Accessibility links

logo-print

რამდენად გაამართლა ევროკავშირის საგანგებო სამიტზე მიღებულმა დოკუმენტმა საქართველოში არსებული მოლოდინები


ევროკავშირის საგანგებო სამიტის შეკრებამდე, 1 სექტემბერს, საქართველოში ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა.

ამ აქციით საქართველოს მოსახლეობამ სცადა დასავლეთისთვის ეჩვენებინა ერთიანობა და ეჩვენებინა ისიც, თუ რამდენად ძლიერია მასში დასავლეთის ქმედითი მხარდაჭერის მოლოდინი... ბუნებრივია, საზოგადოების ნაწილი ევროკავშირის საგანგებო სამიტისგან უფრო მეტს ელოდა - მაგალითად, რუსეთის მიმართ გარკვეული სანქციების დაწესებას... თუმცა არსებობდა უფრო რეალისტური განწყობაც, ევროკავშირის სპეციფიკის, ენერგეტიკული თვალსაზრისით რუსეთზე ევროპის დამოკიდებულების და, ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რა ჯობს იმავე საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის - რუსეთის იზოლაცია თუ მისი მოლაპარაკებებზე წამოყვანა.. მინდა გესაუბროთ იმაზე, თუ რა შეფასებას აძლევენ საქართველოს პოლიტიკოსები და ექსპერტები 1 სექტემბერს ბრიუსელში მიღებულ დოკუმენტს.

”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის საგანგებო სამიტზე მიღებული დოკუმენტი შექმნილ მდგომარეობაში ოპტიმალურია... ევროკავშირი საკმაოდ რთული წარმონაქმნია, მასში ბევრი ქვეყანაა გაერთიანებული, ამ ქვეყნებს აქვთ საკუთარი ინტერესები. აქედან გამომდინარე, დავით უსუფაშვილს ევროკავშირის საგანგებო სამიტისგან არც ჰქონდა უფრო მეტის მოლოდინი:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ”აშკარაა, რომ ევროპამ გადაწყვიტა კიდევ ერთი შანსის მიცემა რუსეთისთვის. სანქციების ნაცვლად აქ ლაპარაკია ურთიერთობაზე, თანამშრომლობაზე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეასრულებს 6 პუნქტიანი შეთანხმების პირობებს. ” (სტილი დაცულია)

ევროპა დღეს ცდილობს იზრუნოს ენერგეტიკული თვალსაზრისით საკუთარ უსაფრთხოებაზე და, ამასთანავე, ცდილობს დაეხმაროს საქართველოს. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ ევროპელი ლიდერები თავიანთ განცხადებებსა და გადაწყვეტილებებში არიან გაცილებით ფრთხილნი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები,- ამბობს დავით უსუფაშვილი და მიუთითებს ევროკავშირის საგანგებო სამიტზე მიღებული დოკუმენტის, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტებზე - იმაზე, რომ ევროპის კავშირის საბჭო უკიდურესად გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და აცხადებს, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტები უნდა მოგვარდეს გაეროს რეზოლუციებში აღიარებული დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული დაცვით. იმაზე, რომ ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ დააბრუნოს სამხედრო ძალები ძველ პოზიციებზე, როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს, და ხაზს უსვამს, რომ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეექვსე პუნქტის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო კონსულტაციების გამართვის აუცილებლობა... ” ევროკავშირში, რა თქმა უნდა, არ მიიჩნევენ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა რუსეთის ჯარს შეუძლია”, -ამბობს ექსპერტი ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხებში კახა გოგოლაშვილი... ევროკავშირის საგანგებო სამიტისგან არც ის ელოდა რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას... მიღებული დოკუმენტის ყველაზე პრაქტიკულ, საქართველოსთვის ყველაზე სწრაფი შედეგის მომტან პუნქტად კი ის მეხუთე პუნქტს მიიჩნევს, რომელშიც ნათქვამია, რომ რეგიონში დაუყოვნებლივ უნდა გაიგზავნოს სპეციალური მისია, რომლის მიზანიც იქნება ადგილზე ინფორმაციის მოკრება და იმის განსაზღვრა, თუ რა მიმართულებით არსებობს ევროკავშირის უფრო გაძლიერებული ჩარევის აუცილებლობა:

[კახა გოგოლაშვილის ხმა] ”ეს არის ის საკითხი, რომლიდანაც ჩანს ევროკავშირის განზრახვის სერიოზულობა. ევროკავშირს რომ უბრალოდ მოეწოდებინა რუსეთისთვის ჯარების გაყვანა, ეს არ იქნებოდა სერიოზული. ის აკეთებს ამ განცხადებას, გმობს რუსეთის აგრესიას,საუბრობს, რომ რუსეთმა უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა და ამბობს, რომ გამოგზავნის დამკვირვებელთა მისიას. ევროკავშირი ტყუილუბრალოდ ამ აქციას არ განახორციელებს. ” (სტილი დაცულია)

კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას საქართველოში მოჰყვება ძალიან სერიოზული ანგარიშები.. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში გოგოლაშვილი ელის , რომ ევროკავშირი განახორციელებს რუსეთზე სერიოზულ ზეწოლას იმისათვის, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხის განხილვის პროცესი საერთაშორისო კონსულტაციების ჩარჩოებში მოექცეს...

ევროკავშირის საგანგებო სამიტის მნიშვნელობაზე საუბრისას პოლიტიკური რისკების მკვლევარი ბაკურ კვაშილავა ფაქტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას... ევროკავშირის მსგავს ექსტრაორიგინალურ ვითარებებში შეკრებებს თუ გავიხსენებთ, ეს მოხდა 1999 წელს კოსოვოს თემის განხილვისთვის, შემდეგ ერაყის ოპერაციის დაწყებისას... მესამე, ბოლო ათწლეულის მანძილზე, საქართველოს კრიზისმა განაპირობა და ევროკავშირმა აჩვენა ერთიანობა საქართველოს მხარდაჭერაში და, ბაკურ კვაშილავას თქმით, რაც მთავარია, შეცვალა ტონი რუსეთთან მიმართებით - დაადასტურა, რომ მას აღარ აქვს ილუზიები რუსეთთან დაკავშირებით.

[ბაკურ კვაშილავას ხმა] ”თუ რუსეთი რაციონალურად გათვლის , რომ აღარ იქნება ისეთი საშიშროება, რომ მისთვის სანქციები დაწესდეს, მაშინ 3-4 თვეში გვექნება სერიოზული შედეგები, სხვა შემთხვევაში უფრო გრძელვადიანი პროცესი იქნება..” (სტილი დაცულია)

რას იზამს სხვა შემთხვევაში ევროკავშირი 3-4 თვეში, როცა 14 ნოემბერს ნიცაში ევროკავშირის საბჭო გაიმართება? - ევროპის კავშირმა ევროპის საბჭოს დაავალა ევროპის კომისიასთან ერთად სწორედ ამ დრომდე განახორციელოს ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობის სხვადასხვა მიმართულების ღრმა ანალიზი. - თუ რუსეთი არ შეასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, ევროკავშირი დაუწესებს თუ არა მას სანქციებს? - ვკითხეთ პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელს.

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ”შეიძლება, რადგან ზოგიერთი ქვეყანა ატეხს ყვირილს - იტყვის, ხომ ვამბობდით, რომ რუსეთი ასე იმოქმედებდა და თქვენ კიდევ ერთხელ თავზე ხელი გადაუსვით...” (სტილი დაცულია)

ალექსანდრე რონდელის აზრით, ევროკავშირმა 1 სექტემბრის რეზოლუციით არც მწვადი დაწვა და არც შამფური... თქვა, რომ რუსეთი ახლა პოზაშია და ამ პოზიდან მისი გამოყვანისთვის უმჯობესია კარგად გათვლილი დიპლომატიური პოლიტიკა, მოლაპარაკებები.. და რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაში 1 სექტემბერს ბრიუსელში მიღებულ დოკუმენტთან დაკავშირებით? 2 სექტემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განმარტებები პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გააკეთა - მათ შორის, ასეთი:

[დავით ბაქრაძის ხმა] ”ევროკავშირი მუშაობს ბევრად უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზე გასვლით და ამ დოკუმენტით გადაიდგა ძალიან სერიოზული ნაბიჯი რუსეთთან ურთიერთობის გადასინჯვის თვალსაზრისით. ”(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG