Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ადასტურებს საქართველოსადმი ვაშინგტონის მხარდაჭერას


ხვალ საქართველოს ეწვევა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი. მან დღეს აზერბაიჯანში ვიზიტით დაიწყო 3-დღიანი ტურნე სამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში.

საქართველოს შემდეგ ის უკრაინაში ჩავა.

რაც შეეხება ჩეინის დღევანდელ ვიზიტს ბაქოში, ამ ვიზიტის კონკრეტული გეგმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გავრცელებულა - დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები გამართული შეხვედრების შესახებ. ეს იყო შეხვედრები კომპანიების “ბრიტიშ პეტროლიუმისა” და “შევრონის” წარმომადგენლებთან, აგრეთვე შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან.

ილჰამ ალიევთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე დიკ ჩეინიმ განაცხადა, რომ აშშ დიდად არის დაინტერესებული კავკასიის რეგიონში თავისი მოკავშირეების სტაბილურობით და კეთილდღეობით. იქვე ჩეინიმ გამოთქვა ვაშინგტონის სურვილი, აზერბაიჯანთან ერთად იმუშავოს გაზისა და ნავთობის საექსპორტო ახალ მარშრუტებზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი შეეხო საქართველოში შექმნილ ვითარებასაც: [ჩეინის ხმა] “ბატონო პრეზიდენტო, მართალია ამ ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება თვეების წინ მივიღეთ, მაგრამ დღეს საღამოს ჩვენი შეხვედრა საქართველოში რუსეთის ინტერვენციის ჩრდილშია მოქცეული - ეს ინტერვენცია მკაფიოდ დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ. პრეზიდენტმა ბუშმა აქ გამომაგზავნა მკაფიო და ნათელი შეტყობინებით აზერბაიჯანელი ხალხისა და მთელი რეგიონისთვის: შეერთებულ შტატებს ღრმა და გრძელვადიანი ინტერესი აქვს თქვენი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ”.

აი, რა შეფასებას იძლევა რეგიონში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მიზანზე რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის საკითხთა ექსპერტი სტენლი კოუბერი: [კოუბერის ხმა]“ჩემი აზრით, ბუშის ადმინისტრაციას სურს რუსეთს აჩვენოს თავისი პოზიციის სიმტკიცე. მაგრამ ვშიშობ, რომ რიტორიკა უკიდურესად მწვავე ხდება. ამ პროცესს ჭადრაკს შევადარებდი. დიპლომატია ჭადრაკს ჰგავს - შენ გააკეთებ სვლას, შემდეგ კი მეორე მხარის სვლის ჯერია. შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის პრობლემებიდან ერთ-ერთია ის, რომ ვერ ვხედავ, საკმარის ყურადღებას აქცევდნენ შეკითხვას: “მე რომ ამას გავაკეთებ, პასუხი რა იქნება?”

აზრებაიჯანში, საქართველოსა და უკრაინაში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის ფონია რუსეთის პრეზიდენტის მზადება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტისთვის, რომელიც მოსკოვში პარასკევს გაიმართება. ეს ორგანიზაცია 6 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას აერთიანებს - რუსეთის გარდა სომხეთს, ბელორუსიას, ყირგიზეთს, ყაზახეთს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს. მოსალოდნელია, რომ მედვედევი შეეცდება ამ მოკავშირეების მხადრაჭერის მოპოვებას საქართველოში სამხედრო ინტერვენციის საკითხში, მათგან მოითხოვს ასევე საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას.

მაგრამ დავუბრუნდეთ ბაქოში დიკ ჩეინის დღევანდელ ვიზიტს. პოლიტოლოგი ვეფა ღულუზადე, რომელიც საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის წინა პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მრჩეველი იყო, აღნიშნავს, რომ ჩეინის ვიზიტის კონტექსტში არა მარტო ენერგეტიკის საკითხებზე უნდა ვიფიქროთ: აზერბაიჯანი საკუთარ თავსაც მიიჩნევს საფრთხეში მას შემდეგ რაც რუსეთმა საქართველოში სამხედრო ინტერვენცია განახორციელა და ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. აზერბაიჯანს როგორც ცნობილია, თვითონაც აქვს მოუგვარებლი სეპარატისტული კონფლიქტი...

[ღულუზადეს ხმა] “ვფიქრობ, აზერბაიჯანს აქამდე ჰქონდა დაბალანსებული პოლიტიკა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, მაგრამ ახლა დადგა დრო, გარკვევით ითქვას - “რა ორიენტაცია აქვს აზერბაიჯანს?” თუ ორიენტირებული ვართ დასავლეთზე, დასავლეთს უნდა ვთხოვოთ ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა.”

საქართველოსადმი ძლიერი მხარდაჭერა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს უკვე გამოთქმული აქვს და, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ გამოთქვამს ხუთშაბათს თბილისში ვიზიტის დროს.

დღეს კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გააკეთა განცხადება შეერთებული შტატების მიერ საქართველოს დასახმარებლად, სულ ცოტა, მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ.
XS
SM
MD
LG