Accessibility links

logo-print

რამდენად მნიშვნელოვანია ავღანეთში ნატოს ოპერაციისთვის რუსეთზე ტრანზიტის გამოყენება?


მიმდინარე თვის შუა რიცხვებში (15-16 სექტემბერს) თბილისში ჩრილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება.

საამისოდ საქართველოს ეწვევიან ნატოს გენერალური მდივანი, ისევე როგორც ალიანსის წევრი სახელმწიფოების ელჩები. შეგახსენებთ, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით, ნატომ მტკიცე მხარდაჭერა გამოუთქვა საქართველოს, დაგმო რუსეთის მიერ ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება და მოსკოვს ამ გადაწყვეტილების გაუქმებისაკენ მოუწოდა.


ცნობილია მოსკოვის უარყოფითი რეაქციაც ნატოს მოწოდებაზე, გააუქმოს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. გარდა ამისა, რუსეთს ნათქვამი აქვს, რომ მზად არის გაწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა ნატოსთან, თუ ალიანსი შეწყვეტს რუსეთთან თანამშრომლობა. შეგახსენებთ, რომ თანამშრომლობის პროცესი ბევრ სფუროშია შეჩერებული.

[მედვედევის ხმა] “ამ თანამშრომლობით დაინტერესებული არიან, პირველ რიგში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მონაწილე სახელმწიფოები და არა რუსეთის ფედერაცია. და თუ ისინი ამ თანამშრომლობას, ფაქტობრივად, წყვეტენ, ჩვენთვის საშინელი არაფერი მოხდება. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად - ურთიერთობის მთლიანად შეწყვეტის ჩათვლით”. ეს სიტყვები 25 აგვისტოს წარმოთქვა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, ნატოში რუსეთის ელჩთან, დმიტრი როგოზინთან შეხვედრის დროს. ამ უკანასკნელმა კი მომდევნო დღეს, 26 აგვისტოს განაცხადა: [როგოზინის ხმა] “ჯერჯერობით მიგვაჩნია, რომ იმ პირობებში, როცა ნატოს ძალები ავღანეთში ოპერაციებს ახორციელებენ, დავაკვირდებით, როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობები - ახლა კი ავღანეთის საკითხის ამოღება ჩვენი თანამშრომლობის სიიდან, ნაჩქარევად მიმაჩნია”.

ეს განცხადება როგორზინმა, როგორც აღვნიშნეთ, 26 აგვისტოს გააკეთა. გუშინ კი მის განცხადებაში, გავრცელებული ინფორმაციით, ისევ გაიჟღერა ნატოსთან ავღანეთის საკითხში თანამშრომლობის თემამ. როგოზინმა “გამომწვევი” უწოდა თბილისში ნატოს დელეგაციის მოახლოებულ სტუმრობას და არ გამორიცხა, რომ - იმის მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ნატოს ხელმძღვანელობა - მოსკოვი ნატოსთან თანამშრომლობას კიდევ უფრო შეზღუდავს, რაც შეეხება, როგოზინის თქმით, ნატოსთვის ისეთ “მნიშვნელოვან მიმართულებას, როგორიცაა ავღანეთის ტრანზიტი”.

იმის გასარკვევად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნატოსთვის რუსეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის გამოყენება ავღანეთში თავისი ოპერაციებისთვის, ჩვენი რადიო დაუკავშირდა ნატოს საოპერაციო განყოფილების შტაბ-ბინის მაღალი რანგის წარმომადგენელს, მიჰაი კარპს. აი, რა თქვა მან ჩვენი რადიოს მოლდავურ სამსახურთან ინტერვიუში: [კარპის ხმა] “ჩვენ და რუსეთს გვაქვს საერთო ინტერესი ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლაში. ყველას გვინდა, რომ ავღანეთი სტაბილური ქვეყანა გახდეს, არც მოსკოვს სურს იქ თალიბანის რეჟიმის დაბრუნება, ასე რომ საერთო ინტერესები გვაქვს (...) ბუქარესტში ნატოს სამიტის დროს ხელი მოვაწერეთ რუსეთთან შეთანხმებას რუსეთის ფედერაციის გავლით ტრანზიტზე ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის, რომელიც ავღანეთში გვჭირდება, მაგრამ ეს ორმხრივი შეთანხმება ეხება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას და არა შუა აზიის ქვეყნებს. ამას გარდა, ძალიან ცოტა მასალისა და ლოგისტიკური მხარდაჭერის ტრანპორტირება ხდება რუსეთის ფედერაციის გავლით და უმრავლესობა ქვეყნებისა, რომლებიც მონაწილეობენ ავღანეთში ნატოს მისიაში, თავიანთთვის საჭირო ტვირთების ტრანსპორტირებას ახდენენ სხვა მარშრუტებისა და სხვა ქვეყნების გავლით თუ საჰაერო სივრცით. ამდენად, რუსეთის როლი ლოგისტიკური მხარდაჭერის მხრივ ახლა არც ისე მნიშვნელოვანია”.
XS
SM
MD
LG