Accessibility links

“ენერგოპრო”: საქართველოდან წასვლას არ ვაპირებთ


საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ჩეხეთის კომპანია “ენერგოპროა”. მან საქართველოს ენერგეტიკის 70-80 პროცენტი შეისყიდა წელიწად-ნახევრის წინ.





თავდაპირველი გარიგება 132 მილიონი დოლარის მოცულობისა იყო, ფირმა მომავალში 180 მილიონს ჩადებს ამ სფეროში. აგვისტოს დასაწყისიდან საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა: ხომ არ დააფრთხობს ეს ვითარება უცხოელ ინვესტორებს, რას აპირებენ, “ენერგოპროს” მსგავსად, უკვე საქართველოს ეკონომიკაში ჩართული კომპანიები?

ჩვენი კოლეგა “ენერგოპროს” დირექტორს ირჟი კრუშინას ესაუბრა. პირველი შეკითხვა წარსულს ეხებოდა, იმას, რაზეც “ენერგოპროს” საქართველოში ქონების შესყიდვის დროს მითქმა-მოთქმა მოჰყვა, რომ მართალია, ეს ჩეხური ფირმა იყო, მაგრამ რუსეთის კაპიტალითაც სარგებლობდა. ირჟი კრუშინამ განმარტა, რომ ეს ხმა კონკურენტებმა დაუყარეს, რათა მისი მონაწილეობა ტენდერში ჩაეშალათ:

(კრუშინას ხმა) “ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვევალებოდა საქართველოს მთავრობისთვის მიგვეწოდებინა სრული ინფორმაცია ჩვენს ფირმაზე და ეს სიამოვნებით გავაკეთეთ. საჭირო იყო, ასევე, ჩეხეთის მრეწველობის სამინისტროს, პირადად საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრის ბატონ ვონდრას დასტური, რომ "ენერგოპრო" წმინდად ჩეხეთის ფირმაა და არა ჰყავს ფარული უცხოელი მფლობელები. ამასთან, ტენდერზე გამოტანილი ობიექტის შესაძენად კრედიტი გამოგვიყო ჩეხეთის სახელმწიფო უწყებამ - საექსპორტო ბანკმა. არადა, გამორიცხულია სახელმწიფო ბანკმა ფულადი სახსრები გამოუყოს კომპანიას, რომელიც ჩეხეთის მოქალაქეთა ხელში არ არის. ასე რომ, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ “ენერგოპრო” - დაარსებიდან დღემდე - წმინდა ჩეხური სუბიექტია.”

რატომ გადაწყვიტა კომპანიამ თავის დროზე საქართველოში კაპიტალის დაბანდება? - პასუხი ირჟი კრუშინამ შორიდან დაიწყო: ჩეხეთში ჰიდროელექტროსადგურების პრივატიზებაში აქტიურად ვმონაწილეობდი, ბოლოს უცხოეთითაც დავინტერესდი და ჯერ ბულგარეთში შევისყიდე ობიექტებიო. კონკრეტულად საქართველოზე კი შემდეგი გვითხრა:

(კრუშინას ხმა)
“საქართველოს ეკნომიკაში ინვესტირების პროექტი განსაკუთრებით მიმზიდეველი იმიტომ იყო, რომ ქართველებმა გასაყიდად გამოიტანეს დიდი ენერგეტიკული კომპლექსი, რომელიც მოიცავდა როგორც ელექტროენერგიის წარმოებას, ასევე ქსლის განაწილებას. ამდენად, ჩვენს ხელში აღმოჩნდა საქართველოს ენერგეტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, 70-80 პროცენტი. დანარჩენი თბილისის გამანაწილებელ ქსელსა და ელეტროხაზებზე მოდის - ისინი ადრე იყო პრივატიზებული. ჩვენი საქმიანობა არ ვრცელდება სამხრეთ ოსეთზე. ჩვენი დაინტერესების გადამწყვეტი ფაქტორი იყო კომპლექსური პრივატიზება, რადგან სხვა ქვეყნებში უფრო ნაწილ-ნაწილ ყიდიან ობიქტებს.”

როგორ დაახასიათებდით საქართველოს ეკონომიკურ კლიმატს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტამდე?

