Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული სამხედრო თვითმფრინავები საქართველოს ცაში დანავარდობენ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავის რეიდს საქართველოს საჰაერო სივრცეში.








ქართულმა რადარებმა რუსული საფრენი აპარატები 7 სექტემბრის გვიან ღამით ცხინვალისა და შატილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს. სამხედრო თვითმფრინავებს ამჯერად საავიაციო ბომბები არ ჩამოუყრიათ, თუმცა საქართველოს საჰაერო სივრცეში მათ დაუპატიჟებელ სტუმრობას დიდი ხმაური მოჰყვა. რამ განაპირობა მორიგი საჰაერო ინციდენტი?

რუსული სამხედრო ავიაცია, როგორც წესი, საქართველოს საჰაერო სივრცეს ორი მიზეზით არღვევს: ან ბომბავს სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ობიექტებს და დასახლებულ პუნქტებს, როგორც ეს 5 დღიანი ომის დროს ხდებოდა, ან აწარმოებს დაზვერვით სამუშაოებს მოწინააღმდეგის სამხედრო სამზადისისა და ჩანაფიქრის დასადგენად. 7 სექტემბრის ღამით რუსეთის სამხედრო ავიაციის მოქმედებას საქართველოს საჰაერო სივრცეში სწორედ სადაზვერვო მიზნები განაპირობებდა. ამაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ფარგლებში 45 წუთის განმავლობაში ტრიალებდა. ეს კი საკმარისი დროა იმისათვის, რომ რუსულ ავიაციას რადიოლოკაციური და რადიოელექტრონული დაზვერვა ეწარმოებინა მთელი საქართველოს მასშტაბით, განაცხადა სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა 2004-2005 წლებში, ამირან სალუქვაძემ, რადიო ”თავისუფლებასთან” ინტერვიუში:

[ამირან სალუქვაძე] ”დღეს თანამედროვე საფრენ აპარატებზე - როგორც სადაზვერვო, ასევე სტრატეგიულ ბომბდამშენებზე - დამონტაჟებული არის დაზვერვის სხვადასხვა ტიპის საშუალებები - როგორც რადიოლოკაციური, ისე რადიოტექნიკური დაზვერვის ინფრაწითელი, ლაზერული სისტემები და ასე შემდეგ. 435 წუთის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის მიზანი ღამით თავისთავდ იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ სადაზვერვო მისია.”(სტილი დაცულია)


რუსული სამხედრო ავიაციის ღამის მანევრსაც აქვს გამართლება. მას შემდეგ, რაც 5 დღიან ომში საქართველოს საჰაერო ძალებმა რამდენიმე რუსული სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურეს, ღამით ფრენები რუსი პილოტებისათვის უფრო უხიფათოა. ამირან სალუქვაძის თქმით, რუსეთის გენერალურ შტაბს განსაკუთრებით აინტერესებს ცნობები საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ნაწილების დისლოკაციის შესახებ. რუსმა სამხედროებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოს არმია შესაძლოა ამზადებდეს სამხედრო პროვოკაციას ე.წ. ბუფერულ ზონებში განლაგებული საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ:

[ამირან სალუქვაძე] ”ეს იქნება კოლონების გადაადგილება, ცოცხალი ძალის გადაადგილება და ასე შემდეგ. ეს ერთი. და მეორეც, ისევ და ისევ ძალის დემონსტრირება როგორც ჩვენთვის, ისე დასავლეთისთვის, რომ ეს არის რუსეთის კონტროლის ზონა.”(სტილი დაცულია)

თანაც ძალის დემონსტრირებას რუსეთი ხმელეთზეც განაგრძობს. ამაზე მეტყველებს დამატებითი საბრძოლო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შეყვანა ფოთში, ნაბადას ტერიტორიაზე და სამუშაოები უკანონო ბლოკ-საგუშაგოების გასაძლიერებლად თითქმის ყველა ე.წ. ბუფერულ ზონაში. თუმცა რუსეთის მოქმედება, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ძნელად ექვემდებარება განჭვრეტას. არ არის გამორიცხული, როცა ბლოკ-საგუშაგოები ძლიერდება, ზუსტად მაშინ გეგმავდნენ რუსი გენერლები სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გაყვანას. ასე მოხდა 22 აგვისტოს, როცა გორის სოფლებში თავმოყრილი ჯავშანმანქანებისა და ტანკების კოლონამ იგოეთისკენ აიღო გეზი და შემდეგ მთელი ეს არმადა უკან, ცხინვალისკენ გაბრუნდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG