Accessibility links

logo-print

დასავლეთის პრესაში კვლავინდებურად ცენტრალურ თემად რჩება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საქართველოში


დასავლეთის პრესაში კვლავინდებურად ცენტრალურ თემად რჩება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საქართველოში

და ამ ინტერვენაციასთან დაკავშირებული თემები.

“თავსატეხი სააკაშვილის გამო” - ასეა დასათაურებული “ვაშინგტონ პოსტის” დღევანდელ ნომერში დაბეჭდილი სტატია. მისი თემაა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი მას შემდეგ, რაც რუსეთმა ცალსახად გამოხატა თავისი შეურიგებელი პოზიცია (მედვედევმა ქართველ კოლეგას “პოლიტიკური გვამი” უწოდა), ხოლო შეერთებულმა შტატებმა არნაკლებ მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება სააკაშვილის ხელისუფლებისთვის მილიარდდოლარიანი დახმარების გამოყოფით.

ერთი ციტატა ვაშინგტონ პოსტის სტატიიდან, რომლის ავტორიცაა ჯეკსონ დილი: “შეერთებული შტატებისთვის გაცილებით უფრო იოლი იქნებოდა საქართველოსა და მისი დემოკრატიის დაცვა, თვით სააკაშვილის დაცვა რომ არ უწევდეს. მაგრამ მედიასთან ურთიერთობაში დახელოვნებულმა სააკაშვილმა წელს ადვილად გაიმარჯვა მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში და ამ პოსტზე 2013 წლამდე დარჩება. თუ რუსეთმა გამარჯვება მოიპოვა მისი პოსტიდან გაძევების მცდელობაში, ეს გაანადგურებდა საქართველოს პოლიტიკურ სისტემას. სააკაშვილზე პუტინისა და დმიტრი მედვედევის უხეშმა საჯარო სიტყვიერმა თავდასხმებმა - მედვედევმა ის “შეშლილად” და “არამზადად” მოიხსენია - ხელი შეიწყო სააკაშვილის პოზიციის გაძლიერებას ვაშინგტონსა და თბილისში”.

საქართველოსადმი შეერთებული შტატების ფინანსურ დახმარებას ეხება ცნობილი ჟურნალისტის, “ნიუ-იორკ ტაიმსის” მიმოხილველ თომას ფრიდმენის სტატია, რომლის სათაურსაც ის ერთ ცნობილ სიმღერას დაესესხა - “Georgia On My Mind”. “ერთი მილიარდი დოლარის დახარჯვა იმ ქვეყნის აღსადგენად, რომლის პრეზიდენტმაც - თუნდაც დემოკრატმა - წინდაუხედავი მოქმედებით მოახდინა ომის პროვიცირება სასტიკ რუსეთთან - უაზრობად მეჩვენება. კი, რუსეთზე უნდა მოვახდინოთ დიპლომატიური ზეწოლა, სანამ საქართველოდან თავის ჯარებს გაიყვანს: მეზობელ ქვეყნებში ინტერვენციის უფლება არავისა აქვს. მაგრამ სადაა ჩვენი პრიორიტეტები? ერთდროულად რამდენი ომის წარმოება შეგვიძლია? ერაყი, ირანი, ავღანეთი, პაკისტანი და ახლა საქართველო. რომელია პრიორიტეტული? მაშინ, როცა ამერეკელები იპოთეკური სესხების გასასტუმრებლად იბრძვიან, ჩვენ მილიარდ დოლარს ვაგზავნით ქვეყანაში (რომლის პრეზიდენტიც უპასუხისმგებლოდ მოიქცა), მარტო იმისათვის, რომ ვლადიმირ პუტინი გავაჯავროთ”.

შვეიცარიის გაზეთ “ნოიე ციურხერ ცაიტუნგში” დაბეჭილი სტატიის თემაა ევროკავშირის ლიდერების ძალისხმევა, რუსეთი დაიყოლიონ ხელმოწერილი 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესრულებაზე. მოსკოვში ევროკავშირის ლიდერების დელეგაციის ამოცანას, სტატიის ავტორის შეფასებით, ართულებს ის გარემოება, რომ ფრანგებმა - შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებულ ფაცი-ფუცში - შეცდომა დაუშვეს თარგმანში. ამით ასაბუთებს კრემლი უფლებას, არა მარტო საქართველოს სეპარატისტულ რეგიონების გასწვრივ დატოვოს ბუფერული ზონები, არამედ იქონიოს საგუშაგოებიც საქართველოს ტერიტორიაზე სეპარატისტული რეგიონებიდან მოშორებით.
XS
SM
MD
LG