვჩნდებით და ეს ვითარება გაგრძელდება.”

მოსაზრებას, რომ ევროკავშირს კვლავაც გაუჭირდება ერთიან პოზიციაზე დადგომა, ბრიტანელი ანალიტიკოსი დენის კორბოიც ეთანხმება:

[კორბოის ხმა] ”მომავალ კვირაში ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის საბჭოს საგანგებო შეხვედრა ძალიან რთული იქნება. შეიძლება ევროპამ ვერ მოახერხოს ერთიანად მოქმედება და, ამდენად, შესაძლებელია, მკაცრი პოზიციის შესამუშავებლად ერთგვარი ”მოსურნეთა კოალიციის” შექმნა გახდეს საჭირო. ამ ეტაპზე ძალიან რთულია იმის განსაზღვრა, კონკრეტულად როგორ იმუშავებს ეს, ვინაიდან ახლა ძალიან გაურკვეველ და, შესაძლოა, ძალიან საშიშ სტადიაში ვიმყოფებით, რომელიც საქართველოს საზღვრებს მნიშვნელოვნად გასცდა.”

როგორი იქნება გერმანიის როლი ამ სამიტზე - შეეცდება თუ არა ბერლინი ”ახალი ევროპელებისგან” წამოსული მწვავე რიტორიკის განმუხტვას? - ვკითხეთ გერმანელ ანალიტიკოსს, იან ტეხაუს:

[ტეხაუს ხმა] ”თუკი ევროპაში ერთიანი, საერთო პოზიციის შემუშავება გვსურს, ამის მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესად მწვავე რიტორიკის შესუსტებით შეიძლება, იმიტომ რომ ამგვარი რიტორიკის გამოყენება ევროპის ყველა ქვეყანას არ სურს. ჯერჯერობით ამგვარი მიდგომა წარმატებული იყო - მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ”ძველ” და ”ახალ” ევროპად არის დაყოფილი, ამ საკითხთან მიმართებით ის საკმაოდ ერთიანად მოქმედებდა, რიტორიკული, ემოციური თუ სტრატეგიული თვალსაზრისით. საქართველოში განვითარებულ კრიზისს ევროპა საკმაოდ ერთიანი პოზიციით გამოეხმაურა - ყველა გადაწყვეტილება თუ კენჭისყრა აქამდე ერთსულოვანი იყო.”

იტალიელ ექსპერტს ჯოვანი გასპარინის ეჭვი ეპარება ევროკავშირმა თავად იკისროს რუსეთის მიმართ სადამსჯელო ზომების გატარება:

[გასპარინი] ”ჩემი შთაბეჭდილებით, ევროკავშირს სადამსჯელო ზომების გატარების, ნეგატიური ელემენტის ნატოსთვის გადაბარება სურს, თავად კი რუსეთთან პარტნიორულ ურთიერთობას განაგრძობს. ამდენად, საქმე, შესაძლოა, შრომის გადანაწილებაზე მივიდეს, რაც უსაფრთხოების ასპექტს სხვა საკითხებისგან განცალკევებით წარმოაჩენს. თუმცა გაურკვეველია, შეიძლება თუ არა ამის გაკეთება და რომც შეიძლებოდეს, ეფექტიანი იქნება თუ არა [ასეთი მიდგომა].”

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ევროპელ ანალიტიკოსთა უმრავლესობა ეჭვით უყურებს ევროკავშირის მიერ ერთიანი პოზიციის შემუშავების პერსპექტივას, ბევრი აღნიშნავს, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სტრაგეტიული თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკება მოცემულ ეტაპზე თუ არ შეჩერდა, შეფერხდება მაინც.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG