Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონიტორინგის საერთაშორისო ჯგუფი კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარების შეფასებას იძლევა


უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში განვითარებული დრამატული მოვლენების გამო, საქართველოსკენაა მიპყრობილი როგორც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების,

ასევე მედიისა და თითქმის ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ყურადღება. განსაკუთრებით აქტიურობენ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე ცალკეული პირები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მონიტორინგის საერთაშორისო ჯგუფმა, რომლის შექმნის ინიციატივა ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელს, „ფლარეს“, ეკუთვნის, 28 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარების შეფასების პირველი შედეგები გამოაქვეყნა. დასკვნაში, დევნილთა მძიმე მდგომარეობის გარდა, ლაპარაკია კონფლიქტის ზონაში დარჩენილი სამოქალაქო პირების უფლებების ხელყოფასა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობაზე.

„ფლარე“, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი „თავისუფლება, კანონიერება და ადამიანის უფლებები ევროპაში“, სულ, ევროპის 30 ქვეყნის 50 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. „ფლარეს“ ეკუთვნის მონიტორინგის საერთაშორისო ჯგუფის შექმნის ინიციატივა, რომლის განხორციელებასაც საქართველოში ხელი შეუწყო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“. მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი აგიტ მირზოევი ამბობს, რომ ჯგუფის წევრებმა, ვითარების შესწავლის მიზნით, შეხვედრები გამართეს საქართველოში მოქმედ როგორც სამთავრობო სტრუქტურების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან:

[აგიტ მირზოევის ხმა] „ჯგუფის მუშაობის შესახებ არის ინფორმირებული ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო პოლიტიკის კომისარი. ხავიერ სოლანა ელოდება ჩვენი მუშაობის შედეგებს და, მოგეხსენებათ, 3 სექტემბერს სტრასბურგში გაიმართება ევროპის პარლამენტის სპეციალური სესია, რომელზეც განიხილება საქართველოში არსებული ვითარება. ჩვენი ხედვა და ანალიზი, რომელსაც წარვადგენთ, იქნება ძალზე მნიშვნელოვანი ობიექტური ინფორმაციისა და შეფასების კუთხით.“

აგიტ მირზოევის თქმით, მონიტორინგის ჯგუფის მიზანი არ ყოფილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება. ანდრეი იუროვიც, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფისა და უფლებათა დაცვის ახალგაზრდული მოძრაობის წევრი, ამბობს, რომ მონიტორინგის ჯგუფი იმის გარკვევას შეეცადა, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ საერთაშორისო ორგანიზაციებს დევნილებისა და ადგილნაცვალი პირების დასახმარებლად. იუროვის თქმით, მოხსენებაში, რომელიც სამდღიანი მუშაობის შედეგად დაიწერა, სამი ძირითადი თემაა გამოყოფილი:

[ანდრეი იუროვის ხმა] „პირველი თემა ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან რუსი სამხედროების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში. გვაინტერესებს რა ხდება იქ მცხოვრები ადამიანების თავს, როგორ არის დაცული მათი სიცოცხლისა და საკუთრების უფლება, მიუწვდებათ თუ არა ხელი საკვებსა და მედიკამენტებზე. მეორე საკითხი, ესაა დევნილებისა და იძულებით ადგილნაცვალი პირების მდგომარეობა. რა დახმარება სჭირდებათ მათ, რისი გაკეთება შეიძლება მათი ყოფის შესამსუბუქებლად. დაბოლოს, ხომ არ არსებობს ეთნიკური უთანხმოების შემდგომი გაღვივების საფრთხე და როგორ შეიძლება ამ საფრთხის თავიდან აცილება.“

ანდრეი იუროვმა, საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შეფასების პარალელურად, უკრაინელ, იტალიელ და ბელორუს უფლებადამცველებთან ერთად ხელი მოაწერა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის სახელზე გაგზავნილ მიმართვასაც. მიმართვაში ნათქვამია, რომ რუსმა სამხედროებმა თავიანთ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყონ სამოქალაქო პირების უსაფრთხოება და დაიცვან კერძო საკუთრება, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების - ეუთოს, გაეროსა და წითელი ჯვრის -წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ ამ ტერიტორიებზე შესვლისა და ვითარების დეტალური შესწავლის საშუალება.

ანდრეი იუროვიც ადასტურებს, რომ მონიტორინგის ჯგუფის დასკვნას, რომელიც ექვსიდან ოცდაშვიდი აგვისტოს პერიოდს მოიცავს, ელოდებიან ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო პოლიტიკის კომისარი, დოკუმენტს კი სტრასბურგში 3 სექტემბერს ევროპარლამენტის სპეციალურ სესიაზე განიხილავენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG