Accessibility links

logo-print

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ქართველების ეთნოწმენდის პროცესის შეჩერებაზე მსჯელობს


ნიდერლანდის ქალაქ ჰააგაში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ქართველების ეთნოწმენდის პროცესის სასწრაფოდ შეჩერებაზე მსჯელობს.

3-დღიანი ზეპირი მოსმენა მას შემდეგ დაინიშნა, რაც ქართულმა მხარემ ჰააგის სასამართლოს, რუსეთის სასტიკი აგრესიის შესაჩერებლად, წინასწარი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა. პარალელურად, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შესულია სარჩელი, რომელიც რუსეთის მხრიდან სეპარატიზმის წახალისებისა და ქართველების ეთნიკური წმენდის დადასტურებას ისახავს მიზნად. რა მოლოდინი უკავშირდება ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას?

ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, რომელსაც მსოფლიო სასამართლოსაც უწოდებენ, 3-დღიანი საგანგებო მოსმენა 8 სექტემბერს ქართული მხარის გამოსვლით დაიწყო. რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე 3 საათის მანძილზე ჯერ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი საუბრობდა, ხოლო შემდეგ - საქართველოს მხარის უცხოელი ადვოკატები. შთაბეჭდილებებით კმაყოფილია საქართველოს იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია, რომელსაც რადიო ”თავისუფლება” ჰააგაში დაუკავშირდა:

(ნიკა გვარამიას ხმა) ”ვფიქრობ, რომ ჩაიარა ყველაფერმა ძალიან კარგად. იყო ძალიან შთამბეჭდავი, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლეზე აგება პოზიციისა არის გაცილებით უფრო ადვილი და, გარდა ამისა, ასევე იმის გამო, რომ ძალიან სერიოზული პროფესიონალები იცავენ ჩვენს პოზიციებს. ესენი არიან ჩვენი უცხოელი ადვოკატები, რომლებიც არიან ვარსკვლავები საერთაშორისო სამართლის. და მე ვიმედოვნებ, რომ ეს კარგ რეზულტატებს მოიტანს.” (სტილი დაცულია)

მთავარი რეზულტატი, რასაც ქართული მხარე ჰააგაში მიმდინარე 3-დღიანი მოსმენისგან მოელის, რუსეთის მიერ ქართველების ეთნიკური ნიშნით დევნის სასწრაფო შეჩერებაა. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არ არის საქართველოს მიერ შეტანილი სარჩელის არსებითი განხილვა. ეს გახლავთ მსჯელობა წინასწარი ღონისძიების დაწესების იმ მოთხოვნის გარშემო, რომლითაც საქართველოს მხარემ მიმართა ჰააგის სასამართლოს. რუსეთის ქმედებებს ”რასობრივი დისკრიმინაციის უკიდურეს ფორმას” უწოდებს საქართველოს მხარის ინტერესების უცხოელი დამცველი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ცნობილი ექსპერტი ჯეიმს კროუფორდი. მისი თქმით, ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს - ”ხოცავდნენ მშვიდობიან ადამიანებს, წვავდნენ სახლებს, იტაცებდნენ კერძო საკუთრებას და საკუთარი სახლებიდან აძევებდნენ ადამიანებს. ეს პროცესი, თავისი მასშტაბით, აღემატება 1991-92 წლების სამოქალაქო ომის ყველაზე ბნელ ეპიზოდებს, ” - აღნიშნავს კროუფორდი.

დავუბრუნდეთ წინასწარი ღონისძიების მოთხოვნას, რაც გადაუდებელი აუცილებლობით არის განპირობებული, რადგანაც ქართველების ეთნოწმენდის პროცესის შეჩერებისთვის ყოველი დღე გადამწყვეტია:

(ნიკა გვარამიას ხმა) ”ჩვენ მივიჩნევთ, რომ არის გადაუდებელი საჭიროება... ამ წუთებში, როცა ჩვენ აქ ვიმყოფებით, იქ ეთნიკური წმენდა გრძელდება - მათ შორის, არა მხოლოდ კონფლიქტის ზონის სოფლებში, არამედ გორის რაიონის სოფლებში, ქარელის რაიონის სოფლებში, ქართულ სოფლებში, რომლებიც ესაზღვრება კონფლიქტურ ზონებს. ასევე, ბუნებრივია, კონფლიქტური ზონის ქართულ სოფლებში, მათ შორის - გალის რაიონშიც, ზემო აფხაზეთშიც და ასე შემდეგ, ეთნიკური წმენდა გრძელდება ყოველწუთიერად, ქართული მოსახლეობა იქიდან არის გამოდევნილი. ბუნებრივია, ამაზე პასუხისმგებლობა აქვს რუსეთის ფედერაციას, იმიტომ რომ ისინი ფლობენ იქ ეფექტური კონტროლის მექანიზმებს.” (სტილი დაცულია)

პასუხისმგებლობას, რომელიც იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ ახსენა, სრულ იგნორირებას უკეთებს მოსკოვი. რუსეთის დელეგაციას ჰააგის სასამართლომ სიტყვა 8 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, მისცა. ხოლო ვიდრე მოსმენა დაიწყებოდა, რუსეთის ელჩმა ნიდერლანდში კირილ გევორქიანმა საქართველოს ბრალდებებს ”სისულელე” უწოდა და თქვა, რომ ეს თავად საქართველო ახდენს აფხაზებისა და ოსების დისკრიმინაციას.

რუსეთის ელჩის კონტაქტი მხოლოდ ”შემთხვევითი შეხვედრებით” შემოიფარგლება ქართველ კოლეგასთან, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ნიდერლანდის სამეფოში მაია ფანჯიკიძესთან. ჰააგაში მოსმენის დაწყებამდე გევორქიანი საქართველოს პოზიციით საერთოდ არ დაინტერესებულა. არადა, მაია ფანჯიკიძეს, როგორც პროცესში აქტიურად ჩართულ პირს, მისთვის ბევრი რამის ახსნა შეეძლო. ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სარჩელი სწორედ ფანჯიკიძის ხელმოწერით შევიდა:

(მაია ფანჯიკიძის ხმა) ”საელჩო არის მთავარი რგოლი კომუნიკაციისა. შესაბამისად, ყველა დოკუმენტაცია მოდის სასამართლოდან ჩვენთან. საქართველოდანაც მოდის ჩვენთან და ჩვენ მიერ იგზავნება ხოლმე ერთ თუ მეორე მხარეს.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება პროცედურას, რუსეთის პოზიციაზე პასუხის გასაცემად ქართულ მხარეს საათ-ნახევარი 9 სექტემბერს მიეცემა. 10 სექტემბერს კი, ამავე ხანგრძლივობით, კვლავ რუსეთის დელეგაციას მოუსმენენ. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 2-3 კვირა დასჭირდება.


XS
SM
MD
LG