Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ მაკკეინი პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაციას დათანხმდა


ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ოფიციალურად დათანხმდა რესპუბლიკური პარტიის მიერ მის ნომინაციას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად

და პირობა დადო, რომ - თუ ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვა - ვაშინგტონს ცვლილებები მოელის...

რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას, ჯონ მაკკეინმა საქართველოში რუსეთის ინტერვენციაზეც ისაუბრა: [მაკკეინის ხმა] “რუსეთის ლიდერები, მდიდრები ნავთობით და კორუმპირებული ძალაუფლებით, უარყოფენ დემოკრატიულ იდეალებსა და პასუხისმგებლობიანი სახელმწიფოს მოვალეობებს. ისინი შეიჭრნენ პატარა, დემოკრატიულ მეზობელ ქვეყანაში მსოფლიოს ნავთობმომარაგებაზე მეტი კონტროლის მოსაპოვებლად, სხვა მეზობლების დასაშინებლად და რუსეთის იმპერიის აღდგენის ამბიციის განსახორციერებლად წინსვლის მისაღწევად. და მამაც ქართველ ხალხს სჭირდება ჩვენი სოლიდარობა და ლოცვა”.

რუსეთის მიმართ ამ, ცალსახა კრიტიკის მიუხედავად, ჯონ მაკკეინმა რესპუბლიკელების ყრილობაზე ისაუბრა მოსკოვთან კარგი ურთიერთობის აუცილებლობაზე.
[მაკკეინის ხმა] “როგორც პრეზიდენტი, ვიმუშავებ რუსეთთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად, ამდენად არ უნდა გვეშინოდეს ცივი ომის დაბრუნებისა. მაგრამ არ შეიძლება, თვალი დავხუჭოთ აგრესიასა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე, რომელიც საფრთხით ემუქრება მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას. ჩვენ ბევრი საშიშროების წინაშე ვდგავართ ამ, სახიფათო მსოფლიოში, მაგრამ მე მათი არ მეშინია. მე მათთვის მზად ვარ”.

სხვა საშიშროებებს შორის მაკკეინმა, რომელიც ვიეტნამის ომის ვეტერანია და სენატში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, დაასახელა ალ-ყაიდიდან მომდინარე ტერორისტული საფრთხე და საფრთხე, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება. რაც შეეხება პოლიტიკას ენერგეტიკის სფეროში, უცხოეთზე დამოკიდებულების შესაკვეცად მაკკეინი მიზანშეწონილად მიიჩნევს ატომური ელექტროსადგურების აგებას, აგრეთვე ენერგიის ალტერნატიული წყაროების უფრო აქტიურად გამოყენებას.

როგორც იუწყებიან, რამდენიმე დემონსტრანტმა - ერაყში ომის მოწინაღამდეგეებმა - სცადეს მაკკეინის გამოსვლისთვის ხელის შეშლა, მაგრამ ისინი მალევე გაიყვანეს დარბაზიდან დაცვის თანამშრომლებმა.

მაკკეინის გამოსვლით დასრულდა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო პარტიული თავყრილობა... პირველ დღეს რესპუბლიკელების შეკრება ჩრდილში მოაქცია ქარიშხალმა “გუსტავმა”, რომელიც მწვავე საფრთხეს უქმნიდა მექსიკის ყურის სანაპიროს - სამი წლის წინ ქარიშხალ “კატრინათი” დაზარალებულ ქალაქ ახალი ორლეანის ჩათვლით. საბედნიეროდ, ბოლო ქარიშხალი მოსალოდნელზე სუსტი აღმოჩნდა.

ამის შემდეგ, რესპუბლიკელების ყრილობის მსვლელობაშივე, გავრცელდა მოულოდნელი ცნობა, ვიცე-პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად ფართო საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი სარა პეილინის - ალასკის გუბერნატორის - დასახელების შესახებ. ჯერაც არ არის ნათელი, ხელს შეუწყობს თუ პირიქით, ავნებს ეს არჩევანი მაკკეინის შანსს, გაიმარჯვოს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ასეა თუ ისე, დღეიდან შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების ახალი ეტაპი დაიწყო. რესპუბლიკელ კანდიდატ მაკკეინს, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ პეილინთან ერთად, რამდენიმეჯერ მოუწევს დემოკრატ მეტოქე ობამასთან, და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ბაიდენთან საჯარო დებატების გამართვა. საყურადღებოა, რომ წუხანდელ გამოსვლაში მაკკეინმა ბარაკ ობამა პატივსიცემით და სიმპატიითაც კი მოიხსენია: [მაკკეინის ხმა] “არ ვიქნებოდი ამერიკელი, რომელიც ამ სახელს იმსახურებს, პატივს რომ არ ვცემდე სენატორ ობამასა და მის მომხრეებს იმისთვის, რასაც მიაღწიეს. მაგრამ ეჭვი ნურავის შეეპარება, მეგობრებო - ამ არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვებთ!”
XS
SM
MD
LG