Accessibility links

logo-print

რუსეთის რეაქცია ევროკავშირის სამიტზე


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სინანული გამოხატა ევროპის კავშირის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს მოლაპარაკებები ახალი პარტნიორობის თაობაზე.

ამავე დროს, რუსეთის თანახმად, ეს ნაბიჯი პასუხისმგებლობით აღსავსე მიდგომას გამოხატავს საქართველოს კრიზისის პირობებში მოსკოვსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებში.


მოსკოვს არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდა ევროკავშირის სამიტის შედეგებზე, რომელიც საქართველო-რუსეთის სამხედრო კონფლიქტს და ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს მიეძღვნა.

სამშაბათს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ სინანული გამოხატა ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს რუსეთთან მოლაპარაკებები.

[ნესტერენკოს ხმა] "სინანულს იწვევს ევროკავშირის გადაწყვეტილება, გაყინოს ახალი პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები. თუმცა მოსკოვში უკანასკნელი ორი წლის მანძილზე მიეჩვიენ ხელოვნურ დაბრკოლებებს ამ დოკუმენტის გზაზე. ჩვენ ისევე ვართ დაინტერესებული მის ხელმოწერაში, როგორც ევროკავშირი."

ნესტერენკოს თქმით, ევროკავშირთან რუსეთის თანამშრომლობა არ უნდა იყოს კერძო საკითხებში განსხვავებების მძევალი და დასძინა, რომ რუსეთი არ ეთანხმება ევროკავშირის მიერ ორშაბათს მიღებული დეკლარაციის ზოგიერთ მიკერძოებულ განცხადებას, "მათ შორის რუსეთის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებას საქართველოს აგრესიაზე საპასუხოდო."

მაგრამ სამინისტროს წარმომადგენელმა ამავე დროს ევროკავშირის სამიტის დადებით მხარეებზეც ისაუბრა. ნესტერენკოს თქმით, მოსკოვისთვის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მასზე გაისმა მოწოდებები მოსკოვისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობის შესახებ, გაიმარჯვეს კავშირის უფრო გონიერმა წევრებმა, რომლებსაც შეგნებული აქვთ მოსკოვთან თანამშრომლობის მნიშვნელობა:

[ნესტერენკოს ხმა] "მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ისინი უმცირესობაში დარჩნენ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა კი პასუხისმგებლობით მოეკიდა საქმეს. მათ დაადასტურეს რუსეთთან პარტნიორობის კურსი, ვინაიდან მათ კარგად ესმით ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა, რომლის ფარგლებში ბევრი რამის მიღწევა მოხერხდა უკანასკნელი წლების მანძილზე."

ენერგომომარაგების სფეროში რუსეთის დომინანტური როლი გახდა იმის მიზეზი, რომ ივლისში დაიწყო ევროკავშირსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ახალი პარტნიორობის შესახებ. დაგეგმილი იყო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებების გამართვა 15-16 სექტემბერს. მაგრამ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო მოლაპარაკებები მანამდე გადაიდო, სანამ რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიას დატოვებენ.
XS
SM
MD
LG