Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”ევროპა საქართველოს ეხმარება, რუსეთს - ვერ სჯის”, ”ევროპა სანქციებზე უარს ამბობს”, ”ევროკავშირის სამიტმა ”ჩვეულებრივად” ჩაიარა”

- დღევანდელი პრესა ევროკავშირის 1 სექტემბრის სამიტს ეხმაურება. ”რეზონანსი”: ”ერთადერთი, რითაც მოსკოვი ”დაისაჯა”, ევროკავშირ-რუსეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე მოლაპარაკებების შეწყვეტაა, რასაც დაჟინებით ითხოვდა ბრიტანეთის პრემიერი გორდონ ბრაუნი”; ”ახალი თაობა”: ”საქართველოში ევროკავშირის სამიტისგან მკვეთრ გადაწყვეტილებას ელოდნენ. ევროპამ სანქციების ნაცვლად რუსეთს გამოსაცდელი დრო დაუწესა. სანქციების დაწყებით, შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო დაძაბულიყო. ეკონომიკური სანქციები რუსეთში კონსოლიდაციას გამოიწვევდა და როგორც რუსეთის აგრესიამ გააერთიანა საქართველოში ხალხი და ხელისუფლება, ასევე მოხდებოდა რუსეთში”, - წერს ”ახალი თაობა”; ”საქართველოს რესპუბლიკა”: ”გუშინ, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის სამიტზე ბევრი იკამათეს ბოლო ხანს ბედკრულ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და მივიდნენ ასეთ ”დიპლომატიურ” დასკვნამდე: ამ ეტაპზე აზრი არა აქვს რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას; პოლიტიკურად და ფინანსურად მხარი დაუჭირონ საქართველოს და დაეხმარონ დანგრეული ეკონომიკის აღდგენაში... გმადლობთ, ევროპა!..(უფრო კონკრეტულად ხვალის ნომერში)”, - ეს იყო ”საქართველოს რესპუბლიკის” გამოხმაურება გუშინდელ სამიტზე.

1 სექტემბერს გამართულ ”ცოცხალი ჯაჭვის” აქციას არაერთი პუბლიკაცია ეძღვნება. ”24 საათის” მთავარი სათაური გახლავთ: ”ეს შავი ჭირი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვიცილოთ”. ავტორი წერს: ”ერთადერთი რეგიონი, სადაც ქართველებმა ”ცოცხალი ჯაჭვის” აქციაში მონაწილეობა ვერ შეძლეს, გალის რაიონი იყო. აქ მცხოვრებ ქართველებს აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ერთიანობისთვის გამართულ სამშვიდობო აქციაში მონაწილეობა აუკრძალა”, - წერს გაზეთი და ”აფხაზეთის მედიაცენტრზე” დაყრდნობით დასძენს, რომ ”გალის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ქართულ ოჯახებში იჭრებოდნენ და ემუქრებოდნენ, რომ აქციაში მონაწილეობის შემთხვევაში ზუგდიდიდან გალში დაბრუნებას აუკრძალავდნენ”, - წერს ”24 საათი”.

”ალია” საქართველოში შექმნილ ვითარებაზე კონსერვატორ კახა კუკავას ესაუბრა. ის ამბობს: ”არ ვთვლი, რომ აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა. არ მიმაჩნია, რომ დღეს მაინცდამაინც ამ საკითხზე უნდ გაგვეკეთებინა აქცენტი. უკეთესი იქნებოდა ხელისუფლებას პოლიტიკა შეეცვალა. საუბარი იყო ეროვნული ერთიანობის სხვადასხვა ფორმებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ეს იდეა, პროპაგანდისტული მოსაზრებით, არ აიტაცა. ეროვნული ერთიანობა ამ ხელისუფლებას ესმის მხოლოდ თორთლაძესთან ერთიანობით და სხვა ოპოზიცია თუ არსებობს ქვეყანაში, არ ახსენდება”, - ამბობს კუკავა.

”ალიაშივე” წაიკითხავთ, რომ ვაზიანის მეოთხე ბრიგადის მებრძოლებს პოლიცია დეზერტირობის მუხლით ბრალდების წაყენებას უპირებს. ”ალიას” თანახმად, საქმე ეხება 150 ჯარისკაცს. გაზეთი წერს, რომ ”გუშინ დაკითხვიდან გამოსულმა კონტრაქტით მომსახურე ჯარისკაცებმა საშველად სახალხო დამცველს მიმართეს და, თითქოს, დღეიდან ვაზიანის ბაზასთან აქციის გამართვას აპირებდნენ”. ”ალიას” გარდა, დეზერტირობისთვის სამხედრო პირთა მიმართ საქმეების აღძვრაზე წერს ”რეზონანსიც”. ამ გაზეთის ავტორი წერს, რომ საქმე ეხება 5 ათას ჯარისკაცს. ”რეზონანსის” კორესპონდენტმა თავდაცვის სამინისტროდან კომენტარი ვერ მიიღო და ვითარებაში გასარკვევად სამხედრო ექსპერტებს მიმართა. ერთ-ერთს, გიორგი მელითაურს, განუცხადებია: ”ეს ის საკითხია, რომელსაც ხელისუფლება სამსჯავროზე არ გამოიტანს, ანუ ეს ღია ინფორმაცია ვერ გახდება. ეს არაა მარტო ჩემი ეჭვი. რადგან, ვაცხადებ, ამის თქმის საფუძველიც მაქვს, თუმცა, წყაროს ვერ დავასახელებ. მერწმუნეთ, რომ ამ 5 000 საქმიდან 99% შემოიფარგლება მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელით”. სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ გარკვეულმა სახელმწიფო ორგანოებმა არაკომპეტენტურად იმოქმედეს. ”უსამართლოდ დეზერტირის იარლიყის მიკერება არასწორია. მით უმეტეს, რომ ეს ადამიანები ომში იყვნენ, ომში კი დეზერტირები არ მიდიან. ზოგიერთმა ოფიცერმა მიიღო გადაწყვეტილება იარაღის დაყრასა და სახლში წასვლაზე. ჯარისკაცებს უთხრეს, რომ მთავარსარდალმა მიიღო გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ამიტომ თქვენ დროებით უნდა გაეცალოთ ვითარებასო”, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი. სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძის აზრით კი, მასობრივი დეზერტირობა ნამდვილად შემაშფოთებელია, ”მაგრამ უფრო შემაშფოთებელი იქნება ის ფაქტი, თუ ისინი დეზერტირები არ იქნებიან და ვიღაც ცდილობს, რომ ხელი შეაწმინდოს ჯარს. მე უფრო პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ”, - ამბობს თავდგირიძე - ”ჩვენ ომი წავაგეთ, წაგებულ ომს კი სჭირდება დამნაშავეები იმისთვის, რომ უმაღლესმა ხელმძღვანელობამ შეძლოს თავის გამართლება.” - სამხედრო ექსპერტების მოსაზრებებს ”რეზონანსი” აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG