Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შესახებ“


საქართველოს პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე დღეს ერთხმად მიიღო დადგენილება „საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შესახებ“,

რომელშიც დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული აგრესია და სამხედრო ინტერვენცია. პარალელურად გაგრძელდება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონზე და მთელ რიგ სამართლებრივ დოკუმენტებზე - მათ შორის, მსოფლიო პარლამენტებისადმი მიმართვის ტექსტზე - მუშაობა.

ქართველი კანონმდებლების მონაწილეობა საქართველოს დეოკუპაციის საქმეში, ძირითადად, საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი რეაგირებისათვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძვლების შექმნას ემსახურება. ამ მიმართულებით გადადგმული ერთ–ერთი პირველი ნაბიჯია სპეციალური დადგენილება, რომელშიც შეფასებულია როგორც რუსული სამხედრო აგრესია, ისე ამ აგრესიის შედეგად სამხედრო ძალით დაკავებული ტერიტორიების იურიდიული და პოლიტიკური ოკუპაცია. შეფასებებში საქართველოს პარლამენტი პრაქტიკულად ერთსულოვანი აღმოჩნდა. შესაბამისად, დადგენილების ძირითადი პუნქტები შემდეგნაირად გაიწერა:

[ლაშა ჟვანიას ხმა]“პირველი–რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, სამშვიდობო ძალები გამოცხადდეს საოკუპაციო, საჯარისო შენაერთებად. მეორე–ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა გამოცხადდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად. მესამე–საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა შეიარაღებული შენაერთი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შენაერთებისა, გამოცხადდეს უკანონო შეიარაღებულ ძალებად.“

საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შესახებ დადგენილების მომდევნო საკვანძო პუნქტები, რომლებიც დეპუტატებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა ჟვანიამ გააცნო, ასე გამოიყურება: მეოთხე და მეხუთე პუნქტების თანახმად, საქართველო ერთგული რჩება ევროკავშირის და საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და ავალებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა სხვა სამართლებრივი აქტის გაუქმება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ყოფნას ითვალისწინებს. პუნქტი მეექვსე ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას ავალდებულებს, ხოლო მეშვიდე პუნქტი გენერალურ პროკურატურას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის ფაქტების შესწავლას ავალებს.

[დავით დარჩიაშვილის ხმა]“დღეს ვიღებთ ისტორიულ დადგენილებას. ეს აუცილებლად იქნება საწინდარი იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამოუკიდებლობა ბოლომდე აღსრულდეს და ჩვენი საგარეო პოლიტიკური თუ საშინაო პოლიტიკური არჩევანი ბოლომდე განხორციელდეს. ამდენად, აქედან გადავდივართ პოლიტიკურ მნიშვნელობაზე. იმიტომ რომ ის, რაც მოხდა, - და ყველასათვის ნათელია: ურემი გადაბრუნდა არა მხოლოდ ჩვენს თვალში, არამედ მსოფლიოს თვალში, - ეს უნდა გაფორმდეს, იურიდიული, პოლიტიკური შეფასება ამას უნდა მიეცეს და ეს არის სწორედ პარლამენტის უპირველესი ფუნქცია დღეს.“ (სტილი დაცულია)

პარლამენტის უპირველესი ფუნქციის შესრულებაში სხდომათა დარბაზში მყოფი 111–ვე დეპუტატი ერთსულოვანი აღმოჩნდა - მათ შორის ოპოზიციური სპექტრიც. მათგან, დეპუტატ პაატა დავითაიას ინიციატივით, დაემატა დადგენილებას მეშვიდე პუნქტი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური წმენდის ფაქტების შესწავლის შესახებ. ინიციატივა პირველადი სახით კი ასე ჟღერდა:

[პაატა დავითაიას ხმა]“აი, ახლა, მე მგონი, დადგა ის დრო, რომ არ არსებობს არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა იყოს ძებნაში გამოცხადებული ბაღაფში და კოკოითი და ამ საკითხის დამატებას ვითხოვ.“(სტილი დაცულია)

ჰააგის სასამართლოში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების სერგეი ბაღაფშისა და ედუარდ კოკოითის სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხის დაყენებას საქართველოს პარლამენტი უახლოეს ხანში აპირებს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შესახებ დადგენილებას კი, ქრონოლოგიით, მთელი რიგი სხვა საკანონმდებლო აქტები მოჰყვება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს მოუსმინეთ.

[პავლე კუბლაშვილის ხმა]“ჩვენ გავაგრძელებთ, ბუნებრივია, მუშაობას იმაზე, რომ შეიქმნას ცალკე კანონი ოკუპაციის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა ვალდებულებები აქვს თითოეულ მოქალაქეს იმისთვის, რომ უმოკლეს ვადაში მოხდეს დეოკუპაცია აღნიშნული ტერიტორიების, რა უფლებები გააჩნიათ მათ, როგორი იქნება მათი დაცვის გარანტიები და, შესაბამისად, რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საოკუპაციო ჯარების სრულად განდევნა საქართველოს ტერიტორიიდან.“

საქართველოს პარლამენტის მიერ უახლოეს დღეებში მისაღებ დოკუმენტებს შორისაა ასევე მიმართვა მსოფლიო პარლამენტებისადმი, რათა მათ სათანადო რეაგირება მოახდინონ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე. მიმართვაში, ქართველი დეპუტატების აზრით, სხვა საკითხთა გვერდით უნდა ჩაისვას მოწოდება უცხოელი კანონმდებლებისადმი, არ აჰყვნენ რუსეთის ფედერაციის სათათბირო საბჭოს მიწვევას და არ ჩავიდნენ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

XS
SM
MD
LG