Accessibility links

logo-print

თურქეთის პრეზიდენტი: “სომხეთში ვიზიტი ხელს შეუწყობს სტაბილურობას მთელს რეგიონში”


6 სექტემბერს სომხეთში გაიმართა ვიზიტი, რომელსაც “ისტორიულს” უწოდებენ: სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანას ეწვია მეზობელი თურქეთის პრეზიდენტი,

აბდულ გიული. ის და მისი მასპინძელი, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი, ერთად დაესწრნენ ორი ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო გუნდების მატჩსა და გამართეს, როგორც იუწყებიან, საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა.

“სომხეთში ვიზიტი ხელს შეუწყობს სტაბილურობას მთელს რეგიონშიო” - ეს შეფასება თურქეთის პრეზიდენტმა გამოთქვა ჩვენი რადიოს აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტთან ინტერვიუში.

სომხეთსა და თურქეთს შორის განხეთქილება სუფევს თურქეთში პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ასიათასობით სომხის დახოცვის გამო, რასაც სომხები “გენოციდად” მიიჩნევენ. განხეთქილებას იწვევს მთიანი ყარაბაღიც - აზერბაიჯანში შემავალი, დე-ფაქტო ეთნიკური სომხების მიერ მართული რეგიონი, რომლის ოკუპირებაშიც თურქეთი სომხეთს ადანაშაულებს.

ამ განხეთქილებების ფონზე, როცა ორ ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვს, ბუნებრივია, რომ ეპითეტი “ისტორიული” დაიმსახურა სომხეთში თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულის ვიზიტმა. პრეზიდენტი ცდილობს - როგორც მან ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგა მაის ალიზადესთან ინტერვიუში განაცხადა - ხელი შეუწყოს ურთიერთობის გაუმჯობესებას. [გიულის ხმა] “ჩვენ მენტალიტეტი უნდა შევიცვალოთ. მშვიდობა და სტაბილურობა ყველას ინტერესებს არგებს. მაგრამ მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად საჭიროა კონფლიქტის მოგვარება. თურქეთსა და სომხეთს შორის პრობლემები და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პრობლემები მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობის საკითხები როდია. ეს არის პრობლემები მთელი რეგიონისთვის”.

იქვე პრეზიდენტმა გიულმა დაადასტურა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის მიმართ თურქეთის მხარდაჭერა. [გიულის ხმა] “მხარს ვუჭერთ შეხვედრებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. მაგრამ ისიც მართალია, რომ ეუთოს “მინსკის ჯგუფი” 17 წლის წინ შეიქმნა და დღემდე ვერ შეძლო, მიეღწია მნიშვნელოვანი შედეგებისთვის. ახლა კავკასიაში ვითარება შეცვლილია და ჩვენც მივმართავთ ძალისხმევას, ჩვენც ვდგამთ ნაბიჯებს. და ეს, ღვთის შემწეობით, შედეგებს მოიტანს. თუ შედეგებს მივიღებთ, ეს ყველას ძალიან გაგვახარებს”.

კავკასიაში სტაბილურობის პირბებში, განაგრძობს გიული, ავტომატურად გახდება შესაძლებელი ენერგეტიკასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარებაც. ეს ეხება, მაგალითად, თურქეთის გავლით რუსეთის გაზის ტრანსპორტირების პერსპექტივას. პრეზიდენტ აბდულა გიულის თქმით, დადგება დრო, როცა ამჟამად არსებული მარშრუტები საკმარისი აღარ იქნება.

ზოგადად, თურქეთი რეგიონში ბოლოხანს უფრო აქტიური როლის შესრულებისაკენ მიისწრაფვის. საქართველოში რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 14 აგვისტოს სტუმრობისას, პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიმ ერდოანმა (როცა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და პირობა დადო, რომ თურქეთი ხელს შეუწყობს გორის აღდგენას) ახსენა ახალი რეგიონული ინიციტივაც. პრეზიდენტ აბდულა გიულის განცხადებით, გეგმა ითვალისწინებს კავკასიაში სტაბილურობისა და თანამშრომლობის პაქტს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის, აგრეთვე რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით. აბდულა გიულის მასპინძლის, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის შეფასებით, ამ გეგმის განხორციელება ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მასზე მსჯელობა მაინც ღირს...

ხვალ თურქეთის პრეზიდენტს ბაქოში მოელიან.
XS
SM
MD
LG