Accessibility links

logo-print

თავდაცვის სამინისტრო სამხედროების მასობრივ დაპატიმრებებს უარყოფს, თუმცა შეკითხვები რჩება


რუსეთთან ხუთდღიანი ომის დასრულების

შემდეგ, ქართულ პრესაში ბოლო ხანს რამდენჯერმე დაიწერა საქართველოს სამხედრო უწყებაში დაწყებული "მასობრივი დაპატიმრებებისა და საკადრო წმენდის" შესახებ. თუმცა თავად თავდაცვის სამინისტრო ამას უარყოფს და აქცენტს ქართველი ჯარისკაცების ვაჟკაცობის მაგალითებზე აკეთებს. რა ხდება სინამდვილეში?
საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჭრილობებს იშუშებს და იხსენებს ცხინვალთან ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ 49 თანამებრძოლს, რომელთა ცხედრებიც ბრძოლის ველზე დარჩა. მათ შორის არის ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მეთაური, კაპიტანი ერეკლე ყულოშვილი. ბრიგადის მეთაურის, მაიორ გიგი კალანდაძის თქმით, ერეკლე ყულოშვილი ცხინვალის მისადგომებთან გმირულად დაიღუპა:

[გიგი კალანდაძე] ”განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ჩვენი საარტილერიო დივიზიონის მეთაურმა ერეკლე ყულოშვილმა, რომელმაც ხეთაგუროვისა და ტყვიავის მხარეს მიგვიყვანა ბოლომდე. ეს იყო ზუსტი საარტილერიო დარტყმები. ზუსტად ის ობიექტები იყო განადგურებული, საიდანაც გვესროდნენ. ანუ ის უზრუნველყოფდა სიზუსტეს, კოორდინატების ზუსტად გადაცემას საარტილერიო ბატარეისთვისა და დივიზიონისთვის. საავიაციო დაბომბვაში დაიღუპა.”
(სტილი დაცულია)

მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურთან ეს ინტერვიუ აგვისტოს ბოლოს ჩავიწერეთ, როდესაც მუხათგვერდის სასაფლაოზე 26 უცნობი ჯარისკაცის ცხედარი დაიკრძალა. ზუსტად იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში ამავე ბრიგადის 42-ე ბატალიონის რამდენიმე მებრძოლი მივიდა, რომლებიც სამხედრო ხელმძღვანელობამ სამსახურიდან დაითხოვა. როგორც სახალხო დამცველის მოადგილემ სოფო ხორგუანმა რადიო ”თავისუფლებას” აუხსნა, სამხედროები ამტკიცებდნენ, რომ მათ მიმართ წაყენებული ბრალდება უსამართლოა:

[სოფო ხორგუანი] ”სულ 34 ადამიანი იყო. ისინი აღნიშნავდნენ, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს იმყოფებოდნენ შიდა ქართლის ტერიტორიაზე და მონაწილეობდნენ ამ საბრძოლო მოქმედებაში. და შემდეგ აღნიშნავდნენ, რომ, განვითარებული მოვლენების შედეგად, როდესაც ინტენსიური დაბომბვა დაწყო, ისინი, ჯარისკაცები, გაიფანტნენ და ბაზაზე დაბრუნდნენ - ზოგი 2, ზოგი 3 დღის შემდეგ. და დაბრუნების შემდეგ ისინი დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან და განუცხადეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება მათი დეზერტირობის ფაქტთან დაკავშირებით.”(სტილი დაცულია)

სახალხო დამცველის ოფისმა შესაბამისი შეკითხვით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ჯარისკაცების ბედის თაობაზე განმარტებას ელოდება. ასეთივე საჩივრით მიმართა 5 დღიანი ომის დასრულების შემდეგ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ არასამთავრობო ორგანიზაციას ”სამართალი და თავისუფლება.” როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა უთხრა რადიო ”თავისუფლებას”, თავდაცვის სამინისტრომ ოპერატიულად მოახდინა რეაგირება ამ საჩივრებზე და გაუგებრობასაც წერტილი დაესვა:

[ირაკლი სესიაშვილი] ”ჩვენს ორგანიზაციას მიმართა არაერთმა სამხედრო მოსამსახურემ. მათთან საუბრისას გაირკვა, რომ, ჩემი აზრით, იყო ძალიან დიდი გაუგებრობა. ამიტომ ჩავთვალე მიზანშეწონილად, რომ საქმის კურსში ჩამეყენებინა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა. მივმართე მათ. ხელმძღვანელობა სიტუაციაში გაერკვა ( მადლობა ღმერთს, რომ ასეთი დიალოგი შედგა!) და, შესაბამისად, ეს სამხედრო მოსამსახურეები დაბრუნებულები იქნენ სამხედრო სამსახურში.”(სტილი დაცულია)

თუმცა ქართულ პრესაში კვლავ ჩნდება ახალ-ახალი ინფორმაციები, რომელთა ავტორები - პოლიტიკოსები და სამხედრო ექსპერტები - აცხადებენ, რომ დეზერტირობისა და თანამდებობრივი გულგრილობის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის, რამდენიმე უფროს ოფიცერზეც. ეს მოარული ხმები დაადასტურა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში სერიოზულმა საკადრო ცვლილებებმა, რაც ამ დღეებში სასწრაფო წესით განხორციელდა. გასულ კვირაში თანამდებობები დატოვეს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, სახმელეთო ჯარების სარდალმა, კადრების დეპარტამენტისა და კავშირგაბმულობის ჯარების უფროსმა.

