Accessibility links

logo-print

რას აშენებენ აფხაზები და რუსები უსაფრთხოების ზოლში – საზღვარს თუ, მასთან ერთად, კედელს?


მას შემდეგ, რაც საქართველომ უარი თქვა რუსეთის სამშვიდობო პროცესზე, მივიღეთ გადაწყვეტილება საზღვრის გამაგრების შესახებო,

- გვითხრა 5 სექტემბერს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ, როცა რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროდან ტელეფონით დავუკავშირდით სოხუმში და ვკითხეთ, მართლა აშენებენ თუ არა აფხაზები და რუსები კედელს აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის.

[სერგეი შამბა] ”კედელს? არა. მიმდინარეობს სასაზღვრო სამუშაოები. ეს კედელი არ არის.”

”სანამ კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ოპერაცია მიმდინარეობდა, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ახლა სხვაგვარად არის საქმე. საქართველომ უარი თქვა რუსეთის სამშვიდობო მისიაზე”, - გვითხრა სერგეი შამბამ და დასძინა, რომ აფხაზეთი ამაგრებს საკუთარ სახელმწიფო საზღვრებს. ამ სამუშაოსთვის ადგილზე შეზიდულია ხე-ტყის მასალა, ბეტონის ფილები, მავთულხლართები. კედელი ჯერ არ არის, თუმცა, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აფხაზები და რუსები კედლისთვის საფუძველს ამზადებენ. ასე ფიქრობს აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელი ზუგდიდის რაიონში, თორნიკე კილანავაც:

[თორნიკე კილანავას ხმა] ”კედელი, როგორც ასეთი, აშენებული არ არის, ჯერ არ დგას. შესაძლოა, კედელი იყოს და ამისთვის აშენებენ ფუნდამენტს.” (სტილი დაცულია)

სამუშაოები ამ ეტაპზე გალის რაიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მიმდინარეობს, თუმცა თორნიკე კილანავა არ გამორიცხავს, აფხაზებმა და რუსებმა საზღვარი ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონების ენგურს გაღმა სოფლების გასწვრივაც გაავლონ. ზუგდიდის რაიონის სოფლებს განმუხურს და ხურჩას, ასევე წალენჯიხის რაიონის სოფლებს - ფახულონს, მუჟავას და ჭალეს - დღემდე აფხაზები და რუსები აკონტროლებენ. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის გასწვრივ, დამატებით 10-15 კილომეტრიან ზოლში,რუსეთის მხარემ სამშვიდობო ჯარისთვის დროებით პატრულირების უფლება მოითხოვა .. შესაბამისი პუნქტი საზავო შეთანხმებაშიც შევიდა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში ეგრეთ წოდებული კონტროლის დროებითი ზონა რაიმე შეთანხმებით არ განსაზღვრულა.

სერგეი შამბას ვკითხეთ, რა მიზნით დგანან რუსები და აფხაზები ენგურსგაღმა ქართულ სოფლებში, რომლებიც ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებს ეკუთვნით.

[სერგეი შამბას ხმა] ”მდინარემ შეიცვალა კალაპოტი და კოდორის ხეობის ქვედა ნაწილი აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე. მაგრამ ეს ტერიტორია იყო პლაცდარმი დივერსიული მოქმედებებისთვის, პრობლემები აქედან გვექმნებოდა. ვლაპარაკობ გალის რაიონის ქვედა ზონაზე, ჭუბურჯინჯზე, ხურჩაზე.”

შეკითხვა: მაგრამ ეს ხომ ზუგდიდის რაიონია?

[სერგეი შამბას ხმა] ”კი, ეკუთვნოდა ზუგდიდის რაიონს და ამაში იყო პრობლემა, ეს სოფლები განლაგებულია ენგურის მარჯვენა სანაპიროზე.”

ეს სოფლები ზუგდიდის რაიონს ეკუთვნოდაო, წარსულ დროში თქვა სერგეი შამბამ. ის იმასაც ამბობს, რომ ამ სოფლებში - ხურჩა, განმუხური, ფახულონი, მუჟავა, ჭალე - ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას ადგილობრივი ადმინისტრაცია იცავს, მათი ადმინისტრაცია. რას იცავს აფხაზური ადმინისტრაცია ზემო აფხაზეთში, საიდანაც გამოიდევნა ადგილობრივი მოსახლეობა?

შეკითხვა : ბაღაფშმა ხელი მოაწერა ზემო აფხაზეთში ნაციონალური პარკის გაშენების ბრძანებას. სად უნდა დაბრუნდეს ადგილობრივი მოსახლეობა, ნაციონალურ პარკში?

[სეგეი შამბას ხმა] ”ნაციონალური პარკი ნიშნავს ბუნების დაცვის ზონას და ადამიანებს არ ეხება. ადამიანები როგორც ცხოვრობდნენ, ისევე იცხოვრებენ. ამის შესახებ ველაპარაკე უმაღლეს კომისარს დევნილების საკითხებში და ვთქვით, რომ ადამიანები დაბრუნდებიან.. ვისაც აქვს აფხაზეთში დაბრუნების და ცხოვრების სურვილი, დაბრუნდება და იცხოვრებს.”

თვითგმოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხოდ დატოვა ჩვენი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს რუსი პოლიტიკოსის ვლადიმირ ჟირინოვსკის ხმამაღალ ნათქვამზე: რუსეთს, რა თქმა უნდა, არ აინტერესებს აფხაზი და ოსი ხალხი, რუსეთს აინტერესებს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც ტერიტორიაო, და ბოლო შეკითხვაზე:” რუსეთის გარდა, კიდევ ვისგან ელის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას”, გვიპასუხა: მკითხაობას ვერ დავიწყებ, ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ვნახავთ, რა იქნებაო.. კედლის შენება კი, როგორც მოვისმინეთ, შამბამ უარყო. ვნახოთ, იქნება თუ არა გალის რაიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის მიმდინარე გაცხარებული სამშენებლო სამუშაოს შედეგი კედელი, პირდაპირი მნიშვნელობით. თუმცა სოხუმის წარმომადგენელთან ჩვენი საუბრისას ისე საგრძნობი იყო კედელი, როგორც აქამდე არასდროს. შეკითხვებმა, რატომ შეიჭრნენ აფხაზები კოდორის ხეობაში, ასევე ზუგდიდის რაიონის სოფლებში, იყო თუ არა ეს თავდასხმა ოკუპაცია, სერგეი შამბა გააღიზიანა..

[სერგეი შამბას ხმა] ”ეს საქართველოს მხარემ დაიწყო. საქართველოს მხარემ შეიყვანა ჯარი კოდორის ხეობაში 2006-ში, რისი უფლებაც არ ჰქონდა. თქვენ არ იცით თემა და ელაპარაკებით მინისტრს. მაშინ ელაპარაკეთ იმას, ვინც თქვენს დონეზე დაგელაპარაკებათ.”

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG