Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციები ურთიერთობის თვისებრივად ახალ ფორმებს ეძებენ


საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრამ და სეპარატისტული რეგიონების ცნობამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების როგორც მთავრობები, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე, რომელსაც ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ უმასპინძლა, საქართველოსა და აზერბაიჯანში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა თანამშრომლობის თვისებრივად ახალი ეტაპის დაწყების აუცილებლობაზე ილაპარაკეს. ითქვა ასევე, რომ საჭიროა ყველა შესაძლო დონეზე რეგიონალური სტრუქტურების შექმნა და მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოების ერთიან სისტემაში გაერთიანება. მინდა საქართველოსა და აზერბაიჯანში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების სამომავლო გეგმების შესახებ გესაუბროთ.

კონფერენციაში არ მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები სომხეთიდან, თუმცა, ორგანიზატორთა თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა სომეხ კოლეგებთან ურთიერთობაზე რაიმე სახის გავლენა იქონია. შედარებით მასშტაბური ფორუმი, სადაც სამხრეთ კავკასიის ყველა ქყვენის მესამე სექტორი იქნება წარმოდგენილი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება. თუმცა დავუბრუნდეთ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში გამართულ კონფერენციას, რომლის მონაწილენი რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების შესახებ საუბრობდნენ. სამხრეთ კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის ხელმძღვანელის ალექსანდრ რუსეცკის თქმით, აგვისტოს მოვლენებმა აჩვენა, რომ, საფრთხეების განსაზღვრისა და თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის ახალი ფორმების მოძებნა:

[ალექსანდრ რუსეცკის ხმა] „რეალური მსხვერპლი არის არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოება, არამედ იმავე აზერბაიჯანისა და სომხეთის ეკონომიკა. აქედან გამომდინარე, ლაპარაკი უნდა იყოს რეგიონის - სამხრეთ კავკასიის - სტრუქტურების შექმნაზე, რომლებიც გააანალიზებენ, შეაფასებენ სიტუაციას, არსებული კრიზისიდან გამოსავლის გზებს დასახავენ და რეკომენდაციებს მიაწოდებენ შესაბამის სტრუქტურებს, იქნება ეს სამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები. ასევე არ არის გამორიცხული, რომ შეიქმნას და გარკვეული პოლიტიკური ფორუმების სახე მიეცეს მათ, იმიტომ რომ ჩვენს ისტორიაში - გასული საუკუნის 20-30-იან წლებში - ეს უკვე იყო, როცა არსებობდა ფედერაცია.“

გარდა ამისა, ექსპერტები იმაზეც თანხმდებიან, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ რეგიონალური თანამშრომლობა არ კმარა. ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის აზერბაიჯანის ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარე არზუ აბდულაევა მიიჩნევს, რომ რეგიონის ქვეყნებმა ხსნა ევროატლანტიკურ სივრცეში უნდა ეძებონ, თუმცა, მისივე თქმით, აზერბაიჯანის სიფრთხილისა და სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხის გათვალისწინებით, ასეთი მიზნის მიღწევა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი:

[არზუ აბდულაევას ხმა] „შექმნილი სიტუაციიდან ასეთ გამოსავალს ვხედავთ: კარგი იქნება, თუკი დაჩქარდება საქართველოს მიღების პროცესი ევროკავშირსა და ნატოში. გასაგებია, რომ საქართველო ვერ მოსწყდება სამხრეთ კავკასიის დანარჩენ ორ სახელმწიფოს და მის მიერ გაკვალულ გზას, ადრე თუ გვიან, აზერბაიჯანიც და სომხეთიც გაივლის.“

თუმცა, ვიდრე ნატოსა და ევროკავშირში მიიღებენ, საქართველოს დასაძლევი აქვს აგვისტოს მოვლენების შედეგად მიღებული ყველა სახის ზარალი - იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ მორალური, რისთვისაც, როგორც გიორგი თარხან-მოურავი, საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ამბობს, ქართულმა საზოგადოებამ რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს იმაზე ლაპარაკი, თუ რა შეცდომები იქნა დაშვებული:

[გიორგი თარხან-მოურავის ხმა] „ჩვენი შეცდომები არის ორმაგი. პირველი: შეცდომა იყო ის, რომ შეტევა მოხდა ქალაქზე, ანუ ცხინვალზე. მეორე: გარდა მორალურისა, არის სტრატეგიული საკითხი. იყო იდიოტიზმი შეტევის დაწყება, როცა არ იყო ბლოკირებული როკის გვირაბი. რომც ყოფილიყო ბლოკირებული, როცა ჰაერს ვერ აკონტროლებ, როცა შენი სამხედრო ძალები მრავალჯერ ჩამორჩება რიცხოვნებით მოწინააღმდეგისას, წარმატების რა შანსი გაქვს? ამ დაუფიქრებლობის გამო დაკარგულია კოდორის ხეობა, ახალგორის რაიონი, სოფლები...“

თუმცა, ტერიტორიების გარდა, ასევე დაიკარგა ისედაც მყიფე ნდობა, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან აკავშირებდა. მწერალი გურამ ოდიშარია ამბობს, რომ, სირთულის მიუხედავად, დიალოგს ალტერნატივა არა აქვს:

[გურამ ოდიშარიას ხმა] „ახალი დიალოგია დასაწყები, ახალი ძალით. სულ სხვანაირი თვალით უნდა შევხედოთ ყველაფერს და შემოქმედებითად უნდა წარვმართოთ პროცესი. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. ჯერ კიდევ ვერ გაგვირკვევია რა სიტუაციაში მოვხვდით. უნდა დავიხმაროთ ყველა, პირველ რიგში, მთელი კავკასია - მათ შორის, აზერბაიჯანელები, სომხები - ყველანი, კეთილი ნების ადამიანები, ვისაც უნდა, რომ ჩვენ კარგად ვიყოთ მეზობლებთან და მთელ მსოფლიოსთან.“(სტილი დაცულია)

გურამ ოდიშარიას ამ სურვილს - აღდგეს დიალოგი, უკვე გამოეხმაურნენ აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ავაზ გასანოვმა, აზერბაიჯანის ჰუმანიტარული კვლევების საზოგადოების წარმომადგენელმა, რადიო ”თავისუფლებას” განუცხადა, რომ, სავარაუდოდ, ნოემბერში გაიმართება კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმი, რომლის მუშაობაში სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის- არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. გასანოვის თქმით, ფორუმს ნეიტრალური ქვეყანა - თურქეთი - უმასპინძლებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG