Accessibility links

logo-print

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში დამკვირვებლების გაგზავნაზე შეთანხმდნენ


საფრანგეთის ქალაქ ავინიონში ევროკავშირის საგარეო

საქმეთა მინისტრების საბჭოზე ევროპელი ლიდერები საქართველოში დამკვირვებლების გაგზავნაზე შეთანხმდნენ. ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების ფარგლებში, ევროკავშირი საქართველოში 200 დამკვირვებელს მიავლენს.გავრცელებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე დამკვირვებლები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ განლაგდებიან.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ორდღიანი არაოფიციალური სხდომის დღის წესრიგში მთავარი საკითხი კავკასიაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი იყო. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის, 8 სექტემბერს მოსკოვსა და თბილისში დაგეგმილი ვიზიტის წინ კიდევ ერთხელ შეაჯერეს თავიანთი პოზიციები და მიიღეს გადაწყვეტილება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში განთავსების შესახებ. ამ შეთანხმების ზოგიერთი დეტალი მას შემდეგ დაზუსტდება, რაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდება. მანამდე კი უკვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფორმირება, სავარაუდოდ, 10 დღეში დასრულდება, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში კი საქართველოში განთავსდება. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი მთელ საქართველოზე გავრცელდება. სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი რუპელის თქმით კი, მისიამ ოკუპირებულ ზონებთან უნდა იმუშაოს და, შესაბამისად, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს უკანონო საგუშაგოები. თუმცა, ამ განცხადებების მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა ევროპელი ინსტრუქტორები რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე - განსაკუთრებით კი თვითაღიარებული რესპუბლიკების ტერიტორიებზე - შესვლას. როგორც ექსპერტი ევროპის საკითხებში კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, ევროკავშირს ამ ეტაპზე რუსეთის დაყოლიება გაუჭირდება:

[კახა გოგოლაშვილის ხმა]“რუსეთმა ცალსახად განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლას წყვეტს ამ ქვეყნების, როგორც მათ თქვეს, მთავრობები. და ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ეტაპზე მოხდეს იქ მათი შესვლა. ამას სჭირდება კიდევ დამატებითი დიპლომატიური ზეწოლა რუსეთზე. რა თქმა უნდა, შემდგომ ეტაპზე შესაძლოა საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგება უკვე ამ ტერიტორიებზე. ჯერჯერობით ეს არარეალისტურია.”(სტილი დაცულია)

კახა გოგოლაშვილის აზრით, ამ ეტაპზე ევროკავშირის დამკვირვებლები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განლაგდებიან. ეს იქნება ეგრეთ წოდებული სამოქალაქო მისია, რომელიც დააკვირდება კონფლიქტის ზონებში შექმნილ ვითარებას, განსაკუთრებით, უსაფრთხოების, კრიმინალისა და სამხედრო მიმართულებით. მისია არ იქნება შეიარაღებული და არ ჩაერევა კონფლიქტში:

[კახა გოგოლაშვილის ხმა]“ესენი შეიძლება იყვნენ როგორც სამხედროები, ასევე სამოქალაქო პირები და ასევე პოლიციელები. მაგრამ საქმე იმაშია, რა მანდატი გააჩნიათ მათ. მათ ამ ეტაპზე მანდატი არ ექნებათ იმისა, რომ იარაღით დაიცვან მოსახლეობა ან აიძულონ ვიღაცა იარაღით რაღაცა შეასრულოს. და ისიც არ არის ჯერ ცნობილი, ისინი იმოქმედებენ ეუთოს არსებული დამკვივებელთა მისიის ფარგლებში თუ ცალკე.“ (სტილი დაცულია)

ამბობს კახა გოგოლაშვილი. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაია კი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების ინტერესებშია ევროკავშირისა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიებმა დამოუკიდებლად იმოქმედონ და თავიანთი მანდატის ფარგლებში სრულად უზრუნველყონ დაკისრებული მოვალეობების შესრულება. ეუთოს მისიის დამკვირვებლებს 5 სექტემბერს რუსმა ოკუპანტებმა მხოლოდ კარალეთიდან მეღვრეკისამდე გზატკეცილზე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმართულებით,პატრულირების ნება დართეს. რაც შეეხება ევროკავშირის მონიტორებს, კახა ლომაიას თქმით, მათი პირველი რიგის ამოცანა იქნება, შეაფასონ როგორ სრულდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სარკოზი–მედვედევის ექვსპუნქტიანი შეთანხმება:

[კახა ლომაიას ხმა]“აქედან გამომდინარე, მისიას უნდა ჰქონდეს შეუზღუდავი შეღწევა საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ ნაწილში და, ბუნებრივია, პირველ რიგში, საუბარია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე. იმ უმნიშვნელოვანესი კომპონენტის შესრულების შემდეგ, რომელიც არის ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულება, მისია შეიძლება გარდაიქმნას სამშვიდობო მისიაში ამ რეგიონებში, რომელიც იქნება ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი სამშვიდობო პროცესისა.”(სტილი დაცულია)

კახა ლომაიას განმარტებით, ევროკავშირის სამშვიდობო მისიის საბოლოო მიზანი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა უნდა იყოს. ამის თაობაზე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ავინიონშიც ისაუბრეს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის ინიციატივა, ჩატარდეს აგვისტოს დასაწყისში ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენების საერთაშორისო გამოძიება.


XS
SM
MD
LG