სწრაფმა საკადრო ცვლილებებმა სამხედრო უწყებაში გააჩინა აზრი, რომ თავდაცვის სამინისტრო გახდა განტევების ვაცი რუსეთთან 5 დღიან ომში მარცხის გამო. დამოუკიდებელმა სამხედრო ექსპერტმა, ბუნდესვერის აკადემიის კურსდამთავრებულმა გიორგი თავდგირიძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ის, რაც სამხედრო უწყებაში ხდება, შეიძლება დახასიათდეს როგორც ”მეისრეების დასჯა”:

[გიორგი თავდგირიძე] ”მე კვლავ ვხედავ, რომ იპოვეს ”დაბალი ღობე”, რომელზეც ცდილობენ ხელის შეწმენდას. სამწუხაროდ, აქ მხოლოდ სამხედროები აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ არ დასჯილან პოლიტიკური ფიგურები, ანუ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აქ კვლავ არის მცდელობა რამდენიმე სამხედროს შეაწმინდონ ხელი და მოსახლეობას აჩვენონ, რომ, აი, ამ სამხედროების ბრალია, რომ იყო შეცდომები და არა ჩვენი.”(სტილი დაცულია)

კვირის ბოლოს სამხედრო უწყებაში მომხდარ საკადრო ცვლილებებზე რადიო ”თავისუფლებამ” კომენტარი სთხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ბათუ ქუთელიას. სამხედრო უწყების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საკადრო ცვლილების მიზანი შეიარაღებული ძალების მართვის გაუმჯობესებაა. თუმცა ქუთელიას არც ის დაუმალავს, რომ ზოგიერთი მაღალი რანგის ოფიცერი, ბრძოლის ველზე გამოვლენილი უუნარობისათვის, სამუდამოდ დაემშვიდობება სამხედრო კარიერას:

[ბათუ ქუთელია] ”ის ხალხი, ვინც თავი გამოიჩინა არა მარტო თავისი პროფესიონალობით, არამედ ლიდერის თვისებებით და კრიზისულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნართ, ისინი დაწინაურდნენ. ის, ვინც ასეთ პირობებში ვერ გაართვა თავი მოვალეობას, ზოგი ან დაქვეითდა, ან საერთოდ დაემშვიდობა სამსახურს. ასევე, იყო ისეთი ხალხი, ვინც თავისი სამუშაო პირნათლად შეასრულა, ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი. და მათი სამუშაო დაწინაურებისათვის, ვთვლით, რომ კარგი არის, თუ დამატებით განათლებას მიიღებენ, რათა - უკვე შემდგომში - უფრო მაღალი თანამდებობები დაიკავონ.” (სტილი დაცულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ბათუ ქუთელიას რადიო ”თავისუფლებამ” ჰკითხა აგრეთვე, აღძრულია თუ არა სამშობლოს ღალატის ან დეზერტირობის მუხლით სისხლის სამართლის საქმეები სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, ხორციელდება თუ არა მათი სამართლებრივი დევნა. ქუთელიამ მედიით გავრცელებულ ამგვარ ცნობებს უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ უწყების შიგნით მიმდინარეობს მხოლოდ ცალკეული სამხედრო პირების მოქმედების შესწავლა და გაანალიზება:


[ბათუ ქუთელია] ”ყველა ის ინფორმაცია, რაც პრესაში ქვეყნდება, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. რაც შეეხება დევნას, იქნება ეს სისხლის სამართლებრივი თუ დისციპლინური, იმდენად რამდენადაც ეს უფრო დიდხნიანი პროცესი არის, რომელსაც სჭირდება გამოძიება, რაღაც დეტალების დადგენა და შემდეგ შეიძლება ასეთი რამე მოხდეს. ამჟამად ასეთი რამ არ მიმდინარეობს. მიმდინარეობს მხოლოდ მუშაობა, შესწავლა და გაანალიზება. და სხვა სახის შედეგებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ხოლო ეს პირველი, რაც იყო, რაც პირველადი ანალიზის შედეგად გამოვლინდა, თუ სამსახურებრივ მდგომარეობას ვინ როგორ გაართვა თავი.” (სტილი დაცულია)

დაბოლოს, რადიო ”თავისუფლება” ასევე შეეცადა გაერკვია, რა ბედი ეწია ქართული სამშვიდობო ძალების ყოფილ სარდალს, გენერალ მამუკა ყურაშვილს, რომელზეც ცხინვალთან საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები იბეჭდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალი ყურაშვილი მძიმედ დაჭრილი არ არის და თავს კარგად გრძნობს. თუმცა რუსეთის ოკუპაციის შემდეგ კონფლიქტის ზონაში შეცვლილი ვითარების გამო, საქართველოს სამხედრო უწყებაში გაუქმდება ქართული სამშვიდობო ძალების სარდლის პოსტი და გენერალ ყურაშვილს ან სხვა თანამდებობაზე, ანდა ”კადრების განკარგულებაში” ვიხილავთ.
XS
SM
MD
LG