(კრუშინას ხმა)
“მეორე გარემოება, რომელიც ერთობ მიმზიდველი იყო ამ კაპიტალდაბანდების დროს, პრივატიზების პროცესისადმი საქართველოს მთავრობის ღია მიდგომა იყო. მოლაპარაკების განმავლობაში ერთხელაც არ გვიგრძნია მისი წინასწარ აკვიატებული აზრი, არამეგობრული დამოკიდებელება, თანაბარ პირობებს სთავაზობდნენ ყველა პოტენციურ ინვესტორს. მთავრობას მხოლოდ ის აინტერესებდა, შეძლებდა თუ არა მყიდველი საქართველოს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფას. საქართველოში უკვე წელიწად-ნახევარია ვართ და შემიძლია მთელი პასუხიმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოს მთავრობა კორექტულად იქცეოდა და ასრულებდა ყველა ნაკისრ ვალდებულებას. ამანაც არანაკლებ განსაზღვრა ჩვენი გადაწყეტილება.”

ჩეხეთის კომპანიის - “ენერგოპროს” - დირექტორმა ირჟი კრუშინამ ჩვენს კორესპონდენტს კორუფციის შესახებ შეკითხვაზე უპასუხა, რომ საქართველოში ყოფნის წელიწად-ნახევრის მანძილზე მათ ფირმას არ ჰქონია კონფრონტაცია კორუფციასთან. ყველა ეტაპი,ხელშეკრულების გაფორმებიდან მოყოლებული, კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გავიარეთო, ამბობს კრუშინა და დასძენს, არ გამოვრიცხავ, რომ გაგვიმართლა, რადგან საქმე მაღალ დონეზე, მინისტრებთან გვქონდა, ხოლო ჩვენი გამოცდილება, ამ მხრივ, სრულიად დადებითი იყოო. ირჟი კრუშინა ჰყვება იმ მცირე ზარალზე, რაც მათ ფირმას მოუვიდა რუსეთის აგრესიის პერიოდში, როცა დაზიანდა დაბალი ძაბვის ელექტროხაზები. მაგრამ “ენერგოპროს” ობიექტებს, სადაც ელექტროდენის წარმოება ხდება, საომარი მოქმედება არ შეხებია.

(კრუშინას ხმა)
“ჩვენს საქმიანობაზე ამ შეიარაღებულმა კონფლიქტმა გარკვეულწილად უარყოფითად იმოქმედა. მაგალითად, ვერ ვახერხებთ ბოლომდე მივიყვანოთ ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება, რათა, საჭიროების შემთხვევაში, თავიდან ავიცილოთ მიწოდების შეფერხება. მაგრამ, მთლიანად, ნორმალურ რეჟიმში ვმუშაობთ და მნიშვნელოვანი დანაკარგების თავიდან აცილება მოვახერხეთ. სხვა საწარმოების შესახებ ინფორმაცია ჩვენ, სამწუხაროდ, არ გავქვს.”

რადიო ”თავისუფლებამ” ჩეხეთის ენერგეტიკული კომპანიის ხელმძღვანელს ჰკითხა, ხომ არ შეცვლის უცხოელი ინვესტორების დამოკიდებელებას საქართველოს მიმართ იქ არსებული ვითარება, ხომ არ გადაიქცევა ეს ქვეყანა მათთვის სარისკო ზონადო?

(კრუშინას ხმა)
“ვფიქრობ, დამოკიდებულება არ შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ფირმაზე ამას ზუსტად ვამბობ. ჩვენ კარგად ვიცნობთ ადგილობრივ პირობებს, საქართველოში ფართო კონტაქტები დავამყარეთ და იქიდან არსად წასვლას არ ვაპირებთ. ბევრია იმაზე დამოკიდებული, სწრაფად მოხდება თუ არა ვითარების ნორმალიზება, რომ დასახული გეგმით წარიმართოს განვითარება. ჩვენ საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ ვალდებულებების შესრულებას, ამ ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტირებას მომავალშიც ვაპირებთ. რაც შეეხება მსხვილ საერთაშორისო მოთამაშეებს, ვერ გამოვრიცხავ, რომ ისინი ვითარებამ აიძულოს დაამუხრუჭონ თავიანთი გეგმების განხორციელება.”

ასე უთხრა ჩეხეთის ენერგეტიკული ფირმის- “ენერგოპროს” - დირექტორმა ირჟი კრუშინამ
ჩვენს კოლეგას, ეფიმ ფიშტაინს, რომელმაც ჩვენი თხოვნითაც დაუსვა მას შეკითხვები.








XS
SM
MD
LG