Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის უმაღლესი რანგის დელეგაციის გუშინდელ ვიზიტებს მოსკოვსა და თბილისში, როგორც


ევროკავშირის უმაღლესი რანგის დელეგაციის გუშინდელ ვიზიტებს მოსკოვსა და თბილისში, როგორც მოსალოდნელი იყო, ფართო გამოხმაურება მოჰყვა დასავლეთის პრესაში.

წამყვანი გაზეთები მკითხველს აცნობენ რუსეთთან ჯარების გაყვანაზე მიღწეული შეთანხმების ცალკეულ პუნქტებს, მოსკოვსა და თბილისში ევროკავშირის დელეგაციის მოგზაურობის დეტალებს. ამ დეტალებს შორის არის შეკითხვა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის დაუსვეს რუსეთის მხარის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებასთან დაკავშირებით - შეიძლება ითქვას, რომ ევროპა ფაქტობრივად შეეგუა რუსეთის მიერ საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებასო? როგორც გაზეთ “ვაშინგტონ პოსტში” ვკითხულობთ, სარკოზი აშკარად გააჯავრა ამ შეკითხვამ: ამ საკითხს დავუბრუნდებით 15ტ ოქტომბერს, მოლაპარაკებაზე ჟენევაშიო, თქვა მან.

“რუსეთზე არ იყო დამოკიდებული საქართველოს საზღვრების დადგენა, - თქვა სარკოზიმ - რუსებს რაც სურთ, იმას იტყვიან. ჩვენ ვგმობთ რუსეთის პოზიციას”, - ვკითხულობთ სტატიაში, რომელსაც სარკოზისა და ევროკავშირის დელეგაციის დანარჩენი წევრების გუშინდელი მოგზაურობის შედეგებზე აქვეყნებს “ვაშინგტონ პოსტი”. ამ გაზეთს კიდევ დავუბრუნდებით.

ახლა კი თემას ვაგრძელებთ: რას აუწყებენ მკითხველს დასავლეთის გაზეთები მოსკოვსა და თბილისში ევროკავშირის ლიდერების მოგზაურობაზე. შვეიცარიის კონსერვატიული “ნოიე ციურხერ ცაიტუნგი წერს: “მედვედევმა (ევროკავშირის დელეგაციასთან) მისალმებისთანავე აღნიშნა, რომ ვითარება სარკოზისთან ბოლო შეხვედრის შემდეგ ძირეულადაა შეცვლილი. რუსეთმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, ფაქტის წინაშე დააყენა მსოფლიო, ვიდრე საერთოდ დაიწყებოდა სარკოზისთან შეთანხმებული გეგმის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოლაპარაკება. ეს, ისევე როგორც რუსეთის რწმენა, რომ პირნათლად შეასრულა 12 აგვისტოს შეთანხმება, წინასწარვე მიუთითებდა გუშინდელი მოლაპარაკების სავარაუდო სირთულეზე. მოლაპარაკებამ დაგეგმილზე სამი საათით უფრო დიდხანს გასტანა და ვერაფერი შეცვალა იმ თვალსაზრისით, რომ მხარეები კვლავაც სხვადასხვაგვარად აფასებენ მოვლენებს. ეს პრეს-კონფერენციამ ცხადჰყო,” წერს “ნოიუ ციურხერ ცაიტუნგი”.

ლონდონის ყოველდღიური “დეილი ტელეგრაფი” კი აქვეყნებს კომენტარს სათაურით “ბრიტანეთმა რუსეთის საკითხი მარტო პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის არ უნდა მიანდოს”, კომენტარის ავტორიც შეფასებით, იმის გამო, რომ მოსკოვში სარკოზის წინა მოლაპარაკების შემდეგ რუსეთმა მასთან შეთანხმების პირობები არ შეასრულა და იმის გამოც, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის საგარეო-პოლიტიკური ინტერესები აუცილებელი არ არის, ემთხვეოდეს ბრიტანეთისას.

ევროკავშირის პერსპექტივიდან, ვკითხულობთ სტატიაში, რუსეთთან მოლაპარაკებების მთავარი მიზანი არის არ იმდენად საქართველოს საკითხის მოგვარება, რამდენადაც დამაჯერებლობის მოპოვება საერთაშორისო შუამავლის რანგში. არადა, არმიის, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების გარეშე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას არასოდეს მოეკიდებიან აგრესოერები სერიოზულადო, წერს “დეილი ტელეგრაფი” და განაგრძობს: “მსოფლიო დაუბრუნდა სახელმწიფოთა შორის დაპირისპირებას მე-19 საუკუნის სტილში, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები ხელს ვერ უშლიან. რისკის გამო, რომ რუსეთი თავის ნებას მომავალში თავს მოახვევს სხვა მეზობლებსაც, მაგალითად უკრაინას, არ შეიძლება ვიყოთ მხოლოდ არაეფექტიანი ორგანიზაციების იმედად. ნაცვლად ამისა, საჭიროა პოლიტიკოსებმა აქ და შეერთებულ შტატებში გააცნობიერონ ჩვენი ეროვნული ინტერესები და მკაცრი კურსით დაუპირისპირდნენ რუსეთის ექსპანსიონიზმს, რომელსაც რბილი რეაქცია კი არა, ძალა შეაჩერებს”.

ბოლოს კი ისევ “ვაშინგტონ პოსტს” ვუბრუნდებით: სტატიას, რომლის ავტორიც, დევიდ იგნაციუსი, საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერას აანალიზებს. “სამოქალაქო სფეროში მხარდაჭერაზე ფოკუსირებით, ვაშინგტონის ადმინისტრაცია რამდენიმე სიგნალს აგზავნის: ის ევროპელებს არწმუნებს, რომ არ აპირებს საქართველოს კრიზისის მილიტარიზებასა და მის გადაქცევას ამერიკა-რუსეთის კონფრონტაციად; იმავდროულად სააკაშვილს მოუწოდებს სიფრთხილისაკენ და მოსკოვის წინააღმდეგ მორიგ, თვითგამანადგურებელ პროვოკაციებზე თავის შეკავებისაკენ. ბუში, როგორც ამბობენ, სააკაშვილს უგზავნის სიგნალს: “ჩვენ შენთანა ვართ, სერიოზულად ვეკიდებით შენს გადარჩენასა და ინტერესებს. მაგრამ ჭკვიანურად მოიქეცი, რუსეთს საბაბს ნუ მისცემო”. სტატიის ავტორი დაწვრილებით წერს ასევე “დიდ ეკონომიკურ საფასურზე”, რადაც რუსეთს დაუჯდა ბოლო კვირების სამხედრო მოქმედება.

დასავლეთის პრესაში აშუქებენ ასევე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში დაწყებულ განხილვას, რომლის საგანიცაა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ შეტანილი სარჩელი, დაკავშირებული ეთნიკურ წმენდასთან საქართველოს ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG